შეთანხმება ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შედგა

აქცია პარლამენტთან, პროტესტი გავრილოვის ვიზიტის გამო

კორონავირუსის საფრთხის პირობებში წარმოებული პოლიტიკური დიალოგი შედეგიანი გამოდგა: ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმება შედგა.

შეთანხმებას ისტორიული უკვე უწოდეს. მის ისტორიულობასა და უჩვეულობას განაპირობებს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის კონსენსუსის მაგალითების დეფიციტურობა. მაღალი ალბათობით, არც ამჯერად გვექნებოდა წარმატებული სურათი, რომ არა საერთაშორისო საზოგადოების დიდი და სისტემური აქტიურობა. მათი როლი დიალოგის პროცესში ყველაზე მნიშვნელოვანი აღმოჩნდა. საერთაშორისო პარტნიორებმა წრე შეკრეს, დიპლომატიური ძალისხმევით მის შიგნით ოპოზიცია და ხელისუფლება მოაქციეს და არ მისცეს სხვა გასაქანი, გარდა შეჯერებისა.

ჯერ კიდევ გასული კვირის ბოლოს, ინტენსიური დიალოგისა და ერთობლივი მუშაობის ფონზე, ოპოზიცია-ხელისუფლებას შორის, გაჩნდა პოზიტიური მოლოდინი, რომ როგორ იქნა, ერთობლივი შეთანხმება შედგებოდა. ერთი კვირის წინანდელი პროგნოზების თანახმად, პროცესი გასული კვირის ოთხშაბათისთვის უნდა დასრულებულიყო, რადგან ეს გახლდათ ოპტიმალური დრო, რაც იძლეოდა პარლამენტში გადაწყვეტილებების გაფორმების შესაძლებლობას. თუმცა შეთანხმებას უფრო მეტი დრო დასჭირდა. კვირას, დასვენებისა და ქალთა საერთაშორისო დღეს, 8 მარტს, ამერიკის საელჩოში წარმოებული დიალოგი ეფექტიანი აღმოჩნდა: ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის შეთანხმება შედგა და ის წერილობითაც გაფორმდა - მემორანდუმის სახით.

კარვები რუსთაველზე. ამომრჩევლები არჩევნების პროპორციული სისტემით ჩატარებას ითხოვენ

შეთანხმება, პირობითად, ორ ნაწილად შეგვიძლია გავყოთ. ერთი ეხება არჩევნების ჩატარების წესს, მეორე კი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პატიმრების საკითხს.

ორივე საკმაოდ პრობლემური საკითხი გახლდათ, რადგან ხელისუფლებისთვის არც ერთ ამ საკითხზე დიალოგის წარმოების რეჟიმში ყოფნა არ იყო მოსახერხებელი/სასურველი. მას „აწყობდა“ სისტემა, რაც ამ დრომდე მუშაობდა არჩევნების ჩატარებისას. წინააღმდეგ შემთხვევაში მმართველი გუნდი არ გადათქვამდა 2019 2ლის 24 ივნისს გაცემული დაპირების შესრულებას საარჩევნო სისტემის სრულად პროპორციულ პრინციპზე გადასვლის თაობაზე. ხოლო რაც შეეხება „პოლიტიკურ პატიმრებს“, ხელისუფლება ასეთად არავის მიიჩნევს დღევანდელ დღემდე საქართველოში. მათთვის ოპოზიციის დაკავებული ლიდერები ჩვეულებრივი ადამიანები არიან, ვინც კრიმინალის გამო მოხვდა ციხეში.

მთის წვერიდან დაგორებული ქვა, სანამ ის ზვავად იქცეოდა, გაცილებით იოლად სამართავი გახლდათ და მისი მართვა ხელისუფლებამ 2019 წლის 24 ივნისს სცადა, როდესაც გავრილოვის ღამის გამო გაბრაზებული და შეურაცხყოფილი ახალგაზრდების მიმართ კომპრომისული ნაბიჯების დემონსტრირება მოახდინა. სწორედ მაშინ გასცა ხელისუფლებამ დაპირება, რომ შესრულდებოდა დემონსტრანტების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მოთხოვნა საარჩევნო წესის ცვლილების თაობაზე. ვითარება მას შემდგომ დაიძაბა, რაც უკვე შემოდგომის მიწურულს, გაცხადებული დაპირების შესრულებაზე ხელისუფლებამ უარი განაცხადა. სწორედ ამ დროს იქცა ზვავად მთის წვერიდან დაგორებული ქვა, რასთან გამკლავება ხელისუფლებამ ხისტი პროცესების წარმოებით სცადა. გარდა იმისა, რომ ამ დრომდე პატიმრობაში რჩებიან სამოქალაქო პროტესტის დროს, გავრილოვის ღამეს დაკავებული მოქალაქეები, მათ ოპოზიციის ლიდერების მთელი შემადგენლობა შეემატა. ოპოზიციის ამჟამად არსებული მოთხოვნის გენერირება, რაც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას გულისხმობს, სწორედ ხელისუფლებას ეკუთვნის. მათ გავრილოვის ღამის შემდგომ „შექმეს“ ეს პრობლემა, რის გადაჭრაც ახლა ერთობლივად უწევთ ოპოზიციასთან.

