გერმანიაში სოციალური დისტანცირების რეგულაცია 10 მაისამდე გახანგძლივდა

სოციალური დისტანცირების წესები გერმანიაში 10 მაისამდე შენარჩუნდა. განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმა გააკეთა. მისი თქმით, კვირის ბოლომდე გაიმართება შეხვედრა, სადაც განხილული იქნება ის ეტაპები და გზები, თუ როგორ გაგრძელდება დაწესებული შეზღუდვების მოხსნა.

გერმანიაში არ არის გამორიცხული სკოლებისა და ბაღების გახსნაც, ასევე საუბარია სპორტული ღონისძიებების ჩატარების თაობაზეც, თუმცა როგორ მოხდება მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება, ეს ამ დროისთვის ცნობილი არ არის. სავარაუდოდ, გერმანიის მთავრობა ამის შესახებ 6 მაისის შემდეგ ისაუბრებს, მაშინ როცა მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქების პირველი 2 კვირა გავა. სწორედ ამ 2 კვირის შედეგებზე იქნება დამოკიდებული გერმანიის მომდევნო ნაბიჯები.

გერმანიამ, რომელიც ევროპაში უმსვილესი და უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ცენტრია, პანდემიის დროს დაწყებული მკაცრი შეზღუდვების შემსუბუქება, რამდენიმე დღის წინ დაიწყო. გაიხსნა მაღაზიები და ბიზნესები, თუმცა ყველა ვალდებულია იმუშაოს სოციალური დისტანცირების პირობით. აღსანიშნავია, რომ მას შემდეგ რაც გერმანიაში შეზღუდვების შემსუბუქება დაიწყო, ქვეყანაში კვლავ იზრდება ინფიცირებულთა რაოდენობაც, რის გამოც გერმანიის კანცლერის მრჩეველთა ჯგუფი შეშფოთებას გამოთქვამს.

რა გადაწყვეტილებას მიიღებს გერმანიის მთავრობა, ჯერ უცნობია. მანამდე კი არსებობს ვარაუდი იმისა, რომ უახლოეს პერიოდში გერმანიაში გაიხსნას მუზეუმები, ზოოპარკები, ბოტანიკური ბაღები ჩატარდეს გამოფენები.

თუმცა, ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ აღნიშნული დაწესებულებები და ორგანიზატორები შეძლებენ დააკმაყოფილონ სოციალური დისტანცირების დროს არსებული სტანდარტები. დოკუმენტი, რომელზეც ახლა მთავრობა მუშაობს, 11 მილიონამდე ევროს გამოყოფას გულისხმობს იმ მუზეუმებისთვის, რომლებიც მარტივად შეძლებენ ადაპტირებას არსებულ წესებთან მიმართებაში. ამავე დოკუმენტში საუბარია, რომ შესაძლოა გერმანიაში ეკლესიებიც გაიხსნას.

ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი გერმანიაში დღეს საშუალოდ 0.76 იყო, კვირის დასაწყისში კი 0.96 იყო. ეს ნიშნავს, რომ თითო ადამიანი აინფიცირებს ერთზე ნაკლებ ადამიანს.

გერმანიაში ახალი კორონავირუსი 160 000-ზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა, ხოლო გარდაცვლილია 7 000-მდე ადამიანი. გამოჯანმრთელებულად ითვლება 124 000-მდე ადამიანი.