სახელმწიფო მდივანი მაიკ პომპეო ბერლინის კედლის დანგრევიდან 30 წლისთავთან მიძღვნილ ღონისძიებებზე დასასწრებად გერმანიას სტუმრობს. ის ერთ-ერთ სოფლის სტუმრობის შემდეგ, რომელიც საბჭოთა კავშირის მიერ, აღმოსავლეთ გერმანიის საზღვრი გავლების შემდეგ გაყოფილი აღმოჩნდა, აღმოსავლეთ გერმანიის ქალაქ ლაიფციგში სიტყვით გამოვიდა და თქვა, რომ 30 წლის წინ ბერლინის კედლის დაცემის საქმეში,ტრანს-ატლანტიკურ თანამშრომლობას კრიტიკული როლი ჰქონდა და ის დღესაც მნიშვნელოვანია.
„დემოკრატიული ღირებულებების მქონე ქვეყნები აქ ვიყავით და დიდი ხნის განმავლობაში ერთობლივად ვმუშაობდით, რათა მიგვეღწია იმისთვის, რაც 1989 წელს მოხდა და კიდევ 1990 წელს. შესანიშნავი ვიმუშავეთ, რამაც შექმნა თავისუფლება და მილიონობით ადამიანი ძალიან, ძალიან რთული ვითარებიდან გამოიყვანა. ვფიქრობ, რომ „ნატო“ მნიშვნელოვან, კრიტიკულ, ალბათ მთელი ისტორიის განმავლობაში ყველაზე კრიტიკულ, სტრატეგიულ პარტნიორობად რჩება". - განაცხადა მან.
პომპეომ ნატოს მნიშნელობაზე მას შემდეგ ისაუბრა, საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა ჟურნალ „ეკონომისტისთვის“ მიცემული ინტერვიუში განაცხადა, რომ ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსი „ტვინის სიკვდილს“ განიცდის და ევროპას არ უნდა ქონდეს საკუთარი თავდაცვის საქმეში შეერთებული შტატების იმედი. ნატოს სხვა ევროპელი წევრებისადმი მიმართვაში მაკრონმა თქვა, რომ „ძველი კონტინენტი“ უფსკრულის პირთანაა და თუ არ გამოიღვიძებს, საკუთარი ბედის მართვას ვეღარ შეძლებს.
გერმანიის კანცლერი ფრანგ კოლეგას არ დაეთანხმა.
„საფრანგეთის პრეზიდენტმა მკვეთრი სიტყვები შეარჩია. „ნატოში“ თანამშრომლობას ასე არ ვხედავ. არ მგონია, რომ საჭიროა ასეთი ფართო დასკვნების გაკეთება, პრობლემები რომც გვქონდეს", - განაცხადა მერკელმა.
განცხადებას გამოეხმაურა ნატოს გენერალური მდივანიც. სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ალიანსი ძლიერებას ინარჩუნებს.
„ევროპის ერთობას მივესალმები. მივესალმები ევროპის თავდაცვის გაძლიერების ძალისხმევას, მაგრამ ევროპის ერთობას ტრანსატლანტური ერთობის შეცვლა არ შეუძლია", - თქვა იენს სტოლტენბერგმა.
პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოულოდნელმა გადაწყვეტილებამ, სირიიდან ამერიკული ჯარი გამოეყვანა, ნატოს მეორე წევრ თურქეთს, იქ შეჭრის საშუალება მისცა და ამან ალიანსის შიგნით კოორდინაციის თაობაზე კითხვები წარმოშვა.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პრეს-მდივანმა, საფრანგეთის პრეზიდენტის ინტერვიუზე პასუხი არ დააყოვნა, და აღნიშნა, რომ მაკრონის შენიშვნა, ნატოს ამჟამინდელი მდგომარეობის ზუსტი შეფასება იყო.
საარჩევნო კამპანიის დროს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ნატო შეაფასა, როგორც "ყავლგასული“. ტრამპი ევროპელ წევრებს ხშირად სდებდა ბრალს, რომ არ ასრულებდნენ ნატოსადმი აღებულ ვალდებულებას და თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის 2 პროცენტს არ ხარჯავენ. პომპეო ცდილობს პრეზიდენტის პოზიცია განმარტოს. მისი თქმით ტრამპის კრიტიკა მისი დაინტერესების მაჩვენებელია, რათა ალიანსმა ძლიერება შეინარჩუნოს.