სამართლიანობის სახელით

მერაბიშვილს აღმკვეთი ღინისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა
საქართველოს ყოფილ პრემიერ მინისტრს, ნაციონალური მოძრაობის გენერალურ მდივანს ვანო მერაბიშვილს დღეს ქუთაისში საქალაქო სასამართლომ აღმკვეთი ღინისძიების სახით ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად დაკავებული კახეთის გუბერნატორი და ყოფილი ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ ჭიაბერაშვილი კი 20 ათასი ლარი გირაოს გადახდის შემდეგ გათავისუფლდა.

სასამართლო სხდომის დროს შენობასთან, სადაც პროცესი მიმდინარეობდა, მოქალაქეები იყვნენ შეკრებილნი, სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. „სამართლიანობის აღდგენას“ ამ შემთხვევაში კონკრეტული გამოხატულება აქვს. ამ სიტყვებს მიღმა იგულისხმება მოთხოვნა იმისა, რომ ყოფილი პრემიერი და შინაგან საქმეთა მინისტრი დაპატიმრებული იყოს.

ქუთაისში, სასამართლოს წინ შეკრებილ ადამიანებს შორის იყვნენ ისინი, ვინც თბილისში, რამდენიმე დღის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ინიციატივით შეკრება გამართეს სპორტის სასახლეში და შეიმუშავეს მიმართვა პარლამენტის სახელზე სამართლიანობის აღდგენის მოთხოვნით. მათი აზრით, საქართველოში კი დაიწყო პოლიტიკური სამართლის აღდგენის პროცესი, თუმცა ის ნელი ტემპით ვითარდება, ამიტომ საჭიროა პროცესის დაჩქარება. ქუთაისში დღეს არ მომხდარა ინციდენტი სასამართლო პროცესიდან გამოსულ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებსა და სასამართლოს წინ შეკრებილ ადამიანებს შორის, რადგან ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია. ნანა კაკაბაძე, ორგანიზაცია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა:
„ვფიქრობ, რომ ეს იყო სამართლიანობის აღდგენის დასაწყისი, სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება. ერთის მხრივ, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა ვანო მერაბიშვილს, მაგრამ მეორეს მხრივ, ჭიაბერაშვილის წინასწარ პატიმრობაზე მან თქვა უარი. თქვენ დაინახეთ, სასამართლოს როგორ გაუჭირდა ეს გადაწყვეტილება. სასამართლო ვერ გამოდის იმ ზეწოლიდან, რომელიც მას აქვს“.

ვანო მერაბიშვილის დაკავება პოლიტიკურ ანგარიშწორებად შეაფასა პრეზიდენტმა სააკაშვილმა, მისი განცხადებით, ისტორიული ირონიაა, როდესაც ვანო მერაბიშვილს ხელბორკილებით დაატარებს მის მიერ შექმნილი პოლიცია.

„ვასამართლებთ საქართველოს უახლეს ისტორიას. ჩვენ ვასამართლებთ წარმატებულ მცდელობას, რომელიც განვახორციელეთ ვარდების რევოლუციის შემდეგ, რომ შეგვექმნა თანამედროვე სახელმწიფო იქ, სადაც ამას არავინ მოელოდა. ვანო მერაბიშვილი არის ერთ-ერთი მთავარი დამფუძნებელი, ზურაბ ჭიაბერაშვილთან ერთად და იმ ჯგუფთან ერთად, რომელსაც დღეს გასამართლებით ემუქრებიან, სახელმწიფოებრიობის წარმატებულად განხორციელებული იდეის. ვანო მერაბიშვილის სახელი ჩვენთვის და არა მხოლოდ ჩვენთვის, მთელი რეგიონისთვის, ჩვენ გარშემო ქვეყნებისთვის ასოცირებულია წესრიგთან, სიმშვიდესთან, ჩვენი მოქალაქეების დაცულობასთან. ის, რომ დღეს ვანო მერაბიშვილს მის მიერ შექმნილი პოლიცია ხელბორკილებით დაატარებს, არ შეიძლება არ იყოს გარკვეული ისტორიული ირონია. მე მინდა ამ ყველაფრის ფონზე მივმართო კიდევ ერთხელ საქართველოს მთავრობას და პრემიერ მინისტრს, რომელიც ერთპიროვნულად იღებს ასეთ გადაწყვეტილებებს (ჩემი გამოცდილება ასეთია მასთან მუშაობის). მე მინდა, მათ კიდევ ერთხელ მოვუწოდო: ჩვენ უნდა ვიმოძრაოთ არა ერთი და იგივე ძალადობის, შურისძიების, ურთიერთქიშპობის, მათ შორის უცხოელ მტერთან შეკვრის ტრადიციით შიდა პოლიტიკური საკითხების გადასაწყვეტად. სამწუხაროდ, ასეთი მდიდარი ისტორიული უარყოფითი ტრადიცია საქართველოს გააჩნია, არამედ ჩვენ ყველამ ერთად უნდა ვიამაყოთ იმ მიღწევებით, რომელიც თუნდაც მერაბიშვილმა, ჭიაბერაშვილმა და მათ მსგავსმა ადამიანებმა შეძლეს წინა წლებში და ერთად აღმოვაჩინოთ ის ხარვეზები, რომელიც არსებობს და რა თქმა უნდა, არსებობს და ერთად აღმოვფხვრათ,“- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

