გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის წარმომადგენლები მიმდინარე წელს მოსკოვში აპირებენ გამგზავრებას, რათა მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო ტურისტულ ბაზრობაზე და რუს მომხმარებელს საქართველოში და კერძოდ, გორში მოგზაურობის პერსპექტივის შესახებ, დეტალური ინფორმაცია მიაწოდონ. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის „ფეისბუქის“ გვერდზე წაიკითხავთ და შეიტყობთ იმის შესახებაც, რომ ინფორმაციას, რაც ტურიზმის ცენტრის თანამშრომლებმა აუდიტორიას წარუდგინეს, ყველა მოწონებით შეხვდა. „პრეზენტაციამ დამსწრე საზოგადოების მაღალი შეფასება დაიმსახურა“ – ნათქვამია ოფიციალურ ინფორმაციაში.
„ამერიკის ხმა“ გორის მუნიციპალიტეტის გამგებელს დავით ონიაშვილს დაუკავშირდა, რომელიც ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მოსკოვში წასვლის შესახებ გადაწყვეტილება ჯერ საკრებულოზე უნდა გავიდეს. „ჯერ ვფიქრობთ ამაზე. ჩვენ თბილისიდან მოგვივიდა, რომ რამდენიმე ქვეყანაში გამოფენებზე წარგვედგინა ჩვენი კუთხე. ჯერ ვფიქრობთ, საბოლოო ჩამოყალიბებული ვარიანტი არც გვაქვს მოფიქრებული. ტურისტული ნაკადი რუსეთიდანაც შემოდის. აქ ხომ არაა პოლიტიკური სვლები. ნებისმიერ ჩვენს ობიექტზე რუსების ნაკადი საკმაოდ დიდია. საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიგვიღია, შეიძლება არც ერთგან აღარ გავუშვათ. ეს ისეთი საკითხია, ერთპიროვნულად ვერ გადავწყვეტ, საკრებულოზე უნდა ვიმსჯელოთ. ამიტომ ვფიქრობთ, ჯერ კიდევ კონსულტაციებს გავდივართ, გავიტანოთ საკრებულოზე, თუ არ გავიტანოთ. საბოლოო გადაწყვეტილება არ გვაქვს. შემოთავაზება არის, კი მაგრამ რაც კი შემოთავაზებაა ყველას ხომ არ ვთანხმდებით“.
თავად გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის ხელმძღვანელი რობერტ მაღლაკელიძე ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ პოლიტიკა და ტურიზმი არანაირ კავშირში არაა ერთმანეთთან, ამიტომ მოსკოვში გამგზავრებისას უხერხულობის ფაქტორს გამორიცხავს: „არავითარი პოლიტიკა! შორს ჩვენგან პოლიტიკა! პოლიტიკა ჩვენგან გამორიცხულია! ესაა სუფთა ტურიზმის კუთხით მიმართული, აქაა ტურისტების მოზიდვის მიზნით, ტურიზმის ცენტრის ფუნქციიდან გამომდინარე, ეს ერთ–ერთი აქტივობაა. მოდით რა, შევეშვათ ოკუპანტ ქვეყნებს, მე ამ წუთში ვსაუბრობ ტურიზმზე და არა ოკუპანტებზე და არა ქვეყანაზე. ოკუპანტობა ქვეყნისა ისევე მტკივა, როგორც თქვენ და როგორც თითოეულ მოქალაქეს. ასე, რომ ეს არ არის აქ არაფერ შუაში. აქ საუბარია ტურისტების მოზიდვაზე. სტატისტიკა აჩვენებს, რომ უამრავი რუსი ტურისტი ჩამოდის და ჩვენ გვინდა, კიდევ უფრო მეტი ტურისტი ჩამოვიდეს. კიდევ გიმეორებთ, გარკვევით, ყოველგვარი პოლიტიკური მესიჯის გარეშე.“
არასამთავრობო ორგანიზაცია გორის საინფორმაციო ცენტრის ხელმძღვანელი, მიშა ჩიტაძე „ამერიკის ხმასთან“ საუბარში ამბობს: „არ დავაყენებდი საკითხს ასე: ოკუპირებული და ოკუპანტი – ამ შემთხვევაში. რა თქმა უნდა, საქართველოს ნაწილი არის ოკუპირებული, მაგრამ თუ ტურიზმზეა ლაპარაკი, ტურიზმი არის ბიზნესი ჩვეულებრივი და თუ ბიზნესის განვითარება გვინდა, ჩვენ უნდა ვიშოვოთ ფული ამით. რაც უფრო მეტს გავყიდით და მეტად გავყიდით, მით უფრო მეტი ხეირია ჩვენთვის. მასე რომ ვთქვათ და ამ ლოგიკას მივყვეთ, თურქეთსაც დიდი ნაწილი აქვს ანექსირებული საქართველოსი, სომხეთსაც და აზერბაიჯანსაც. ახლა სომხები, აზერბაიჯანელები, თურქები აღარ შემოვუშვათ? და ვიღა დარჩა? ბრიტანეთს არაფერი წაურთმევია, იმიტომ რომ ახლოს არ იყო. ტურიზმის პოლიტიზირებას თავს დავანებებდი, ამაში საგანგაშოს და რთულს ნამდვილად ვერაფერს ვხედავ“.
