6 სექტემბერს, თბილისში გერმანიის საკანონმდებლო ორგანოს, ბუნდესტაგის დელეგაცია ოფიციალური ვიზიტით ჩავიდა. გერმანული დელეგაცია საქართველოში ევროკავშირის კანდიდატის წევრობის პროცესისა და ე.წ "უცხოეთის აგენტების" კანონის განსახილველად იმყოფება.
დელეგაციის წევრები პარლამენტში შეხვდნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს, ფრაქცია „ქართული ოცნების“ წევრს ნიკოლოზ სამხარაძეს. დეპუტატმა მოგვიანებით უპასუხა ჟურნალისტების შეკითხვას - რატომ არ შედგა შეხვედრა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძესთან და პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილთან? სამხარაძის თქმით, პაპუაშვილი იმერეთში იმყოფება და ამიტომ ვერ შეძლო შეხვედრაში მონაწილეობის მიღება. ბუნდესტაგის დელეგაციასთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემაც.
"მეც მთხოვეს, მაგრამ, მგონი, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით ჩემი შეხვედრა ამ დეპუტატებთან მიზანშეწონილი არ არის", - თქვა კობახიძემ.
როგორც კობახიძემ განმარტა, მას შემდეგ, რაც რამდენიმე თვის წინ ბუნდესტაგის ერთ-ერთი წევრი მმართველ გუნდთან შეხვედრის შემდეგ რამდენიმე საათში „რადიკალური ოპოზიციის“ მიერ მოწყობილ აქციაზე აღმოჩნდა, პირდაპირ სცენაზე იყო ასული და ჩართული იყო „რევოლუციურ მცდელობაში“, ხელისუფლების მხრიდან მათთან შეხვედრა მიზანშეწონილი არ იქნებოდა.
ხელისუფლების ზოგიერთ წევრთან შეუმდგარი შეხვედრი შესახებ ისაუბრეს გერმანელმა კანონმდებლებმაც. "ჩვენ არ გვქონდა ხელისუფლებასთან შეხვედრის შესაძლებლობა, რადგან მათ უარი თქვეს ჩვენს მიღებაზე - ჯერ მოთხოვნილი იყო უმაღლესი დონის შეხვედრა, შემდეგ მეორე დონეზე, მესამე დონეზე და არავის ჰქონდა დრო ჩვენთვის", - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, თავისუფალი დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა ულრიხ ლეხტემ გერმანიის საელჩოში გამართულ შემაჯამებელ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მან იმედი გამოთქვა, რომ 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ, იქნება სრულად ფუნქციური დემოკრატია საქართველოში.
პრესკონფერენციაზე, სადაც თავისი ვიზიტი შეაფასეს, გერმალენმა დეპუტატებმა ევროკაშირში ასოცირების და "უცხოეთის აგენტების" კანონის შესახებაც ისაუბრეს.
"ყველამ ვიცით, რომ არსებობს 9 ნაბიჯი, რომელიც უნდა შესრულდეს გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურად გასახსნელად. შემიძლია გითხრათ, რომ ახლა არის მე-10 ნაბიჯიც, რომელიც გულისხმობს „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონის გაწვევას", - განაცხადა გერმანიის ბუნდესტაგის წევრმა, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წარმომადგენელმა, ნილს შმიდმა თბილისში გამართულ პრესკონფერენციაზე, სადაც თბილისში ვიზიტის შედეგები შეაჯამა.
მისი შეფასებით, „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონი" ევროპულ სტანდარტებს არ შეესაბამება.
„უცხოური აგენტების“ კანონი ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაში არ არის. ასე რომ, უნდა შესრულდეს 9 ნაბიჯი და ასევე მე-10 ნაბიჯი, სანამ გადავალთ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების ოფიციალურ დაწყებამდე. ჩვენ ეს ნათლად განვაცხადეთ ყველასთან, ვისაც შევხვდით, რადგან გვინდა იცოდეთ, გვინდა ქართველმა ხალხმა იცოდეს, რომ ეს არის ძალიან მკაფიო კრიტერიუმი, რომელიც უნდა შესრულდეს”, - აღნიშნა გერმანელმა დეპუტატმა.
ბუნდესტაგის ფრაქციების სპიკერებს საქართველოს პარლამენტში შეხვედრა ჰქონდათ საპარლამენტო ოპოზიციის წევრებთან, რომლებთანაც წინასაარჩევნო გარემო მიმოიხილეს. გარდა ამისა, შეხვედრის შემდეგ, პოლიტიკური ჯგუფის „გირჩის“ წევრმა ჰერმან საბომ ილაპარაკა მათგან მოსმენილი ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილის შესახებ.
„გერმანელ სტუმრებთან შეხვედრისას ყველაზე მნიშვნელოვანი გზავნილი, რომელიც გაჟღერდა ის იყო, რომ დასავლეთის მიმართ ხელისუფლების ასეთი დამოკიდებულებითა და პოლიტიკური მიდგომებით საქართველოს ადგილი ევროკავშირში ვერ იქნება. შეხვედრაზე სტუმრები ასევე დაინტერესდნენ, თუ როგორია ოპოზიციის ხედვა კოალიციური მთავრობის მიმართ და გარკვეულ საკითხებზე თანამშრომლობასთან მიმართებაში“, - თქვა ჰერმან საბომ.
2024 წლის მაისში თბილისში ოფიციალური ვიზიტით მყოფმა გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ მიხაელ როთმა განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობის წევრები მას და დელეგაციის სხვა წევრებს არ შეხვდნენ. მაშინაც როთი მხოლოდ ნიკოლოზ სამხარაძეს შეხვდა. „მან [სამხარაძემ] მიგვიღო არა პარლამენტში, არამედ „ქართული ოცნების” ოფისში“, - წერდა ის.
მასალა მომზადებულია „ინტერპრესნიუსის“ და „რადიო თავისუფლების“ ცნობებზე დაყრდნობით.