მთავარი ამოცანა - ნდობის პლატფორმის მომზადება

"არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ... პოლიტიკურ თემებზე დროებით მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს" - ინტერვიუ გია ვოლსკისთან
ვესაუბრებით გია ვოლსკის, პარლამენტის ტერიტორიული მთლიანობის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარეს, რომელიც შეერთებულ შტატებში იმყოფება.

დიდი მადლობა, რომ გვერთვებით გადაცემაში. ამერიკაში თქვენი ვიზიტის მიზნით დავიწყოთ.

„უპირველეს ყოვლისა, მოგესალმებით. დიდი მადლობა, რომ დაინტერესდით ამ თემით. ნიუ იორკში საქართველოს პარლამენტის დელეგაცია იმყოფება და ჩვენ მონაწილეობა მივიღეთ გაეროსთან არსებული პარლამენტთაშორისი გაერთიანების მიერ გამართულ კონფერენციაში, რომელსაც ყველა წევრი ქვეყანა ესწრებოდა. აზრთა გაცვლის და გამოცდილების გაზიარების თემა გახლდათ პარლამენტის როლი კონფლიქტების პრევენციის და მათი დარეგულირების საკითხებში.

ახალ ხელისუფლებას სიტუაციის შესასწავლად, როგორც წესი, სულ ცოტა, ერთი თვე მაინც სჭირდება. თუ იკვეთება განსხვავებული ხედვა წინა ხელისუფლებასთან შედარებით, კონფლიქტის მოგვარების საკითხებში?

განსხვავებები საკმაოდ სერიოზულია. ჯერ ერთი, თქვენ კარგად მოგეხსენებათ კონფლიქტის პრევენციასთან და 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით კოალიციის შეხედულება. რაც შეეხება სამომავლო ხედვას, აქაც დიდი სხვაობაა. სააკაშვილის ხელისუფლებას კარგად ესმის, რომ ჟენევის პროცესი ფაქტიურად ჩიხშია შესული. საქართველოს, როგორც იცით, იქ მოლაპარაკება რუსეთთან აქვს და ამ პროცესს 3 საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენელი ხელმძღვანელობს. აფხაზებს და ოსებს აქ მხოლოდ კერძო პირების სტატუსი აქვთ და არა მონაწილე „მხარის“. ჩვენი გაგებით, მათ საერთოდ სიტყვაც არ ეთქმით. 21 შეხვედრა გაიმართა, ახლა 22-ე იგეგმება და მოლაპარაკება პრაქტიკულად წინ არ მიდის. ამის მიუხედავად, წინა ხელისუფლება, იმისთვის, რომ გაამყაროს 2008 წლის ომის ლეგიტიმურობა და სხვა, ალტერნატიული არჩევანის არარსებობა, ამტკიცებს, რომ აფხაზებთან და ოსებთან რაიმე სახის მოლაპარაკების დაწყება შეუძლებელია. თუნდაც ეს იყოს ეკონომიკური ურთიერთობები, ან სავაჭრო ზონების გახსნის პერსპექტივები, თუნდაც რაღაც დოზით - უსაფრთხოების საკითხები. ამას გარდა, სააკაშვილი აცხადებს და მას რა თქმა უნდა, ნაციონალური მოძრაობაც უჭერს მხარს, რომ საქართველოს აქვს ერთადერთი გზა კონფლიქტების მოგვარების. და ეს მოხდება, თუკი რუსეთი გახდება დემოკრატიული, როცა პუტინის ხელისუფლება სათავეში აღარ იქნება. რამდენად რეალურია ეს პოზიცია, ეს უკვე თქვენმა მსმენელმა შეაფასოს.

ამ კონტექსტში რამდენად რეალურად მიგაჩნიათ ინტერესთა თანხვედრის წერტილების ამოქმედება, სავაჭრო-ეკონომიკური და უსაფრთხოების სფეროების ჩათვლით ისე, რომ შემდეგ ამას დაეფუძნოს წარმატებული მოლაპარაკება? ეს რეალურია?