გორის მუნიციპალიტეტის ტურიზმის ცენტრის დღის წესრიგში მოსკოვთან ერთად, კიდევ ერთი ქალაქი, პეკინია მითითებული, თუმცა, როგორც ცენტრის თანამშრომლები გვიხსნიან, ალტერნატივა კიდევ უფრო ბევრია. უამრავი ტურისტული გამოფენა ტარდება და იქ მოსახვედრად და საკუთარი პროდუქციის წარსადგენად ბიუჯეტიდან ერთნაირი ოდენობის თანხის გამოყოფაა საჭირო. მოსკოვში წახვალ, ტალინში თუ მადრიდში, ფინანსური დანახარჯების თვალსაზრისით, დიდი სხვაობა არაა. ტურიზმის ცენტრმა მოსკოვსა და პეკინზე არჩევანი პოტენციური ტურისტების რაოდენობის მიხედვით გააკეთა.
კატო ქოთოლაშვილი, საზოგადოებრივი აქტივისტი და ორგანიზაცია „დროას“ წარმომადგენელი კი დარწმუნებულია, რომ ტურიზმი და პოლიტიკა პირდაპირ კავშირშია ერთმანეთთან, როდესაც საქმე ოკუპირებულსა და ოკუპანტს შორის ურთიერთობას ეხება. ამერიკის ხმასთან ის ამბობს: „როდესაც „ფეისბუქზე“ გავიგე ეს ამბავი, გავოცდი. ვერ გავეცი პასუხი კითხვას: რატომ უნდა ჰქონდეს რომელიმე მუნიციპალიტეტს სურვილი წავიდეს მოსკოვში მაშინ, როდესაც წასასვლელი სხვაგანაც ბევრია. ტურიზმიც, სპორტიც, ხელოვნებაც, ყველაფერი კავშირშია პოლიტიკასთან, თუ საქმე ეხება ოკუპირებული და ოკუპანტი ქვეყნების ერთმანეთთან ურთიერთობას. ესაა პრინციპულად სახელმწიფოებრივი საკითხი, ნებისმიერ კონტექსტში. რაც არ უნდა მაღალი დონის გამოფენა იყოს, არანაირი მნიშვნელოვანი და ღირებული სარგებელი არ იქნება მისგან, რადგან არაფერი გადაწონის ღირსების შელახვას. დარწმუნებული ვარ, ბევრი ადამიანია, ვინც ჩემს მსგავსად ფიქრობს.“
როგორც ჩანს, რუსული პოლიტიკის მიხედვითაც, გამიჯნულია ერთმანეთისგან პოლიტიკა, ტურიზმი, კულტურა და სპორტი, რადგან სხვაგვარად რთულია აიხსნას, რატომ გრძელდება ბორდერიზაციისა და ადამიანთა უკანონო გატაცებების პროცესი კონფლიქტის ზონაში, გორთან ახლოს. დღეს გორის მუნიციპალიტეტის სოფელ კირბალის სამი მაცხოვრებელი: ავთანდილ თაყაძე, ჯემალ აბალაკი და ლაშა თოდიაშვილი დააკავეს და ცხინვალის ციხეში გადაიყვანეს რუსმა მესაზღვრეებმა.