უგულავას საქმე - პოლიტიკური შეფასებები

ამერიკის ახალი ელჩი საქართველოში კელი დეგნანი მიღებას მართავს. ელჩის რეზიდენციაში მიღებას არასამთავრობო სექტორის, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები ესწრებიან.

მიღებაზე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა, როგორც თავად განაცხადეს ჟურნალისტებთან საუბარში, მათ ელჩს და საელჩოს თანამშრომლებს ქვეყანაში განვითარებული მოვლენების შესახებ მიაწოდეს ინფორმაცია.

გიგი უგულავას საქმეზე განცხადება გააკეთა საქართველოში ევროკავშირის ელჩმა.

„ჩემთვის ძალიან ადრეა ამ შეფასების გაკეთება. მე მოვისმინე განცხადება, ასევე მქონდა შესაძლებლობა, რომ ოპოზიციის ზოგიერთ ლიდერს გავსაუბრებოდი ამ საღამოს და ჩვენ გავაგრძელებთ აღნიშნულ დისკუსიას, რომ ვნახოთ, თუ როგორ უნდა წავიდეთ წინ. ჩვენ გავაგრძელებთ დიალოგს სხვადასხვა მხარესთან, რომ გავიგოთ როგორია ვითარება“,- განაცხადა კარლ ჰარცელმა.

საელჩოსთან განცხადება გააკეთა საქართველოს პარლამენტის ყოფილმა ვიცე სპიკერმა თამარ ჩუგოშვილმაც. დეპუტატი ამბობს, რომ გიგი უგულავასთვის პატიმრობის შეფარდებით, საქართველოს ხელისუფლებამ, ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მიმდინარე მოლაპარაკებები დაასრულა.

„სისხლის სამართლის საქმეებზე პოლიტიკური შეფასების გაკეთებას ყოველთვის ვერიდები. ჩემი პროფესიიდან გამომდინარე სამართლებრივ კატეგორიებს ფრთხილად ვეკიდები. ერთადერთი, რაც შემიძლია ვთქვა, რომ ამ საქმეს პოლიტიკური დატვირთვაც აქვს და დატვირთვა მისი არის ძალიან ნეგატიური. მან ფაქტობრივად მოკლა შანსი რაიმე პოლიტიკური შეთანხმების მიღწევის სხვა თემებზე. დანარჩენი, რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს, მე ამ ნაწილზე კომენტარს ვერ გავაკეთებ“,- განაცხადა თამარ ჩუგოშვილმა.

ამერიკის ელჩის რეზიდენციასთან გიგი უგულავას საქმეზე განცხადება გააკეთა გია ვოლსკიმ.

"აქ პროკურატურას აქვს პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ 50 მილიონი მოიპარა და ფიქრობენ, რომ უნდა გაასაჩივრონ უმაღლეს სასამართლოში და არ დატოვონ ეს საკითხი ისე, აქედან გამომდინარე ან მე, ან აშშ-ს წარმომადგენელმა რა კომენტარი უნდა გააკეთოს... მე ბავშვები ვიცი 3-4 კილო ჯართის მოპარვისთვის 5 და 6 წელი ახეხინეს ციხეები. ძალიან ვწუხვარ, იმდენად არ მომწონს ადამიანის დაკავება, მაგრამ ჩემი პერსონალური დამოკიდებულება ამ საკითხის მიმართ ვერ გადაწყვეტს მას", — თქვა ქართული ოცნების წევრმა გია ვოლსკიმ.

განცხადება საელჩოსთან გააკეთა გრიგოლ ვაშაძემაც. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს:

"მე პირადად ძალიან ცოტა ხნით მოვედი მიღებაზე. მივულოცე ელჩს საქართველოში ჩამოსვლა. კარგია, რომ ამხელა დროის შემდეგ საქართველოში ამერიკის შეერთებულ შტატებს ჰყავს ელჩი. მე პირადად მივაწოდე მას გიგი უგულავას საქმესთან დაკავშირებით ინფორმაცია,"- განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ ჟურნალისტებთან საუბრის დროს.

ამერიკის საელჩოდან ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები პარტია "ევროპული საქართველოს" ოფისში მიდიან სადაც ამ დრომდე იმყოფება გიგი უგულავა, რომელიც ამბობს, რომ საპატიმროში თავისი ფეხით მივა. უგულავა ოფისში შვილთან და თანაპარტიელებთან ერთად იმყოფება. ოფისში მიდიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციამ 2020 წლის არჩევნების საკითხზე ხელისუფლებასთან მიმდინარე მოლაპარაკებები შეწყვიტა. მოლაპარაკებები ოპოზიციურ პოლიტიკურ პარტიებსა და ქართულ ოცნებას შორის, 2019 წლის დეკემბრის შემდეგ მიმდინარეობდა და მასში დიპლომატიური კორპუსი მონაწილეობდა. მოლაპარაკებების მაგიდასთან მხარეები მას შემდეგ დასხდნენ, რაც საქართველოს პარლამენტმა კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებები ჩააგდო და ცნობილი გახდა, რომ პროპორციული საარჩევნო სისტემით 2020 წლის არჩევნები აღარ გაიმართებოდა.

პარტია ქართული ოცნების ლიდერის ბიძინა ივანიშვილმა პარტიის სახელით დაპირება, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნები 2020 წელს გაიმართებოდა, 2019 წლის 20 ივნისის მოვლენების შემდეგ გასცა, თუმცა რამდენიმე თვეში ქართულმა ოცნებამ საკნონსტიტუციო ცვლილებებს მხარი არ დაუჭირა.

რამდენიმე საათის წინ, უზენაესმა სასამართლომ, თბილისის განვითარების ფონდის საქმეზე გიგი უგულავა დამნაშავედ ცნო. მოსამართლემ თბილისის ყოფილ მერს პატიმრობა 3 წლით 2 თვით და 8 დღით განუსაზღვრა.

გიგი უგულავას საქმეზე განცხადება ცოტა ხნის წინ საქართველოს პროკურატურამაც გაავრცელა. პროკურატურა აღნიშნავს, რომ „თბილისის განვითარების ფონდის“ საქმეზე მსჯავრდებული პირები უზენაესმა სასამართლომ დამნაშავედ ცნო 48 180 960 ლარის გაფლანგვაში.