ჩვენი მთავარი ამოცანა, ჩვენი სტრატეგიის მთავარი მიმართულება არის ნდობის იმ ხარისხის მოპოვება და დაბრუნება, რომელიც მომავალ წარმატებულ მოლაპარაკებებს ჩაუყრის საფუძველს. თუნდაც პოლიტიკური საკითხების დარეგულირების, რომელსაც აი ახლა, ამ ეტაპზე არანაირი პირი არ უჩანს, რომ მათი დაწყებაც კი შესაძლებელია. არადა რესურსი არის, თანაც რამოდენიმე და მის გამოყენებას ჩვენ აუცილებლად შევეცდებით. იცით, ალბათ, რომ რუსეთთან დიალოგი გარკვეულ დონეზე დაწყებულია და ველოდებით, რომ ურთიერთგაგება იქნება, ოღონდ არა პოლიტიკურ საკითხებზე. სანამ პოლიტიკას მივხედავთ, ელემენტარული დიალოგი, რომელიც მოლაპარაკების მაგიდამდე მიგვიყვანს ჩვენ და რუსებს, ჩვენ და აფხაზებს, ჩვენ და ოსებს, სრულიად აუცილებელია. ფაქტია, რომ ურთულესი მდგომარეობაა. ეს უნდა ვაღიაროთ და არავის დავუმალოთ. ჩიხი რამოდენიმე მიმართულებით გვაქვს: რუსეთის მიერ პრინციპული პოზიციების დათმობის არანაირი წინაპირობა არ არსებობს. აფხაზები და ოსები ერთადერთ პირობად მათ აღიარებას ითხოვენ, როგორც მხარეების, რომელთაც ერთი და იგივე წონა და ძალაუფლება აქვთ. ამ დონემდე მისული მოლაპარაკების ჩიხიდან გამოყვანა ურთულესი ამოცანაა. თუმცა, ჩვენ ვიცით, რომ არის საკითხები, თუნდაც უსაფრთხოების, და მის შესახებ საუბარზე აფხაზები და ოსები უარს არ იტყვიან. ძალიან არ მინდოდა ამ სიტყვის გამოყენება, მაგრამ პრაქტიკულად, რეალურად რომ ვიმსჯელოთ, შექმნილი მდგომარეობიდან გამოსავალი ამ წუთას ერთია: პოლიტიკურ თემებზე მოლაპარაკებაზე დროებითი მორატორიუმი უნდა გამოცხადდეს.

ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ ზურაბ აბაშიძის და გრიგორი კარასინის მომავალ შეხვედრაზე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის საკითხები არ დაისმება?

იცით რა, აუცილებლად დაისმება. თუმცა, წინაპირობად, წინათქმად ამ შეხვედრის დასახელდება და დაფიქსირდება ის პოზიცია, რომ პოლიტიკურ საკითხებზე მხარეებს რადიკალურად განსხვავებული პოზიცია გააჩნია. სავარაუდოდ შეეცდებიან საერთო მიდგომა, საერთო პოზიციები შეიმუშაონ რეგიონალური უსაფრთხოების თემებზე და ზოგადი განვითარების საკითხებზე, რაც პოტენციურად არის ნდობის აღდგენის ხელშეწყობის ერთადერთი წინაპირობა. პოლიტიკურად ურთიერთგამომრიცხავი პოზიციების მიუხედავად, გეოგრაფიული გარემო გვაიძულებს თანაარსებობისთვის გზები მოვძებნოთ. აქ ვგულისხმობ როგორც რუსებს, ასევე აფხაზებს და ოსებსაც. უნდა მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ ჩვენმა შვილებმა ერთმანეთს იარაღის სამიზნიდან არ უყურონ და მათ დიალოგის მინიმალური საშუალებები მაინც უნდა დავუტოვოთ.

