"გამიმართლა რომ საქართველოში დავიბადე" - ქართველი ჯაზმენის წარმატება აშშ-ში

გიორგი მიქაძე

ამერიკაში მოღვაწე ქართველი პიანისტი, ჯაზმენი გიორგი მიქაძე ახალ პროექტზე სამუშაოდ სამი თვით ლოს ანჟელესში მიიწვიეს. " 18 სთრით არტ ცენტრი" ეს არის სანტა მონიკაში დაარსებული ორგანიზაცია, სადაც სამი თვის განმავლობაში მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ახალგაზრდა არტისტები რეზიდენტურას გადიან. ჯაზის პროგრამით არსებული ერთადერთი ადგილისთვის არჩევანი გიორგი მიქაძეზე გაკეთდა. ოქტომბერში ნიუ-იორკში, ქართულ ფოლკლორულ ანსამბლთან " ბასიანთან " და ამერიკელ ჰიპ-ჰოპერ, რეიდარ ელისსთან ერთად გაკეთებული პროექტის "ვოისას" შემდეგ გიორგი მიქაძის გეგმები ისევ ქართულ ფოლკლორს უკავშირდება.

ლოს-ანჯელესი, ადგილი, სადაც ვარსკვლავები იბადებიან - ქართველი მუსიკოსითვის, გიორგი მიქაძისთვის, რომელმაც ბერკლის მუსიკალური კოლეჯი და მანჰეტენის მუსიკის სკოლა წარმატებით დაამთავრა, ქართული ფოლკლორის პოპულარიზაციისთვის ახალი შესაძლებლობის მომცემია.

სანტა-მონიკას " 18 ქუჩის არტ ცენტრი" თანამედროვე მხატვრების და არტისტების რეზიდენტურის ადგილია, სადაც ჯაზისთვის მხოლოდ ერთი ადგილია გამოყოფილი. გიორგი მიქაძე პირველია საქართველოდან, რომელიც ამ ცენტრმა სამი თვით ლოს-ანჯელესში საკუთარი იდეების განხორციელებისთვის მიიწვია. ახალგაზრდა კომპოზიტორისთვის არ არის რთული მუსიკალური ადაპტირება და ექსპერიმენტები ქვეყანაში, სადაც დაიბადა ჯაზი, ჰიპ-ჰოპი, ელექტრონული მუსიკა და სადაც სიახლე და ცვლილებები მუდმივად არის. თამამი ექსპერიმენტები გრძელდება - გიორგი მიქაძის იდეები ისევ ქართულ საუკუნოვანი ისტორიის მუსიკალურ ჟღერადობას და ფოლკლორს უკავშირდება.

გიორგი მიქაძე: ჩემი კონცეფცია, რომლითაც დავრეგისტრირდი ამ ფელოუშიპზე არის ქართული მიკროტონალობა. ცოტა პროვოკაციულიც იყო , რადგან ასეთი რამ არავის აქამდე არ გაუკეთებია, რაც გულისხმობს ქართული ფოლკლორის იმ წყობის, რაც წყობაც გააჩნია ქართულ მუსიკას - ამ წყობაში დაიწეროს ახალი ინსტრუმენტული მუსიკა, რომელიც ასევე გაჟღერდება აქ კალიფორნიაში მდებარე რამდენიმე საკონცერტო დარბაში, სანტა-მონიკასა და ლოს-ანჯელესში. უკვე დავიწყე მუშაობა და საათობით ვუსმენ ქართულ ფოლკლორს, ძველ ჩანაწერებს. ნელნელა, რამდენიმე კომპოზიციის იდეებიც მოდის.

ერთ-ერთი საკონცერტო დარბაზი, სადაც სამი თვის შემდეგ გიორგი მიქაძე პროფესიონალ ბენდთან ერთად ახალ კომპოზიციებს შეასრულებს, სანტა-მონიკაში მდებარე " ბროდ სტეიჯის საკონცერტო დარბაზია", სადაც ოქტომბერში სახელმწიფო ანსამბლ "ბასიანის" მიერ წარმატებული კონცერტის შესახებ მეორე დღეს "ლოს-ანჯელეს თაიმსიც" წერდა. გიორგი მიქაძემ მომავალი პროექტისთვის ქართული ფოლკლორული მუსიკის ახლებურად აჟღერებისთვის დევიდ ფუზინსკი და მონო ნეონი, პრინცის ბასისტი, მიიწვია, რომლებიც მისი თქმით, მიკროტონალურ მუსიკას არაჩვეულებრივად ფლობენ. რით იზიდავს ამერიკელებს ქართული ფოლკლორი?

