გერმანიის კანონმდებლებმა, კენჭისყრით ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონეს, რაც ჰომოსექსუალთა უფლებების აქტივისტების გამარჯვებად იქცა.
იმ დროს, როცა პარლამენტის ქვედა პალატა 393 ხმით 226-ის წინააღმდეგ კანონს იღებდა, თავი კი ოთხმა დეპუტატმა შეიკავა, აქტივისტები ცისარტყელის ფერებიან დროშებს აფრიალებდნენ და სიხარულს ხმამაღალი შეძახილებით გამოხატავდნენ. ეს გადაწყვეტილება დასავლეთის ზოგიერთ სხვა ქვეყანაში მსგავსი ქმედების შემდეგ იქნა მიღებული.
მას შემდეგ, რაც ანგელა მერკელმა კანონმდებლებს უთხრა, რომ შეეძლოთ ეს „საკუთარი შეგნების“ საკითხად მიეღოთ, რამდენიმე დღეში ასეთი გადაწყვეტილება იქნა მიღებული. მერკელი და მისი კონსერვატიული ბლოკის წევრები ერთნაირსქესიანთა შორის ქორწინების დაკანონების წინააღმდეგნი იყვნენ.
სამოქალაქო პარტნიორობა გერმანიაში 2001 წლიდან კანონიერი, ერთნაირსქესიანთა ქორწინება კი უკანონო იყო.
ქორწინების თანასწორობის აქტივისტმა, ზორენ ლენდმანმა თქვა: „ეს გერმანიისთვის უბრალოდ ისტორიული დღეა, დღეს ათასობით ერთნაირსქესიან წყვილს თანასწორობა მინიჭა და სიყვარულის საკითხში ორკლასიანი საზოგადოება გაუქმდა. დღეს გერმანიას ნამდვილად შეუძლია უხაროდეს.“
საერთაშორისო ამნისტიის ევროპული განყოფილების დირექტორი ჯონ დალჰუზენი, კენჭისყრის შედეგებს მიესალმა და თქვა: „გერმანია 23-ე ქვეყანა გახდა, სადაც ერთნაირსქესიანთა ქორწინებას აღიარებენ და მსოფლიოს ნათელი გზავნილი მიაწოდა იმის შესახებ, რომ ჰომოსექსუალებს თანაბაეი უფლებები და კანონის მხრიდან თანასწორი დაცვა უნდა ჰქონდეთ.“
მერკელმა თქვა, რომ მან ხმა კანონპროექტის წინააღმდეგ მისცა, რადგან სჯერა, რომ გერმანიის კანონით განსაზღვრული ქორწინება მამაკაცს და ქალს შორის იყო. მერკელმა თქვა, რომ მისი გადაწყვეტილება პირადი არჩევანი იყო.
მან თქვა: „ვიმედოვნებ, რომ დღევანდელი კენჭისყრა არა მხოლოდ სხვადასხვა მოსაზრებებს შორის პატივისცემას გაამყარებს, არამედ მეტ საზოგადოებრივ ერთობას და მშვიდობას მოიტანს.“
კათოლიკურმა ეკლესიამ ამ გადაწყვეტილების გამო მწუხარება გამოთქვა.
კანონს ჯერ კიდევ პარლამენტის ზედა პალატის მიერ დამტკიცება სჭირდება.