„გრინბერგ ქუინლერ როზნერის“ კვლევა კამათს იწვევს

ავტორიტეტული ამერიკული კომპანიის „გრინბერგ ქუინლერ როზნერის“ (Greenberg Quinlan Rosner Research) საქართველოში ჩატარებული ბოლო სოციოლოგიური კვლევა კვლავ რჩება სერიოზული აზრთა სხვადასხაოვაობის მიზეზად.

კვლევამ, რომელიც 2010 წლის სექტემბრის ბოლოს და ოქტომბრის დასაწყისში ჩატარდა, 1200 მოქალაქე მოიცვა და საქართველოს მმართველი ელიტისთვის უაღრესად დადებითი სურათი დახატა.

ასე, მაგალითად, პრეზიდენტ სააკაშვილისა და ნაციონალური მოძრაობის კურსს გამოკითხულთა 67 პროცენტი იწონებს, ხელისუფლების კურსს - 62 პროცენტი, ქვეყნის განვითარების მიმართულება კი 58 პროცენტს მოსწონს. 75 პროცენტი ეთანხმება თბილისის მერის გიგი უგულავას პოლიტიკას.

კვლევის შედეგებს მყისიერად გამოეხმაურა პარლამენტის თავჯდომარე დავით ბაქრაძე, რომელმაც სპეციალურ ბრიფინგზე განაცხადა

“ჩვენთვის ეს არის ძალიან სერიოზული პასუხისმგებლობა და ძალიან სერიოზული სიგნალი, რომ აუცილებელია ბოლომდე მივიყვანით ყველა პროგრამა, აუცილებელია ბოლომდე მივიყვანოთ ყველა რეფორმა და აუცილებელია, მართლაც გავაკეთოდ კიდევ უფრო ბევრად მეტი, იმისთვის, რომ მოსახლეობა იყოს უკეთესად, იყოს მეტი დასაქმებული ადამიანი და კიდევ უფრი განვითარდეს ეკონომიკა.“

ამერიკული კომპანიის კვლევაში ყველაზე საკამათო გახდა, პასუხები კითხვაზე - "გაუმჯობესდა თუ არა დასაქმების მაჩვენებელი პრეზიდენტ სააკაშვილის მმართველობის დროს?" ამ შეკითხვას, დადებითად გამოკითხულთა 84-მა პროცენტმა უპასუხა. საპირისპირო აზრზე მხოლოდ 15 პროცენტია.

სტატისტიკის დეპარტამენტის ინფორმაციით, 2004 წელს, როცა სააკაშვილი მოვიდა ხელისუფლებაში უმუშევრობის დონე 12,6 პროცენტი იყო, დღეს კი ეს მაჩვენებელი 17 პროცენტია.

კიდევ ერთი მოულოდნელი შედეგი გახდა, ის, რომ გამოკითხულთა 50 პროცენტი, ახლახანს განხორციელებულ საკონსტიტუციო რეფორმას იწონებს. ლაშა ტუღუშმა, გაზეთ „რეზონანსის“ მთავარმა რედაქტორმა „ამერიკის ხმას“ უთხრა

„თუ კვლევის ჩამტარებელი კომპანია დაკავშირებულია რომელიღაც პოლიტიკურ ძალასთან და მისი სახელი რაღაცნაირად მაინც უკავშირდება მას, მაშინ საბოლოო ჯამში, ძნელი იქნება იყოს დამაჯერებელი საზოგადოებისათვის. ეს კავშირი, მე ვფიქრობ სერიოზული პრობლემაა.

ამიტომ ბუნებრივია, რომ სოციოლოგიური კვლევების ჩატარებისას კომპანიები უნდა ცდილობდნენ, რომ ისინი იყვნენ უფრო გახსნილები, უფრო ღია და ადვილად ხელმისაწვდომები, მათ შორის, პირველ რიგში, რა თქმა უნდა მედიისთვის. ამ შემთხვევაში მათი პროდუქტი იქნება უფრო დამაჯერებელი და არ იქნება აღქმული, როგორც რომელიღაცა პოლიტიკური ჯგუფის პიარ ნაბიჯი.“

"ნაციონალურ მოძრაობაში" არ ადასტურებენ რომ კვლევა მათი შეკვეთილი იყო, თუმცა ცნობილია, რომ მმართველი პარტია, საქართველოს პრეზიდენტი და თბილისის მერი „გრინბერგ ქუინლერ როზნერის“ ოფიციალური კლიენტები არიან.

