57 მილიარდი საბერძნეთისთვის

ათენი დახმარების თანხებს ნაწილ-ნაწილ, წაყენებული მოთხოვნების შესრულების შესაბამისად მიიღებს

Your browser doesn’t support HTML5

საბერძნეთი

ევროზონის ლიდერები საბერძნეთის ვალის შემცირებაზე და ათენისთვის ეკონომიკური დახმარების გაწევაზე შეთანხმდნენ. როგორც საბერძნეთის პრემიერ-მინისტრმა ანტონის სამარასმა განაცხადა, აღნიშნული შეთანხმება მისი ქვეყნისთვის „ახალი დღის“ მომტანია. დეტალებს „ამერიკის ხმის” კორესპონდენტი სელა ჰენესი არკვევდა.

დღეს ევროზონის ფინანსთა მინისტრებმა ხანგრძლივი მოლაპარაკების შემდეგ საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას. მინისტრები და საერთაშორისო სავალუტო ფონდი საბერძნეთისთვის 57 მილიარდი დოლარის გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ეს ორი წლის განმავლობაში საბერძნეთისთვის გამოყოფილი მეორე ტრანშია. ლუქსემბურგის პრემიერ მინისტრმა და ევროზონის ფინანსთა მინისტრების ჯგუფის ლიდერმა ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა, რომ შეთანხმების მიღწევა საკმაოდ რთული იყო, თუმცა შედეგი მართებულია.

„ნება მიბოძეთ განვაცხადო, რომ ეს არ არის უბრალოდ ფულის საკითხი. ეს არის დაპირება ბერძენი ხალხის და მთლიანად ევროზონის უკეთესი მომავლისთვის, რათა დავასრულოთ არასწორი მიზნების ეპოქა, შევამციროთ ვალი და დავაბრუნოთ ეკონომიკური ზრდა,“ - განაცხადა ჟან კლოდ იუნკერმა.

დახმარების პაკეტის დამტკიცებასთან ერთად ფინანსთა მინისტრებმა განაცხადეს, რომ ისინი კვლავ გადადგამენ დამატებით ნაბიჯებს, რათა 2022 წლისთვის საბერძნეთის დავალიანება 120 პროცენტზე ქვემოთ ჩამოვიდეს. ასევე, შესაძლოა ზოგიერთი ვალი საბერძნეთს ჩამოაწერონ.

საბერძნეთი ევროზონის ყველაზე პრობლემური ქვეყანაა. ევროზონის ლიდერები დიდი ხნის განმავლობაში აწარმოებდნენ მოლაპარაკებას, რათა საბერძნეთის ეკონომიკის დანგრევა და შესაბამისად 17 წევრისგან შემდგარი ევროზონის დაშლა აერიდებინათ თავიდან.

ანალიტიკოსები აცხადებენ, რომ ევროზონის ლიდერებს საბერძნეთის შენარჩუნება სურთ. თუმცა, ამ სიახლეს საბერძნეთში ყველა არ მიესალმა. საბერძნეთისთვის საერთაშორისო დახმარების გამოყოფა მკაცრად გაწერილ და გაკონტროლებულ ბიუჯეტს ნიშნავს.

საბერძნეთმა უკვე განახორციელა დანახარჯების შეკვეცა და გადასახადების გაზრდა, რამაც ბევრის აზრით ქვეყნის ეკონომიკა შეასუსტა, რომელიც ბოლო ხუთ წელიწადში თითქმის 25 პროცენტით შემცირდა.

ალექსის ციპრასი მემარცხენე ოპოზიციური პარტიის „სირიზას“ ლიდერია. ის ამბობს, რომ სამშაბათს შეთანხმების მიღწევა ძირიტადად გერმანიის კანცლერ ანგელა მერკელს და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თავმჯდომარეს ქრისტინ ლეგარდს შორის მოხერხდა და ეს ნაკლებად შეეხებოდა საბერძნეთს.

„შეთანხმებაში არ არის შესული არც საბერძნეთი არც საბერძნეთის სიცოხლუსუნარიანობის გეგმა,“ - ამბობს ციპრასი.

ათენის ქუჩებში სხვადასხვა განწყობა სუფევს. ერთ-ერთი ბიზნესმენი ამბობს, რომ შეთანხმება მნიშვნელოვანია, თუმცა ეს ქვეყნის პრობლემებს დაყოვნებლივ ვერ მოაგვარებს, რადგან ამით არ მოხდება ეკონომიკის ზრდა. საბერძნეთი დახმარების თანხებს ნაწილ-ნაწილ, წაყენებული მოთხოვნების შესრულების შესაბამისად მიიღებს.