რაკი რეგიონალური უსაფრთხოების თემაზე ჩამოვარდა საუბარი, საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიის წინააღმდეგ ერთ-ერთ მთავარ არგუმენტად აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება საქართველოს ტერიტორიაზე არსებულ უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებს ასახელებდა. რა მდგომარეობაა ამმხრივ და შეუშლის თუ არა ეს ფაქტორი ხელს მოლაპარაკებების წარმოებას?

ისიც უნდა ვთქვათ, რომ რუსეთი გამონაკლისი არ არის და ნებისმიერ ვითარებას საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად იყენებს. ევროკავშირის სტრუქტურებში რუსეთს დიდი გავლენა არ აქვს და რასაკვირველია მოსკოვს არ უნდა, რომ კონტროლის ბერკეტები დაკარგოს. ბევრი არგუმენტი და მიზეზი იმისთვის არის მოგონილი, რომ მოლაპარაკებებში წარმატება არ იქნეს მიღწეული. ევროკავშირის დამკვირვებლების არდაშვება იმ მიზეზით, რომ საქართველოს მხარეს რაღაც შეიარაღებული დაჯგუფებაა, ეს თითიდან გამოწოვილი არგუმენტია. შეუძლებელია, რომ უკანონო შეიარაღებული დაჯგუფების არსებობას ხელი შეუწყოს ან ევროკავშირის სამეთვალყურეო მისიამ, ან თუნდაც იმ დაჯგუფებას ქონდეს თავად ის მისია, რომ რეგიონში სტრატეგიული ვითარება ძირეულად შეცვალოს. გამორიცხულია. ახალი ხელისუფლების პირობებში რამდენიმე არგუმენტი, რომელსაც რუსეთი მოლაპარაკებათა დასაბრკოლებლად იყენებდა, უბრალოდ აღარ იარსებებს. შექმნილი მდგომარეობა რთულია, მაგრამ ამოსავალი ფორმულა ძალიან მარტივი: რუსეთს არ უნდა პროცესებში საერთაშორისო მონაწილეობა, თუმცა ჟენევაზე უარს არ ამბობს, როგორც საერთაშორისო უსაფრთხოებაზე პასუხისმგებლობის მქონე ქვეყანა. რუსეთს ასევე არ სურს, რომ აფხაზებს და ოსებს რუსების გვერდის ავლით ჰქონდეთ საერთაშორისო კონტაქტები სხვა ქვეყნებთან. სულ ეს არის. ჩვენ ინტერესებში კი პირიქით, აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი საუბრები კრიტიკულია, განსაკუთრებით - უსაფრთხოების თემაზე, ეკონომიკური რეაბილიტაციის საკითხებზე, საზოგადოებრივი ურთიერთობების თემაზე. ჩვენი მთავარი ამოცანა ამ ეტაპზე ნდობის პლატფორმის მომზადებაა, რათა სამომავლოდ პოლიტიკურ საკითხებზე საუბრის დაწყება შევძლოთ. ჟენევის მოლაპარაკებები ამ საქმეს უთუოდ ხელს უწყობს და სასიკეთოდ წარმართავს, მაგრამ საკმარისი არ არის. მე პირადად, არ ვფიქრობ, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილები უნდა ვიჯდეთ და ველოდოთ, როდის მოხდება გარღვევა ჟენევის შეხვედრებზე. მინდა აქვე ხაზი გავუსვა, რომ მე ჩემი პოზიცია გაგაცანით და არა შეჯერებული პოზიცია, თუნდაც საპარლამენტო უმცირესობასთან. მითუმეტეს, რომ კომისია, რომელსაც მე ვხელმძღვანელობ, პარიტეტულ პრინციპზეა აგებული.

დიდი მადლობა საინტერესო საუბრისთვის და გაფრენის წინ ინტერვიუზე რომ დაგვთანხმდით. იმედს ვიტოვებთ, რომ მომავალშიც ვითანამშრომლებთ.

დიდი მადლობა თქვენ, რომ ამ საკითხით ინტერესდებით. „ამერიკის ხმის“ ყურადღება ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.