შოთა დიღმელაშვილი - პროტესტანტი ახალგაზრდების ლიდერი საქართველოს პარლამენტთან. 2 ივლისი, 2019.

„დღევანდელი შეთანხმება ითვალისწინებს, რომ საარჩევნო სისტემა 2020 წლის არჩევნებისთვის დაეფუძნება 120 პროპორციულ და 30 მაჟორიტარულ მანდატს, საარჩევნო ოლქების სამართლიან განაწილებას, 1%-იან საარჩევნო ბარიერს და ჩამკეტს, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხმების 40%-ზე ნაკლების მიმღებმა პარტიამ ვერ შეძლოს საპარლამენტო უმრავლესობის შექმნა,“- ნათქვამია ამერიკის საელჩოს განცხადებაში.

8 მარტს ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის შეთანხმების ორი დოკუმენტი შეიქმნა. შესათანხმებელი საკითხების სეპარაცია მომგებიანი აღმოჩნდა. თუ აქამდე ოპოზიცია შეთანხმების მაგიდასთან დაჯდომამდე მისი დაკავებული ლიდერების გათავისუფლების პირობას აყენებდა, ამჯერად, ეს საკითხი მემორანდუმის „მეორე დოკუმენტით“ „დარეგულირდა“. „ურთიერთგაგების მემორანდუმში“ შესულია საარჩევნო სისტემის შესახებ დეტალები. მეორე დოკუმენტი კი ეგრეთ წოდებული პოლიტიკური პატიმრების საკითხს აწესრიგებს, მხოლოდ ისე, რომ ტექსტში „პოლიტიკური პატიმრები“ არ წერია. დოკუმენტით აღიარებულია, რომ მართლმსაჯულების სისტემაში „უმაღლესი სტანდარტი“ უნდა იყოს დაცული. მინიშნებულია იმის თაობაზე, რომ შეთანხმებით, ამჟამადაც და მომავალშიც სასამართლო და საარჩევნო პროცესების არასათანადო პოლიტიზაციაზე რეაგირება აუცილებელია. ამგვარი ჩანაწერი ოპოზიციისთვის ნიშნავს იმას, რომ „ხელისუფლებამ პოლიტპატიმრები უნდა გაათავისუფლოს“, ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის კი იმას, რომ „საქართველოში პოლიტმატიმრები არ არსებობენ და მართლმსაჯულებამ დამოუკიდებლად უნდა დაარეგულიროს სამართლებრივი საკითხები დაკავებულ პირებთან მიმართებით.“

გიგა ბოკერიამ, ოპოზიციის ერთ-ერთმა გამოკვეთილმა ლიდერმა განაცხადა, რომ „მნიშვნელოვანი არაა ტერმინები“, რადგან ისედაც ცნობილია ვინ იგულისხმება. „პოლიტმატიმრებს“ ოპოზიცია უწოდებს, ხელისუფლება კი არ უწოდებს გიგი უგულავას, ირაკლი ოქრუაშვილს, გიორგი რურუას, ბესიკ თამლიანს, ამის მიუხედავად, ორივე მხარემ იცის, ვის გათავისუფლებაზეა საუბარი და აქ შეთანხმება მიღწეულია. დოკუმენტში ნახსენებია პრეზიდენტიც და იგულისხმება, რომ დაკავებულების გათავისუფლების ერთ-ერთი ინსტრუმენტი -პრეზიდენტის შეწყალებაც შეიძლება იყოს (არაოფიციალური ინფორმაციით, მაგალითად, გიგი უგულავამ უახლოეს დღეებში უნდა დატოვოს მატროსოვის ციხე, რადგან პრეზიდენტის მზაობა ამ თვალსაზრისით, არსებობს).

„ჩვენს მოსახლეობას შევთავაზებთ და ვაჩვენებთ დემოკრატიულ არჩევნებს,“ - აცხადებს პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე.

24 ივნისი, 2019 წელი, თბილისი

„ჩვენ მოგვწყინდა ერთმანეთის კრიტიკა, ერთმანეთის დელეგიტიმაცია,“- განაცხადა დავით ბერძენიშვილმა, ოპოზიციონერმა რესპუბლიკური პარტიიდან.

„დღეს ოპოზიციამ კი არ მოიგო და ხელისუფლებამ კი არ წააგო, არამედ ქვეყანამ გაიმარჯვა, ეს დიდი წინგადადგმული ნაბიჯია“, - ამბობს გიორგი ვაშაძე.

„ვერანაირი პოლიტიკური მოლაპარაკებები ამ ყველაფერზე გავლენას ვერ მოახდენს. მართლმსაჯულება რჩება პოლიტიკური პროცესებისგან დამოუკიდებელი,“- ასეთია პარლამენტის ყოფილი თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასება.

ასევე მნიშნველოვანი საკითხი, რაც 8 მარტის დიალოგის შედეგად შეთანხმდა ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის, ეს 2024 წლის და ყოველ მომდევნო საპარლამენტო არჩევნების ჩატარების წესს ეხება. პოლიტიკური აქტორები საქართველოში შეჯერდნენ, რომ ის სრულად პროპორციული სისტემით ჩატარდება, ისე, როგორც ამჟამადაა განსაზღვრული საქართველოს კონსტიტუციით.