პრეზიდენტმა სააკაშვილმა ამერიკული კომპანია, ჯერ კიდევ 2007 წლის ნოემბრის კრიზისის შემდეგ დაიქირავა, როცა თანამდებობის დატოვება მოუხდა. „გრინბერგ ქუინლერ როზნერი“ მუშაობდა 2008 წელს სააკაშვილის საპრეზიდენტო და ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო კამპანიაზე. 2010 წელს კი მთლიანად განსაზღვრავდა თბილისის მერობისთვის მებრძოლი გიგი უგულავას საარჩევნო პოლიტიკას.

ამ კომპანიის კვლევები, ბოლო ორი წლის მანძილზე რამდენჯერმე გახდა სერიოზული აზრთა სხვადასხვაობის მიზეზი, თუმცა სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის პრეზიდენტი ალექსანდრე რონდელი ფიქრობს, რომ კვლევის უტყუარობაში ეჭვის შეტანის მიზეზი არ არსებობს

„აშკარად ჩანს, რომ საზოგადოება, ჩვენი მოსახლეობა წინააღმდეგია რადიკალიზმის, წინააღმდეგია ქუჩის პოლიტიკის, ეს გამოჩნდა ძალიან აშკარად.

კარგია, რომ ჩვენი მოსახლეობა უფრო კარგად გრძნობს ვითარებას. წარსულთან შედარებით, უფრო კარგად ესმის რა არის ხელისუფლების ამოცანა და ვფიქრობ, რომ სწორედ ეს მაჩვენებლები, რომელიც ამ კვლევით არის მიღებული ობიექტურად ასახავს იმას, რა ვითარებაც არის შექმნილი ქვეყანაში.“

„ნაციონალური მოძრაობის“ გარდა ერთადერთი პოლიტიკური სუბიექტი, რომელმაც კვლევა მოიწონა „ქრისტიან-დემოკრატები“ არიან. კვლევის თანახმად მათი ლიდერი ოპოზიციონერთა შორის ყველაზე პოპულარულია, მეორე ადგილზეა ირაკლი ალასანია, შემდეგ, მნიშვნელოვანი ჩამორჩენით მოდიან შალვა ნათელაშვილი, კახა შარტავა, ლევან გაჩეჩილაძე და გოგი თოფაძე.

ყველა მათგანმა კვლევას „არაკომპეტენტური“ და „შეკვეთილი“ უწოდა. პარლამენტის ყოფილი თავჯდომარე ამ სიაში საერთოდ ვერ მოხვდა, „ამერიკის ხმას“ ნინო ბურჯანაძემ უთხრა, რომ ხელისუფლებას „მაღალი რეიტინგის“ დემონსტრირება პოლიტიკური რეპრესიების დასაწყებად სჭირდება

„არის ძალიან დიდი საშიშროება იმისა, რომ სააკაშვილი რეალურად დაიწყებს სერიოზულ დევნას განსხვავებული აზრისა, ოპოზიციური წარმომადგენლებისა და მე სულაც არ გამოვრიცხავ, რომ მან რეპრესიები გააგრძელოს და გააძლიეროს საქართველოში.

ასე მოხდა სხვათაშორის, ჯო ბაიდენის ვიზიტის შემდეგ, როცა სააკაშვილმა გამოაცხადა რომ მიიღო მხარდაჭერა და ამერიკის ვიცე-პრეზიდენტის წასვლის შემდეგ ივნისი-ივლისი-აგვისტოს განმავლობაში ათობით ოპოზიციის წარმომადგენელი იქნა დაკავებული, ყოველგვარი რეალური საფუძვლის გარეშე.“

ვაშინგტონში ბაზირებული „გრინბერგ ქუინლერ როზნერი“ უაღრესად გავლენიანი კომპანიაა, ის 1980 წელს იელის უნივერსიტეტის პროფესორმა სტენ გრინბერგმა დაარსა.

უფრო მოგვიანებით, კომპანიას ამერიკის დემოკრატიული პარტიის წამყვანი სტრატეგები ალან ქუინლერი და ჯერემი როზნერიც შეუერთდნენ. ამ კომპანიას უმუშავია ჯო ლიბერმანთან, ბილ კლინტონთან, ნელსონ მანდელასთან, ტონი ბლერთან, გერჰარდ შრიოდერთან, ეხუდ ბარაკთან.

და, ასევე მიხეილ სააკაშვილთან, რომლის საპრეზიდენტო კამპანიას 2008 წლის 5 იანვრის არჩევნებზე, თბილისში პირადად ხელმძღვანელობდა, კომპანიის ერთ-ერთი მეპატრონე და ვიცე-პრეზიდენტი ჯერემი როზნერი, კიდევ ხუთ წამყვან ანალიტიკოსთან ერთად.