საბერძნეთის ხელისუფლებამ კვლავ გააგრძელა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე „საბანკო არდადეგები“, რომელიც 29 ივნისიდან მოქმედებს. ყველა ბანკი ისევ დაკეტილია, არ მუშაობს საფონდო ბირჟაც, მოსახლეობას კი ერთჯერადად, 60 ევროს გატანა შეუძლია, რაც ბანკომატებთან უზარმაზარ რიგებს იწვევს.
არაოფიციალური სტატისტიკით, საბერძნეთის ტერიტორიაზე დაახლოებით 250 000-მდე საქართველოს მოქალაქე ცხოვრობს. სწორედ მათი წყალობით უკავია, საფოსტო გზავნილებში საბერძნეთს მეორე ადგილი.
საქართველოს ეროვნული ბანკის მონაცემებით, 2014 წლის იანვარ-მაისში საბერძნეთიდან საქართველოში 84 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა, 2015 წელს კი ეს მაჩვენებელი 18%-ით შემცირდა და მხოლოდ 68 მილიონი შეადგინა - ანუ საქართველოში 16 მილიონით ნაკლები თანხა გადმოირიცხა. ივნისს-ივლისში კიდევ უფრო მძიმე სიტუაციაა. ამჟამად ფულადი გზავნილები საბერძნეთიდან საერთო შეჩერებულია.
თესალონიკის ქართული საზოგადოების „საქართველოს“ ხელმძღვანელი ელგუჯა მინდაძე ამბობს, რომ ეს ყველაფერი საქართველოს ეკონომიკაზეც აისახება:
„ბოლო კაპიკს აგზავნიდნენ საქართველოში, აქ მომუშავე ქალბატონები, ყველაფერს რასაც იღებდნენ რიცხავდნენ ოჯახებში. ეს სიტუაცია, რა თქმა უნდა, აისახება, ფულად გადარიცხვებს ვერ მოახდენენ, ამანათებს ვერ გააგზავნიან და ეს დაეტყობა საქართველოს ბიუჯეტს.“
ათენის ქართული სათვისტომოს თავჯდომარე მარინა დუდაურის თქმით, ქართველი ემიგრანტების დიდ ნაწილს ივნისის თვის ანაზღაურება საერთოდ არ აუღია. ეს, როგორც წესი, ივნისის ბოლოს ან ივლისის დასაწყისში უნდა მომხდარიყო, თუმცა ბანკების დაკეტვის გამო, ხელფასების გაცემაც შეჩერებულია. დიდი პრობლემაა პენსიის აღება, ხანდაზმულებს კილომეტრიან რიგებში უწევთ დგომა. მარინა დუდაური ამბობს:
„წარმოიდგინეთ, ახლა ახალი თვე დაიწყო. უმეტესობა ხელფასს ამ დროს იღებს, მოხუცები პენსიას და ბანკომატებთან პენსიაზე კილომეტრიანი რიგებია. შაბათ-კვირას თავისთავად არ მუშაობდა, არც პენსიას გასცემდნენ მოხუცებისთვის. ორშაბათი, სამშაბათი, უკვე დიდი დროა უხელფასოდ ყოფნა.“
საქართველოს ეკონომიკის მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ამბობს, რომ საბერძნეთის კრიზისი და რუსეთ-უკრაინის კრიზისი საფოსტო ფულად გზავნილებზე ავტომატურად აისახა და გზავნილები საერთო ჯამში 19 პროცენტით შემცირდა:
„მაისში საბერძნეთიდან დაგვაკლდა 2,4 მილიონი დოლარი ანუ ეს თანხა არ შემოვიდა. ეს ფულადი გზავნილების მთლიან ბალასში დიდი რიცხვი არ არის, თუმცა რუსეთიდან ფულადი გზავნილების მნიშნელოვნად შემცირების ფონზე, საერთო კლება პროცენტებში, დაახლოებით 19-20 პროცენტზე ავიდა.“
2014 წელს იანვარ-მაისში უცხოეთიდან საქართველოში სულ 570 მილიონი დოლარი გადმოიგზავნა. წელს გაუარსესებული საგარეო ფაქტორების გამო ფულადი გზავნილების შემომავალი ნაკადი 23%-ით შემცირდა და 438 მილიონი შეადგინა.
ფულადი გზავნილების შემცირება ყველაზე მეტად რუსეთიდან შემომავალ გზავნილებზე აისახა. 2014 წელს ფულადი გზავნილების 50 პროცენტი რუსეთზე მოდიოდა, 2015 წლის მაისში კი რუსეთს ფულადი გზავნილების 38 პროცენტს უჭირავს. ფულადი გზავნილების მოცულობა მნიშვნელოვნად შემცირებულია საბერძნეთიდან, იტალიიდან და უკრაინიდან.