გიორგი მიქაძე: მუსიკოსებს, ჩემი აზრით ამოეწურათ წყარო, მუსიკოსს სჭირდება წყარო, საიდანაც იკევებება. შთაგონებას იღებს და ნაწარმოებს და კომპოზიციას ქმნის. მე მართლა გამიმართლა, რომ საქართველოში დავიბადე და გავზიარდე და ქართველი ვარ, რადგან იმდენად პატარა ერი ვართ, თან განსაკუთრებულები და განსხვავებულები... ალბათ, ახლა გვაქვს ძალიან დიდი შანსი, რომ საქართველომ მსოფლიოს მაქსიმალურად მიაწოდოს თავისი კულტურა და გააცნოს უკეთ თავისი თავი. მე ამ საშუალებებს ვიყენებ. ხშირად შეიძლება ხალხს არ ჰქონდეს საშუალება ქართული ფოლკის ავთენტურ ჩანაწერს მოუსმინოს, ამიტომ ხალხი რასაც უსმენს- ხშირად ეს იქნება პოპ-მუსიკა თუ ჰიპ-ჰოპი- ამ მუსიკას ვაზავებ ქართულ ფოლკთან, ვცდილობ შევქმნა ისეთი კომპოზიცია რომელიც ყველანაირი მსმენელისთვის იქნება განკუთვნილი.

"iTune-ზე" უკვე შესაძლებელია მსემენელმა მოისმინოს გიორგი მიქაძის, ანსამბლ "ბასიანის" და ამერიკელი დიჯეის ერთობლივი პირველი პროექტი "ვოისა", რომელიც ექვს კომპოზიციას მოიცავს. ამ ნოვატორული პროექტის მთავარი დამფინასნებელი ფონდი "ქართული გალობაა." შემოდგომაზე, როდესაც " ბასიანი " გასტროლებზე შეერთებულ შტატებში იმყოფებოდა, პროექტი ბრუკლინში, სპეციალურად "OkPlayer" -ის ჰიპ-ჰოპერთან, დიჯეი რეიდარ ელისსის მონაწილეობით Shape Shifter Lab"-ში შეიქმნა. ამ მულტიჟანრულ პროექტში შერწყმულია ქართული ხალხური მუსიკის, ჯაზის, ფანკის, ფიუჟენის, ჰიპ-ჰოპის, R&B-ის, ელექტრო-აკუსტიკური და მიკროტონალური მუსიკის მიმდინარეობები. გიორგი მიქაძემ სულ ექვსი კომპოზიცია შექმნა- „შიოლა“, რომელიც ეძღვნება უწმინდესსა და უნეტერესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს პარტიარქს ილია მეორეს, „ზეზვა და მზია“, „ოდოია“, „მარებელი“, „ბიბა“ და „ვოისა“.

ანსამბლ "ბასიანისთვის" ეს შეერთებულ შტატებში ბოლო 6 წლის განმავლობაში უკვე მესამე გასტროლი იყო, თუმცა კოლაბორაცია თანამედროვე ჯაზმენთან პირველად მოხდა. ანსამბლის ხელმძღვანელი, გიორგი დონაძე ამ ექსპერიმენტით ძალიან კმაყოფილია.

გიორგი დონაძე: გიორგიმ ძალიან დახვეწილად და მაღალ დონეზე გაართვა თავი. გაართვა იმიტომ ვამბობ, რომ ის ძალიან ნიჭიერი და ძლიერი შემსრულებელია. ქართულ ხალხურ სიმღერაზე ბევრი ეცადა ექსპერიმენტს, მაგრამ ჩვენი ანსამბლის მხრიდან დიდი მოწონება არ დაუმსახურებია. თუმცა გიორგიმ რაც გააკეთა ეს იყო სხვადასხვა ქვეყნების რითმები, სხვადასხვა ინსტრუმენტები და ქართული ხალხური ჟღერადობა, რომელიც ფაქტობრივად ხელუხლებელი დატოვა და იმ სეგემენტისთვის გათვალა, ვინც მაგალითად არც უსმენს ფოლკს. მე ვფიქრობ რომ ძალიან წარმატებულად გააკეთა მან ეს და დიდ წარმატებას მოუტანს ქართულ კულტურას.

ძალიან საინტერესო ჟღერადობა აქვს ქართულ ფოლკს. საქართველოში ნამყოფი ვარ "შავი ზღვის ფესტივალზე," თუმცა ასეთი ახლო შეხება ქართულ ფოლკლოლურ მუსიკასთან ამ პროექტის დროს მქონდა.
რეიდარ ელისი

ამ პროექტში ინგლსურენოვანი რეჩიტატივით ქართულ ფოლკოლურ ჟღერადობაში ამერიკელი ჰიპ-ჰოპერი, დიჯეი რეიდარ ელისი შემოდის, რომელიც ამერიკის ხმას თავის გამოცდილების შესახებ ესაუბრება.

რეიდარ ელისი: ძალიან საინტერესო ჟღერადობა აქვს ქართულ ფოლკს. საქართველოში ნამყოფი ვარ "შავი ზღვის ფესტივალზე," თუმცა ასეთი ახლო შეხება ქართულ ფოლკლოლურ მუსიკასთან ამ პროექტის დროს მქონდა. ძალიან კმაყოფილი ვარ ამ თანამშრომლობით, კარგი პროექტი გამოვიდა.

გიორგი მიქაძის სურვილია მის მიერ შექმნილი კომპოზიციები მსოფლიო მუსიკის კატეგორიაში შევიდეს, რადგან ამ კონკრეტულ მიმართულებას მსოფლიოში უფრო მეტი მსმენელი ჰყავს. ამერიკელი პროდუსერების დახმარებით კი "ბასიანის" ტურნე ავსტრალიაში, ახალ ზელანდაისა და ჩინეთში იგეგმება.