რამდენად არის დემოკრატიზაცია საქართველოს რიგითი მოქალაქეების დღის წესრიგის ნაწილი? ზოგჯერ იქმნება შთაბეჭდილება, რომ განვითარება და დემოკრატიზაციის მიმართულებით გადადგმული ნაბიჯები თითქოს დასავლეთს უფრო სჭირდება, ვიდრე საქართველოს, თითქოს ხელისუფლებასაც თავს ახვევენ მთელი რიგი ნაბიჯების გადადგმას, რაც „დასავლეთის მოთხოვნად“ ითარგმნება.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია სწორედ საქართველოს ფოკუსში, ქართული პერსპექტივიდან დანახულ დემოკრატიზაციისა და ევროპეიზაციის დღის წესრიგს ეხებოდა ცვალებად გარემოში. არაერთ საინტერესო საკითხთან ერთად, კონფერენციაზე იმსჯელეს იმის თაობაზეც, რომ იგრძნობა ერთგვარი გადაღლილობა დემოკრატიზაციის პროცესით, რომ ამჟამად საზოგადოებისთვის არ ჩანს ისეთი გამოკვეთილი სამიზნეები, როგორიც იყო, ვთქვათ ვიზა–ლიბერალიზაციის საკითხი.
ეს ყველაფერი კი ტრიალებს იმ სივრცეში, სადაც მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ საქართველო უახლოეს ან საშუალოვადიან მომავალში არ უნდა ელოდოს ევროკავშირის წევრად აღიარებას. ამავე დროს, ცხადია, რომ დემოკრატიზაცია, გავითარება დასავლეთთან ბმის, მისი ფაქტორის არსებობის გარეშე საქართველოში შეუძლებელი იქნებოდა და იქნება. მსჯელობის ერთ–ერთი საგანი კონფერენციაზე შეეხებოდა იმას, შესაძლებელია თუ არა დემოკრატიზაცია ევროპეიზაციის გარეშე?
ამ და სხვა საინტერესო საკითხებზე კონფერენციის შემდგომ ჩვენთან ერთ–ერთმა მომხსენებელმა, ილიას უნივერსიტეტის პროფესორმა დავით დარჩიაშვილმა ისაუბრა: „პირობითობა თითქოს არარეალურთან ასოცირდება, ჩვენი ურთიერთობა ევროკავშირთან კი სულაც არაა პირობითი და არარეალური. მე მგონია, მიუხედავად არასრულყოფილებისა, მიუხედავად იმისა, რომ დახმარება არაა გადამწყვეტი და გამრღვევი ყველა სფეროში წარმატებისთვის, მიუხედავად იმისა, რომ ევროკავშირი გადაღლილია და მისი წევრობა ძალიან ძნელი მისაღწევია, ის ჩარჩო, რაც ევროკავშირმა მოგვცა არის ერთადერთი ჩარჩო, რაც სახელმწიფოებრიობას გვინარჩუნებს და განვითარების შანსს გვაძლევს. ჩვენი სამოქალაქო სექტორი მთლიანად მიბმულია დასავლეთზე. სამინისტროები ე ანგარიშვალდებულები არიან ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის კუთხით და სხვა. რა თქმა უნდა, მეტი მომთხოვნელობა უკეთესი იქნებოდა, მაგრამ რაცაა – ესაა ერთადერთი. ესეც რომ არ იყოს, რანაირ სახელმწიფოს შევქმნიდით და როგორ გავუძლებდით საზოგადოებაში ერთმანეთს, კაცმა არ იცის. გამოვლილი გვაქვს ასეთი ჩარჩოს არარსებობის პერიოდი, ეს იყო 90–იანი წლები.“
ამ დროისთვის საქართველოს მოქალაქეები სარგებლობენ თავისუფალი ვაჭრობისა და თავისუფალი მიმოსვლის უფლებით ევროკავშირის ქვეყნებთან. თუმცა მუდმივად ისმის მინიშნებები იმის თაობაზე, რომ შესაძლებელია გადაიხედოს საქართველოსთვის თავისუფალი მიმოსვლის საკითხი, რადგან მკვეთრად გაიზარდა თავშესაფრის მომთხოვნთა რაოდენობა საქართველოდან.
ამასთან ევროკავშირისთვის შემაშფოთებელია ზიანის ოდენობაც ქართველი კრიმინალების მხრიდან. რამდენად შეიძლება აღმოფხვრას ეს პრობლემა არა ვიზალიბერალიზაციის შეჩერებამ, არამედ სამუშაო ვიზებზე ხელმისაწვდომობის დაშვებამ, ამის თაობაზე ამერიკის ხმასთან ბიძინა ლებანიძემ, საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მკვლევარმა ისაუბრა: „სამუშაო მობილობა იქნებოდა ძალიან ლოგიკური შემდგომი ნაბიჯი, რაც შეიძლება მოჰყვეს ვიზალიბერალიზაციას. ასოცირების შეთანხმება ფარავს ოთხიდან სამ თავისუფლებას ევროკავშირისა, გარდა სამუშაო მობილობისა. ჩვენ გვაქვს კაპიტალის თავისუფლება, ადამიანების გადაადგილების თავისუფლება, სერვისების თავისუფლება. ერთადერთი, რაც გვაკლია სრული იტეგრაციისთვის, ესაა სამუშაო მობილობა. გარდა ამისა, ამას ექნებოდა ძალიან დიდი მნიშვნელობა და ძალიან დიდი სოციალური ეფექტი მოსახლეობისთვის და ყველა ის პრობლემა, რაც არის დაკავშირებული დღეს უვიზო მიმოსვლის საკითხთან, მოიხსნებოდა.“
გარდა იმისა, რომ ბიძინა ლებანიძე ევროკავშირთან საქართველოს ახალ, ან შეიძლება თქვას მომავალ დღის–წესრიგზე საუბრობს, მას მოჰყავს რამდენიმე კონკრეტული მაგალითიც იმისთვის, თუ როგორაა პრატიკულად შესაძლებელი აქამდე გამოუყენებელი მექნიზმების ამოქმედება: „ერთ–ერთი მოდელი გახლავთ ეგრეთ წოდებული FTA (ევროპის თავისუფალი ეკონომიკური ზონა), სადაც გაწევრიანების შემთხვევაში, ავტომატურად მოგვეცემა სამუშაო მობილობა. ანუ საქართველოს მოქალაქეები ყოველგვარი წინაპირობის გარეშე შეძლებენ წასვლას და მუშაობას. თუმცა ეს ძნელად მისაღწევია, როგორც ტექნიკურად, ისე პოლიტიკურად. არის ასევე სხვა მოდელები. მაგალითად, გერმანია ბალკანეთის ქვეყნებთან მიმართებით იყენებს ეგრეთ წოდებულ „ბალკანეთის რეგულაციას“, რომელიც ორმხრივად არეგულირებს სამუშაო მობილობას. შეიძლება განვიხილოთ ისეთი ვარიანტიც, რომ ინდივიდუალურად ვიმუშაოთ ევროკავშირის წევრ ქვეყნებთან, რომ მოგვცენ უშუალოდ, მათ ტერიტორიაზე მუშაობის უფლება“.
საქართველოს პოლიტიკის ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული კონფერენცია თბილისში გუშინ დასრულდა.