გერმანიის თავდაცვამ გაფრთხილება გამოთქვა მედიაში გავრცელებულ ცნობასთან დაკავშირებით, რომლის მიხედვითაც, გაზსადენზე "ჩრდილოეთის ნაკადი" მომხდარი აფეთქების მოწყობაში, ეჭვი პროუკრაინულ ჯგუფზე აქვთ. გერმანიის თავდაცვის მინისტრმა ბორის პისტორიუსმა დღეს, 8 მარტს განაცხადა, რომ მედიის ანგარიშებს "დიდი ინტერესით" გაეცნო, მაგრამ მან ნაჩქარევი დასკვნების გამოტანისგან თავშეკავებისკენ მოუწოდა. პისტორიუსი სტოკჰოლმში იმყოფება, სადაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრა მიმდინარეობს.
ერთი დღით ადრე, ამერიკულ გამოცემა "ნიუ-იორკ თაიმსში", ისევე როგორც გერმანულ გაზეთებში და საზოგადოებრივ მაუწყებლებზე გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, შეერთებული შტატების ფედერალურ გამოძიებას ეჭვი აქვს პოლონეთში დაფუძნებულ, უკრაინელთა მფლობელობაში მყოფ კომპანიაზე. უკრაინის მთავრობა ბრალდებას უარყოფს.
მედიაში გავრცელებულ ცნობებში არაფერია ნათქვამი აფეთქების მომწყობთა შესაძლო კავშირზე უკრაინის მთავრობასთან. პუბლიკაცია ასევე არაფერს ამბობს ოპერაციის ხელმძღვანელის და სპონსორის ვინაობაზე. "ნიუ-იორკ თაიმსში" ანონიმური წყაროები მხოლოდ იმაზე მიუთითებენ, რომ ეჭვმიტანილი ჯგუფი შესაძლოა შედგებოდა უკრაინის მოქალაქეებისგან. ისინი არ გამორიცხავენ მომწყობთა შორის ანტირუსული განწყობის მქონე რუსეთის მოქალაქეების ყოფნასაც.
აფეთქება გაზსადენზე "ჩრდილოეთის ნაკადი" გასულ წელს, 2022 წლის 26 სექტემბრის ღამით მოხდა. „ჩრდილოეთის ნაკადი 1" მაშინ რუსეთიდან გერმანიაში რუსული გაზის ექსპორტის მთავარი მაგისტრალი იყო, რომელიც გერმანიიდან ბუნებრივ აირს ევროპის სხვა ქვეყნებსაც აწვდიდა.