გერმანია ამ ეტაპზე არ გეგმავს უკრაინაში ტანკების "ლეოპარდ 2" გაგზავნას, განაცხადა მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ჰებესტრეიტმა. აღნიშნული განცხადება მან ორშაბათს, 9 იანვარს გამართულ რეგულარულ ბრიფინგზე გააკეთა.
გერმანიამ გასულ კვირას თქვა, რომ კიევში "მარდერის" საბრძოლო მანქანებს გააგზავნის, იმ ფონზე როცა ბერლინს აკრიტიკებენ უკრაინის მცირე და დაბალტემპიანი დახმარების გამო. გერმანია იმასაც ამბობს, რომ არ გამორიცხავს "ლეოპარდის" ტანკების მიწოდებას, რომლებიც უფრო მძიმე საბრძოლო მანქანებია, ვიდრე "მარდერები". თუმცა, ამ ეტაპზე ეს საკითხი არ განიხილება.
დაახლოებით 40 "მარდერის" - მსუბუქი ქვეითი საბრძოლო მანქანის გაგზავნის თაობაზე, გერმანიამ პირველად ხუთშაბათს განაცხადა. ბერლინმა განცხადება იმავე დღეს გააკეთა, როცა შეერთებულმა შტატებმა თქვა, რომ კიევს "ბრედლის" ტიპის საბრძოლო მანქანებს გადასცემს. ანალოგიური განცხადება ერთი დღით ადრე საფრანგეთმაც გააკეთა.
ასევე ნახეთ: გერმანიაში გათხევადებული გაზის პირველი ტანკერი შევიდაგერმანიის მთავრობის პრესსპიკერმა შტეფან ჰებესტრეიტმა ასევე თქვა, რომ უკრაინას გერმანიისგან ასევე გადაეცემა "პატრიოტის" საზენიტო სარაკეტო სისტემის ერთი ბატარეა. "პატრიოტის" უკრაინისთვის გადაცემის თაობაზე ვაშინგტონმა განცხადება დეკემბერში გააკეთა.
ბერლინმა, ვიცე-კანცლერ რობერტ ჰაბეკის თქმით, შესაძლოა "მარდერთა" მთელი ფლოტი მიაწოდოს კიევს. ეს საბრძოლო მანქანები ცივი ომის დროს იქნა გამოშვებული და ის ეტაპობრივად „პუმას“ ტიპის საბრძოლო მანქანებმა ჩაანაცვლა. გერმანიას ასობით მსგავსი საბრძოლო ტექნიკა აქვს, თუმცა სულ რამდენს მიაწვდის კიევს, ჯერ უცნობია.
ასევე ნახეთ: რა არის "პატრიოტის სისტემა" და შეცვლის თუ არა ის ომის რეალობას?ხუთშაბათის განცხადება მოჰყვა კანცლერ ოლაფ შოლცზე მისი კოალიციის შიგნით მიმდინარე ზეწოლას, რომ ბერლინმა უფრო მეტი სამხედრო დახმარება უნდა გაუწიოს კიევს. ეს მოწოდებები კიდევ უფრო გაძლიერდა მას შემდეგ რაც საფრანგეთმა თქვა, რომ უკრაინაში AMX-10 RC საბრძოლო მანქანებს აგზავნის.
გერმანიამ რუსეთის უკრაინაში განმეორებითი შეჭრის შემდეგ, თავდაცვის ხარჯები გაზარდა და უკრაინას სამხედრო შეიარაღებას აწვდის. თუმცა, ბერლინი უფრო მოწინავე იარაღის გადაცემაზე თავს იკავებს, რუსეთთან დაპირისპირების შიშის გამო, რის გამოც გერმანიას ხშირად აკრიტიკებენ.