კახეთის მოქმედმა გუბერნატორმა ზურაბ ჭიაბერაშვილმა, მას შემდეგ, რაც გირაოს გადახდის შემდეგ დატოვა დროებითი მოთავსების იზოლატორი, განაცხადა, რომ მისი დაკავების უფლება მხოლოდ ქვეყნის იუსტიციის მინისტრს ჰქონდა. ზურაბ ჭიაბერაშვილი ამბობს:

„ბრალდებას არ ვეთანხმები და ახლაც გავიმეორებ, რომ ქვეყანაში, რომელშიც ნომერ პირველი პრობლემაა უმუშევრობა, პოლიტიკური დევნა განახორციელო ყოფილი პრემიერისა და ჯანდაცვის მინისტრის მიმართ იმის გამო, რომ მათ დაიწყეს სამუშაო მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამა, აბსურდია და შესაბამისად, სამართლიანი სასამართლოს პირობებში ჩვენ დავამტიცებთ ჩვენს სიმართლეს, რომ ჩვენი მხრიდან ადგილი ჰქონდა ძალიან კეთილ განზრახვას, რომ აღგვერიცხა ყველა სამუშაოს მაძიებელი და შემდეგ, თუ გავიმარჯვებდით საპარლამენტო არჩევნებში, თანდათან გვეზრუნა ყველას დასაქმებაზე. პირველ რიგში, ვიტყვი იმას, რომ მე სიცოცხლის ბოლომდე მაქვს საქართველოს კანონმდებლობით საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის რანგი და კანონში პირდაპირაა მითითებული, რომ ჩემი დაკავება უნდა განეხორციელებინა იუსტიციის მინისტრს, როგორც საქართველოს ნომერ პირველ პროკურორს, რაც არ იქნა შესრულებული“.


ვანო მერაბიშვილის დაკავებას ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ვილფრედ მარტენსიც გამოეხმაურა. პარტიის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ნათქვამია "ნაციონალური მოძრაობის" გენერალური მდივანი და ოპოზიციური პარტიის ლიდერი ოქტომბერში გასამართი საპრეზიდენტო არჩევნების პოტენციური კანდიდატია. ოპოზიციის დანაწევრებას მნიშვნელოვანი შედეგები მოჰყვება ქვეყნის პოლიტიკურ სისტემაში. ასე რომ, მოვუწოდებ საერთაშორისო საზოგადოებას, შეიქმნას მონიტორინგის მექანიზმი, რომელიც საპრეზიდენტო არჩევნებამდე შეაფასებს მთელ საარჩევნო პროცესს. რა თქმა უნდა, მაქვს მოლლოდინი, რომ ვანო მერაბიშვილისა და სხვა დაკავებულთა ძირითადი უფლებები სრულად იქნება გარანტირებული ქვეყანაში, რომელსაც სურს ევრო-ატლანტიკურ სტრუქტურებს შეუერთდეს“,- ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ევროპის სახალხო პარტიის წევრია ნაციონალური მოძრაობა.მაღალჩინოსნების დაკავებას გამოეხმაურა ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტიც. განცხადებაში აღნიშნულია, რომ აშშ ყურადღებით დააკვირდება ყოფილ მაღალჩინოსანთა საქმეებს, უდანაშაულობის პრეზუმპციის დაცვის საკითხს, აგრეთვე იმას, რომ დაკავებები არ იქცეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად.

ამ დროისთვის საქართველოში დაკავებულია ყოფილი ხელისუფლების ორი ძალოვანი მინისტრი, ბაჩო ახალაია და ვანო მერაბიშვილი.