ქართული მოტივები ჯაზის საერთაშორისო დღეზე

გიორგი მიქაძე

ქართული ხალხური, მოხევური მუსიკის მოტივები ჯაზის საერთაშორისო დღეზე ჰარლემში, ჯაზის ნაციონალურ მუზეუმში ბერკლის მუსიკალური კოლეჯის კურსდამთავრებულმა გიორგი მიქაძემ ააჟღერა. ეს კომპოზიცია კონცერტის დასრულების შემდეგ ჯაზის ნაციონალური მუზეუმის ფეისბუქის გვერდზე ატვირთეს. გიორგი მიქაძე კონცერტზე მუზეუმის ხელმძღვანელობამ მიიწვია. ღონისძიების კურატორი კი მისი ძველი მეგობარი, ჯონ ბატისტა იყო. ერთმანეთი მათ ბათუმში, "ბლექ სი ჯაზ-ფესტივალზე" გაიცნეს. ჰარლემში გამართულ ღონისძიებაში მონაწილეობა სხვა ცნობილმა მუსიკოსებმაც მიიღეს, მათ შორის ავსრტალიელი ლინდა ოჰ იყო.

გიორგი მიქაძე: ჩემი ძირითადი კომპოზიციები, რასაც ვწერ, არის ქართული ფოლკლორის გავლენა. ალბათ ამიტომ მოსწონთ, რადგან არ ჟღერს იმ აკორდში და ჰარმონიაში, რაც საერთოდ ჯაზის მუსიკაშია. როცა რაიმეს განსხვავებულს ხედავენ, ეს მოსწონთ და ძალიან დადებითად ხვდებიან. რაც მთავარია, ეს გემოვნებიანად უნდა იყოს გაკეთებული. გემოვნება თავისით არ მოდის, ალბათ თავის როლი შეასრულა სწავლამ კონვერსატორიაში, შემდეგ იყო ოთხი წელი ბერკლიში, იქ მიღებულმა გამოცდილებამ ბევრი მომცა. ნიჭიერი შეიძლება ბევრი იყოს, მაგრამ მხოლოდ ნიჭით არაფერი არ გამოდის.

ამერიკული განათლების მიღება ბერკლის მუსიკალური სკოლიდან დაიწყო, სადაც სასწავლებელმა მთლიანად დაფარა სწავლის საფასური, რომელიც წელიწადში 60 ათასი დოლარია. მისი ცხოვრების ხარჯები საქართველოს ხელისუფლებამ გაიღო. ერთ კვირაში 26 წლის გიორგი მიქაძე ნიუ-იორკის მუსიკალურ კონსერვატორიას დაამთავრებს და როგორც ამბობს, იქნება პირველი ქართველი მის სფეროში, რომელსაც ოფიციალურად ექნება მასტერის ხარისხი.

გიორგი მიქაძე: მე მადლობელი ვარ ჩემი ქვეყნის, თუმცა მე ამას აუცილებლად ვუბრუნებ იმ საქმით, რასაც ვაკეთებ. ალბათ ქართულ საქმეს ვაკეთებ. ორივე წინა და ახალმა ხელისუფლებამ დააფინასნა ჩემი ცხოვრების ხარჯები ბერკლიში. ეს ძალიან სწორი მიდგომაა და ეს უნდა გააგრძელოს მთავრობამ, რადგან ჩვენი ქვეყანა იმ შეთხვევაში იქნება ძლიერი, თუ სრულფაოვანი განათლება გვექნება მიღებული და ამ განათლებით ჩვენ ცხოვრებას წავმართავთ.

ჩემი მიზანია შევქმნა რამე ისეთი,რაც დარჩება მომავალში. ყველაფერი ეძღვნება საქართველოს, ჩემთვის მნიშვნელობა არ აქვს საქართველოში ვიქნები თუ ამერიკაში. მთავარია საქმე გავაკეთო, ვცდილობ, როცა ახალგაზრდებს ვხვდები ჩემი ემოცია გადავცე, რომ ქვეყნისთვის რამე გააკეთონ რადგან ჩვენი ქვეყანა კარგ მდგომარეობაში არ არის განათლების მხრივ ძალიან ცუდი მდგომარეობაა. არ არსებობს კადრები ათწლედში, კონსერვატორიაში. განათლების სფერო არის ძალიან სუსტი. ჩვენ რომ მოვდივართ აქ სასწავლებლად, უნდა ვეცადოთ ეს რომ ამერიკული განათლების სისტემა, რომელიც წარმატებულია, შევიტანოთ ჩვენს ქვეყანაში. ვამბობთ, რომ ქართველები ნიჭიერები ვართ თუ იმუშავა ყველა ქართველმა, ჩვენზე ძლიერი ქვეყანა არ იქნება.

თავად შეუძლია 48 საათი გადაბმულად, ძილის გარეშე იმუშაოს. ექვსი ჭიქა ყავა და მოტივაცია - სამ კვირაში დასასრულებელ პროექტს ორ კვირაში ასრულებს. მის მუსიკალურ კარიერაში უახლოეს პერიოდში ორი მნიშვნელოვანი მოვლენა მოხდება. საზაფხულო ტური რომელიც ბოკა-რატონიდან, ფლორიდიდან იწყება და ევროპის 6 ქვეყანაში გრძელდება 12 გრემის მფლობელ ლი რიტეინერის ჯაზ-ბენდთან ერთად. ივნისის ბოლოს ლეგენდარულ დრამერთან ჯეკ დიჟონეტთან ახალ პროექტზე, მიკროტონალური მუსიკის ალბომზე იწყებს მუშაობას. 26 წლის ჯაზ-პიანისტის კარიერაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტია გასულ წელს "ნიუ-პორტის" ჯაზ ფესტივალში მონაწილეობა. გიორგი მიქაძე ამ ფესტივალში მისმა დამფუძნებელმა 82 წლის ჯორჯ ვეინმა მიიწვია.

გიორგი მიქაძე: იქ მივიღე მონაწილოება შარშან. ამ ფესტივალზე ქართველი საერთოდ არასდროს ნახსენები არ იყო მანამდე. საერთოდ კი ძალიან კარგ მუსიკოსებსაც არ აქვთ დაკრული. ძალიან დიდი კონკურენციაა იქ. რთული და პრესტიჟული ფესტივალია, მხოლოდ 5 გრემის მფლობელები და ასეთი დონის მუსიკოსები მონაწილეობენ. ამ აფიშაზე მხოლოდ ჩემი გვარი იყო უცნობი.