გერმანიამ გაჩხრიკა რუსეთზე დაწესებული სანქციების გვერდის ავლაში ეჭვმიტანილები

ხუთშაბათს, 9 თებერვალს, გერმანიაში 3 ორგანიზაციის ოფისები და 3 კერძო პირის ბინები გაჩხრიკეს. ისინი ეჭვმიტანილები არიან ევროპის კავშირის მიერ რუსეთზე დაწესებული სანქციებისთვის თავის არიდებაში. განცხადებას გერმანიის პროკურატურა ავრცელებს.

გერმანია იძიებს რუსეთში მილიარდობით დოლარის ღირებულების ელექტრონული კომპონენტების გადაზიდვის ფაქტს, იმის მიუხედავად, რომ უკრაინაში მსხვილმასშტაბიანი ომის დაწყების გამო, დასავლეთს რუსეთში ამ ტიპის ექსპორტი აკრძალული აქვს. ოფიციალური ბერლინი კონკრეტულ ორგანიზაციებს და პირებს არ ასახელებს, ამბობს მხოლოდ იმას, რომ მათი ოფისებიდან და ბინებიდან ამოღებულია დოკუმენტები და კომპიუტერული მოწყობილობები.

ასევე ნახეთ: რუსი ოლიგარქისთვის ჩამორთმეული 5.4 მილიონი, შესაძლოა კიევს გადაეცეს

გამოძიებაში ჩახედული ერთ-ერთი წყარო სააგენტო "როიტერს" ეუბნება, რომ ერთ-ერთი ეჭვმიტანილია კომპანია Smart Impex GmbH. ეს გერმანული საბითუმო ვაჭრობის კომპანია სავარაუდოდ, სანქციების გვერდის ავლით, ელექტრონულ მოწყობილობებს თურქული შუამავალი კომპანიის საშუალებით, რუსეთს აწვდიდა.

"როიტერმა" ვერ შეძლო კომპანიის მენეჯერ გოქთურქ აგვაზთან დაკავშირება. სააგენტოს ჟურნალისტური გამოძიების მიხედვით, სწორედ აგვაზმა გახსნა თურქეთში კომპიუტერული ტექნოლოგიებით მოვაჭრე ფირმა სახელად Azu International Ltd Sti, რომელიც რუსეთთან შუამავლის როლს თამაშობდა.

ოქტომბერში აგვაზმა საინფორმაციო სააგენტო "როიტერს" უთხრა, რომ მისმა კომპანიამ რუსეთში ექსპორტი მას შემდეგ შეწყვიტა, რაც ევროკავშირმა რუსეთს სანქციები დაუწესა. თუმცა, სააგენტოს გამოძიებამ აჩვენა, რომ მისმა კომპანიამ გასულ წელს რუსეთში სულ ცოტა, $20 მილიონის ღირებულების ელექტრონული მოწყობილობები შეიტანა, მათ შორის ამერიკული წარმოების ჩიპებიცაა. "როიტერის" ცნობით, ეს რუსეთის საბაჟო დოკუმენტებით დასტურდება.

გერმანიის პროკურატურაში საქმე "როიტერის" ჟურნალისტური გამოძიების შემდეგ აღიძრა. საინფორმაციო სააგენტოსთვის ჯერჯერობით უცნობია რეიდში მოყოლილი დანარჩენი 2 კომპანიის და 3 ინდივიდის ვინაობა, რომლებიც სანქციებისთვის თავის არიდებით, რუსეთის დახმარებაში არიან ეჭვმიტანილები.

Your browser doesn’t support HTML5

რუსეთი იმაზე მეტს ხარჯავს, ვიდრე შემოსავალი აქვს - როგორ მუშაობს სანქციები?