ორშაბათს რუდი ჯულიანი სასამართლოს წინაშე წარსდგება სამოქალაქო ცილისწამების საქმეზე, რომლის შედეგადაც შეიძლება აიძულონ მილიონობით დოლარი გადაუხადოს ჯორჯიის შტატის საარჩევნო ორგანიზაციის მუშაკებს, რომლებსაც მცდარად დასდო ბრალი, რომ დონალდ ტრამპის საწინააღმდეგოდ 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების გასაყალბებლად მუშაობდნენ.
ფედერალურმა მოსამართლემ უკვე გადაწყვიტა, რომ ნიუ-იორკის ყოფილი მერი და ტრამპის ადვოკატი პასუხისმგებელია ვანდრეა „შეია“ მოსის, ამომრჩეველთა რეგისტრაციის ოფიცრის და მისი დედის, საარჩევნო ორგანიზაციის დროებითი მუშაკის რუბი ფრიმენის მიმართ ცილისწამებაში. სასამართლო კოლეგიის გადასაწყვეტი მხოლოდ ჯულიანისთვის დაკისრებული კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრა იქნება.
ასევე ნახეთ: ტრამპის პირადი ადვოკატის, ჯულიანის წინააღმდეგ ფედერალური გამოძიება დაიწყომოსმა და ფრიმენმა ჯულიანის ბრალი დასდეს, რომ მათი „რეპუტაციის უწყვეტი შელახვის“ კამპანია მოაწყო არჩევნების გაყალბების მცდარი ბრალდებით, როდესაც ჯულიანი ეძებდა სამხილებს, რათა გაემყარებინა ტრამპის ძალისხმევა, დემოკრატ ჯო ბაიდენთან წაგებული არჩევნების შედეგი შეეცვალა. მოსალოდნელია, რომ ეს წყვილი ჩვენებას მისცემს სასამართლოზე, რომელიც ამ კვირაში უნდა დასრულდეს.
ჯულიანიმ, რომლის სასამართლოში გამოცხადებაც სავალდებულოა, შესაძლოა მოწმის ჩვენება მისცეს. მისი ადვოკატები აპირებენ იმის მტკიცებას, რომ ჯულიანის კომენტარებს მოსისთვის და ფრიმენისთვის მიყენებულ ზიანთან მინიმალური შემხებლობა ჰქონდა.
ჯულიანის პრესმდივანმა ტედ გუდმენმა განაცხადა, რომ საქმე პოლიტიკურად არის მოტივირებული.
მოსი და ფრიმენი, რომლებიც შავკანიანები არიან, ირწმუნებიან რომ რასისტული შეურაცხყოფის და ძალადობრივი მუქარის ნაკადის სამიზნე გახდნენ.
შეერთებული შტატების საოლქო მოსამართლე ბერილ ჰოველმა, რომელიც ამ საქმეს ზედამხედველობს, უკვე დაადგინა რომ მოსს და ფრიმენს, მათი პრეტენზიის საფუძველზე - რომ ისინი ცილისწამების, ემოციური სტრესის და შეთქმულების ობიექტი იყვნენ - ზარალის კომპენსაცია ეკუთვნით.
მოსმა და ფრიმენმა, გასულ წელს ცილისწამების საქმეზე სასამართლოს გარეშე გარიგება მოახდინეს ულტრა-მემარჯვენე “One America News Network”-თან. გარიგების თანხის მოცულობა არ გამჟღავნებულა.