ევროპაში ეკონომიკური კრიზისის გაღრმავებას ელიან

ფინანსური ბაზრის მდგომარეობა ევროპაში

სიტუაცია ევროპაში ამჟამად ძალზე გაურკვეველია
ანგარიში, სახელწოდებით „გლობალური ეკონომიკური პერსპექტივა“ წელიწადში ორჯერ ქვეყნდება: ჯერ იანვარში, შემდეგ - ივნისში. მსოფლიო ბანკი ფინანსური ბაზრების, ვაჭრობის და ინფლაციის მონაცემთა გათვალისწინებით სხვადასხვა ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას აჯამებს და შესაბამის გლობალურ ეფექტს მიმოიხილავს. ანგარიში
3-წლიან პროგნოზსაც შეიცავს, რომელიც ზეგავლენას მსოფლიოს ეკონომიკის დაახლოებით 10-წლიან პერსპექტივაზე ახდენს.

ახალ ანგარიშში, რომელიც 12 ივნისს გამოქვეყნდა, მსოფლიო ბანკი აღნიშნავს, რომ ევროპაში ეკონომიური კრიზისის შემდგომ გაღრმავებას ელიან. ის იმ განვითარებად ქვეყნებს, რომლებიც მზარდი ეკონომიკით გამოირჩევიან, მოუწოდებს მოსალოდნელი დარტყმისთვის უკეთ მოემზადონ. საკუთარი ეკონომიკის დაცვისთვის მსოფლიო ბანკი მათ ფისკალური პოზიციების გამყარების და საშუალო ვადიანი სტრატეგიების შემუშავებას ურჩევს.

მზარდი ეკონომიკის მქონე ქვეყნები 2008 წლის ფინანსურ-ეკონომიკურ კრიზისს უკეთ გაუმკლავდნენ, ვიდრე წამყვანი ეკონომიკის მქონე სახელმწიფოები. მსოფლიო ბანკი მათ ხელახალი საშიშროების მოახლოების შესახებ აფრთხილებს.

იმის მიუხედავად, რომ ამ სცენარს გარდაუვლად არ მივიჩნევთ, აუცილებლად დასაშვებია, რომ სიტუაცია მაღალშემოსავლიან ევროპაში მკვეთრად გაუარესდება. თუ ეს ასე მოხდა, განვითარებად ქვეყნებზე ამას ძალიან სერიოზული გავლენა ექნება“ - ამბობს მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი ენდრიუ ბარნსი და დასძენს, რომ სიტუაცია ევროპაში ამჟამად ძალზე გაურკვეველია. ევროპას წინ რამდენიმე განსაცდელი აქვს, აღნიშნავს მსოფლიო ბანკის წარმომადგენელი. ჯერ ერთი, იტალიაში და ესპანეთში კრედიტებზე საპროცენტო განაკვეთი ჯერ კიდევ იზრდება. ამას გარდა საბერძნეთის არჩევნებზე შესაძლოა მთლიანად ევროზონის მომავალი გადაწყდეს.

იმის მიუხედავად, რომ ამ სცენარს გარდაუვლად არ მივიჩნევთ, აუცილებლად დასაშვებია, რომ სიტუაცია მაღალშემოსავლიან ევროპაში მკვეთრად გაუარესდება. თუ ეს ასე მოხდა, განვითარებად ქვეყნებზე ამას ძალიან სერიოზული გავლენა ექნება“ ...
ენდრიუ ბარნსი

ეკონომიკის პროფესორი პიტერ მორისი აღნიშნავს, რომ ესპანეთისთვის ახლახან იმაზე მეტი ფინანსური სტიმულირების პაკეტის გაცემა, ვიდრე მოსალოდნელი იყო, სიტუაციიდან გამოსავალს არ ნიშნავს. მისი თქმით, ესპანეთის და საბერძნეთის პრობლემები ერთმანეთისგან მკვეთრად განსხვავდება და ამის მოკლედ ფორმულირება ასე შეიძლება:

ესპანეთის პრობლემა საბანკო კრიზისია. საბერძნეთის პრობლემა კი - სამთავრობო კრიზისი“ .

ასეა თუ ისე, ბატონი მორისის თქმით, კრიზისი, რომელმაც ვაჭრობის და ექსპორტის დრამატული შემცირება გლობალურად გამოიწვია, მსოფლიოს პოტენციურად ახალი, მძიმე რეცესიის საშიშროების წინაშე აყენებს.

მსოფლიო ბანკი მზარდი ეკონომიკის მქონე განვითარებად ქვეყნებს დავალიანების შემცირებისკენ, შიდა პროდუქტის ზრდის და ინფრასტრუქტურის განვითარებისკენ მოუწოდებს.

მათ ჯერ კიდევ აქვთ დრო იმ ბუფერების შევსების და განახლების, რომლებიც მათ 2008-2009 წლებში გამოიყენეს, რათა კრიზისს ისევ წარმატებით დააღწიონ თავი. მათ შორის ყველაზე მნიშვნელოვანი ფისკალური რეფორმების გატარებაა, რომელიც საგარეო დავალიანებას შეამცირებს და ქვეყნებს ეკონომიკური კრიზისისადმი მყარი იმუნიტეტის გამომუშავებაში დაეხმარება“.

აღნიშნული მოსაზრების და დიდი სიფრთხილის მიუხედავად, მსოფლიო ბანკის უფროსი ეკონომისტი, ენდრიუ ბარნსი მაინც ოპტიმისტურად არის განწყობილი. მისი თქმით, ეკონომიკური გაჯანსაღება სწორედ იმ განვითარებადი ქვეყნების მეშვეობით დაიწყება, რომელთაც დღეს ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკა აქვთ. საუბარია ცენტრალური აზიის, ახლო აღმოსავლეთის და სუბ-საჰარის აფრიკის ქვეყნებზე.