იარაღის კონტროლი და მსხვერპლთა ოჯახები

ადვოკატებს და პოლიტიკოსებს ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტიათ, უნდა გამკაცრდეს თუ არა იარაღის გაყიდვის კანონი ამერიკაში

Your browser doesn’t support HTML5

იარაღის კონტროლი

კონექტკიკუტის შტატში მომხდარი ტრაგედიის შემდეგ, რომელსაც 20 მცირეწლოვანი ბავშვის სიცოცხლე შეეწირა, ამერიკაში დებატები იარაღის კონტროლის თემაზე არ წყდება. ადვოკატებს და პოლიტიკოსებს ჯერჯერობით ვერ გადაუწყვეტიათ, უნდა გამკაცრდეს თუ არა იარაღის გაყიდვის კანონი ამერიკაში. საინტერესოა, რა აზრის არიან თავად მსხვერპლის ოჯახები?


„ვფიქრობ, სასამართლო თქვენს მოთხოვნას დააკმაყოფილებს“ - ეუბნება ადვოკატი დაზარალებულთა ოჯახის წევრებს.

ოლივერ სმიტის შვილი პოლიციის ოფიცერი იყო. ის სამმა დამნაშავემ სიცოცხლეს გამოასალმა. ოლივერი ახლა მერილენდის შტატის დანაშაულის მსხვერპლთა რესურსების ცენტრში იმყოფება და ერთ-ერთი დამნაშავის მიერ განაჩენის გასაჩივრებას ეხმაურება.

ადვოკატის კითხვაზე, „და ახლა თქვენ გსურთ, რომ პრობაციის პერიოდი რაც შეიძლება დიდი ხნით დაწესდეს“, ოლივერი პასუხობს „რა თქმა უნდა“!

ოფისის კედლები ფოტოებითაა აჭრელებული. ბავშვია, ახალგაზრდა, თუ მოხუცებული, პორტრეტები უამრავი ცეცხლსასროლი იარაღით დაღუპულთა კიდევ ერთი შეხსენებაა. ფოტოებს შორის ოლივერის შვილსაც იპოვით. სტატისტიკა მკაცრია და პირქუში: შეერთებულ შტატებში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის გამო წელიწადში 30 ათასი ადამიანი იღუპება. ოლივერის თქმით, მშობლისთვის შვილის ძალადობრივი სიკვდილით მიღებული ფსიქოლოგიური ტრავმა აღარასოდეს რჩება.

მოუშუშებელი ჭრილობაა, ბიჭი დავკარგე. არ ვიცი, როგორ გადავიტან. დაუსრულებელი ტრავმაა. მართალია, სამი ადამიანი დააპატიმრეს, მაგრამ ჩვენც ისეთი შეგრძნება გვაქვს, რომ მათთან ერთად ტყვეობაში ვიმყოფებით“ - ამბობს დაღუპული პოლიციელის მშობელი.

რასელ ბატლერი დანაშაულის მსხვერპლთა რესურსების ბალტიმორის ცენტრის დირექტორია. მისი თქმით, ცეცხლსასროლი იარაღით ჩადენილი ძალადობა ოჯახებს ფინანსურად აზარალებს. ისინი ხშირად მთავარ შემოსავლის წყაროს კარგავენ. ამასთან, სასამართლოს ხარჯებიც ემატებათ. მაგრამ არაფერი შეედრება იმ ემოციურ ტრამვას, რომელიც მათ მთელი ცხოვრების მანძილზე გასდევთ.

დეპრესია, ფსიქიური დარღვევები... ნორმალურ ვითარებაში ხომ პირიქით ხდება, შვილებმა მშობლები უნდა დაასაფლავონ. ოლივერის შემთხვევაში კი მშობელს ახალგაზრდა ვაჟიშვილი ეღუპება. და თან არა რაიმე მძიმე და განუკურნებელი სენით, რომელსაც ვერაფერს შველი, არამედ მხოლოდ იმიტომ, რომ ბედისწერით მოძალადის პირისპირ არასწორ ვითარებაში აღმოჩნდა“ - ამბობს ცენტრის დირექტორი.

ნედინ ჯეფრის 16 წლის ქალიშვილი, ბრისტოლი დაეღუპა. ის 2010 წელს ავტომატური იარაღით არის მოკლული. ვაშინგტონში დამნაშავეთა ბანდებს შორის ატეხილ სროლაში შემთხვევით მოყვა, რომელშიც 3 ადამიანი დაიღუპა და 9 დაიჭრა.

„ისეთი ლამაზი იყო“ - ამბობს დედა. ბრისტოლის მშობლები პოლიტიკოსთა უმოქმედებით აღშფოთებული არიან.

ასე მგონია, მთავრობა ჩვენს სრულ იგნორირებას ახდენს. კონგრესს კანონი დროზე რომ შეეცვალა, იქნებ ბრისტოლი დღეს ცოცხალი ყოფილიყო. შეიძლება ნიუთაუნის ბავშვებიც გადარჩენილიყვნენ. და ვინ იცის, კიდევ რამდენი ადამიანი, რომლებიც დღის ახალ ამბებში არც ხვდებიან“ - აღნიშნავს დაღუპული ბავშვის დედა.

ოლივერ სმიტი კედელზე თავისი შვილის ფოტოს გვიჩვენებს. ის ბალტიმორის ცენტრში ხშირად დადის და დაღუპული ბავშვების მშობლებს ემოციურ სტრესთან გამკლავებაში დიდ დახმარებას უწევს. ამბობს, რომ ყოველი ახალი მსხვერპლი ჭრილობას თავიდან უხსნის. მაგრამ ცდილობს საკუთარი ტკივილი დაივიწყოს და სხვებს დაეხმაროს. ჩემი შვილის ხსოვნას კი შვილიშვილს შევუნახავო.

„უამრავი რამ გადავუნახე. 21 წლის გახდა. უკვე მზად არის ჩემთან ერთად დაჯდეს და მამის შესახებ ყველაფერი შეიტყოს. გაიგოს, თუ როგორი ადამიანი იყო, რა ხანმოკლე კარიერა ჰქონდა, მაგრამ რამდენი რამ მოასწრო“ - ამბობს ოლივერი.

„ჩვენ მხოლოდ ლეგალურ მხარეზე ვესაუბრებით. მაგრამ თქვენ, მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ აუხსნათ ის, რასაც ამ დროს მშობელი და დაღუპულის ოჯახი განიცდის“ - უხსნის ადვოკატი ოლივერს.

სტატისტიკის მეშვეობით განუზომელ ემოციურ ტრვამასთან ერთად არსებობს თანხა, რომელშიც ამერიკის მატერიალური ზარალი გამოიხატება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობის შედეგად მხოლოდ შრომისუნარიანობის დაქვეითება და სამედიცინო მომსახურება სახელმწიფოს წელიწადში მინიმუმ 32 მილიარდი დოლარი უჯდება.