ახალი კვლევა იარაღის კონტროლის შესახებ

იარაღის გაყიდვებზე კონტროლის გამკაცრების საკითხი ამერიკელებისთვის მეტად აქტუალური ხდება

Your browser doesn’t support HTML5

იარაღის კონტროლი

ახლახან ვაშინგტონის ქუჩებში ათასობით ადამიანმა მარშით ჩაიარა. ისინი ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ძალადობის მზარდ ფაქტებს აპროტესტებდნენ. სულ ერთი კვირით ადრე იარაღის მფლობელებმა „იარაღის პატივისცემის დღე“ მოაწყვეს. საგანგებოდ გამართულ გამოფენებზე უამრავმა იარაღის გადამყიდველმა თუ უბრალოდ მოყვარულმა მოიყარა თავი.

გასული წლის დეკემბერში სენდი ჰუკის დაწყებით სკოლაში მომხდარი ტრაგიკული ფაქტის შემდეგ, რომელშიც მცირეწლოვანი ბავშვებიც დაიღუპნენ, ამერიკაში იარაღის კონტროლის შესახებ დებატები არ წყდება. აზრთა სხვადასხვაობაა არამარტო იმის შესახებ, თუ რა სახის იარაღი უნდა შეიზღუდოს, არამედ საერთოდ საჭიროა თუ არა საკანონმდებლო ცვლილება და რამდენად გააუმჯობესებს ის ძალადობის მაჩვენებელს ქვეყანაში.

ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტში ჩატარებული ახალი კვლევის ერთ-ერთი ავტორი, კოლინ ბერი აღნიშნავს, რომ გამოკითხვებმა ძალზე საინტერესო შედეგები აჩვენა. დასტურდება, რომ ამერიკელთა საზოგადოებრივი აზრი არც ისე გაყოფილია, როგორც ამას დღესდღეობით მედია აშუქებს.


კვლევამ აჩვენა, რომ იარაღის მფლობელები, თუ არამფლობელები ერთნაირი შეხედულების არიან მთელ რიგ საკითხებზე, რომელიც იარაღის კონტროლს და მის საშიში ადამიანებისგან დაცვას შეეხება. განსაკუთრებით ეს ეხება ნასამართლევ და შინაპატიმრობაში მყოფებს, რომელთაც ორი ან მეტი ნასამართლეობა აქვთ, ნარკოტიკების მომხმარებლებს, ტერორისტებს და ფსიქიურად არასტაბილურ პირებს“ - აღნიშნავს პროფესორი ბერი.

თავად იარაღის მფლობელებს შორისაც კი, რომლებიც როგორც წესი, შეზღუდვების ყველაზე აგრესიული ოპონენტები არიან, 74 პროცენტი იარაღის მყიდველთა კრიმინალური წარსულის უფრო გულდასმით გამოძიებას და მოთხოვნების გამკაცრებას ემხრობა. თუმცა, მკვლევარი იმასაც უსვამს ხაზს, რომ ამ თემაზე სამთავრობო ჯანდაცვის სააგენტოების მიერ ჩატარებული სამეცნიერო კვლევების სიმცირე შეინიშნება. მიზეზი კი ის არის, რომ ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ძალადობის შემცირების შესახებ კვლევები შეერთებული შტატების კონგრესმა ჯერ კიდევ 1996 წელს აკრძალა. აკრძალვა ამერიკის იარაღის ეროვნული ასოციაციის ძლიერი წნეხის შედეგად მოხდა. ორგანიზაციის, რომელიც ვაშინგტონში იარაღის გაყიდვების ერთ-ერთ უძლიერეს და გავლენიან ლობისტად ითვლება.

აზრთა სხვადასხვაობა იარაღის და საბრძოლო მასალების შენახვის წესების რეგულირებასაც ეხება. ესეც ერთ-ერთი აუცილებელი წინაპირობაა იმისთვის, რომ იარაღი არასწორ ადამიანებს ხელში არ ჩაუვარდეთ, აღნიშნავს ექიმი ჯორჯის ბენჯამინი ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციიდან.

(Benjamin ACT)
გვინდა ვიცოდეთ, როდის არის დაცული ცეცხლსასროლი იარაღი და როდის - არა. ეს ხომ ძალზე მარტივი შეკითხვაა“ - ამბობს ექიმი.
ადამიანის მიერ იარაღის ფლობის უფლებას შეერთებული შტატების კონსტიტუცია იცავს. თუმცა, ანალიტიკოსები იმ ფაქტის გათვალისწინებასაც ითხოვენ, რომ თავად იარაღი მე-18 საუკუნის შემდეგ დრამატულად შეიცვალა. სასხლეტი ბევრად უფრო მგრძნობიარე გახდა, თანამედროვე სამხედრო ტიპის თავდასხმითი იარაღი კი მრავალრიცხოვანი ჭრილობის მიყენების მაქსიმალურად ეფექტურ საშუალებებზეა გათვლილი.


ექიმი ბენჯამინის თქმით, სწორ გადაწყვეტილებებს ვერ მიიღებ, თუკი კარგად ინფორმირებული და განსწავლული არ ხარ. მას სჯერა, რომ იარაღის კონტროლის საკითხი იოლად გადაწყდება, თუკი ამერიკელებს ინფორმაცია ექნებათ, რომელიც სათანადო სამეცნიერო ნაშრომებით და კვლევებით არის გამყარებული. და ამბობს, რომ შეერთებული შტატების მოსახლეობას არაერთხელ მიუღია სწორი გადაწყვეტილება საზოგადოებრივი ჯანდაცვის არაერთ საკამათო საკითხზე.


„ჩვენ ეს ბარიერები ბოლოს და ბოლოს დავანგრიეთ და ხალხი გავაერთიანეთ. იოლი იყო? რა თქმა უნდა არა. მაგრამ შესაძლებელია ამის გაკეთება? რა თქმა უნდა კი. უნდა შევძლოთ“ - დასძენს საუბრის დასასრულს ექიმი ბენჯამინი ამერიკის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ასოციაციიდან.