გერმანიის ელჩი საქართველოში, ერნსტ პეტერ ფიშერი აცხადებს, რომ საკვირველად შეცვლილია საქართველოს ხელისუფლების რიტორიკა. მისი თქმით, ხელისუფლების მიერ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებების გამო, შეცვლილია ევროკავშირის წევრი ქვეყნების პოლიტიკაც საქართველოსთან მიმართებით და შეჩერებულია ევროკავშირში საქართველოს გაწევრიანების პროცესი.
საერთაშორისო კონფერენციაზე სახელწოდებით „ევროკავშირის გაფართოება - გეოპოლიტიკური საჭიროება და შემდგომი ნაბიჯები ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნებისთვის“, აუდიტორიასთან მიმართვისას, გერმანიის ელჩმა საქართველოში საზოგადოებას შეახსენა, რომ „ევროკავშირი არის ჩვენი დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის სივრცე“ და ამ სივრცეში გაწევრიანებისთვის ფანჯარა საქართველოსთვის გაიღო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის შემდეგ, „მაგრამ შეიძლება ფანჯარა დაიხუროს ისევ. ფანჯრები მუდამ ღია ვერ იქნება. იმიტომ რომ ეს პოლიტიკური პროცესია. პოლიტიკა იცვლება".
„არ გაუშვათ ისტორიული შესაძლებლობა, გაწევრიანდეთ გლობალური მშვიდობის პარტიაში იმიტომ, რომ ეს არის ის, რასაც ევროკავშირი წარმოადგენს“, - თქვა ფიშერმა.
გერმანიის ელჩის თქმით, ის არასდროს გამხდარა პოლიტიკური რიტორიკის ისეთი ცვლილების მომსწრე, როგორსაც ახლა საქართველოში ხედავს.
„მე მსგავსი შემოტრიალების მომსწრე არასდროს ვყოფილვარ. არის ზოგი ობიექტური ფაქტი, რომელთა ჩამოთვლაც არ არის სავალდებულო, მაგრამ გამჭვირვალობის კანონი მკაფიოდ ეწინააღმდეგება ევროპულ სტანდარტებს... საკანონმდებლო აქტები ჩვენს პარტნიორულ ურთიერთობასთან დიდად თანხვედრაში არ მოდის... თუ მთავრობა აირჩევს ამ მიუღებელ რიტორიკას, ურთიერთობები შეიცვლება... პლუს არის რიტორიკა. როგორღაც გერმანია, ევროკავშირი, აშშ-ც კი საუკეთესო მეგობრებიდან, ძლიერი მხარდამჭერებიდან, 30 წლის განმავლობაში განგრძობითად ფანტასტიკური პარტნიორობიდან, როგორღაც, ძალიან გასაკვირად, ახლა ვართ საშიშები, ზოგჯერ გვიწოდებენ ფაშისტებს, ტერორისტებს, მსგავსი რიტორიკა არ არგებს პარტნიორობას“, - განაცხადა პეტერ ფიშერმა.
მისი განცხადებით, ევროპულმა საბჭომ - ევროკავშირის წევრი 27 ქვეყნის ლიდერებმა - მიიღო გადაწყვეტილება საქართველოს გაწევრიანების პროცესის შეჩერების შესახებ: „ახლა ესაა ევროკავშირის პოლიტიკა“.
გერმანიის ელჩი ამბობს, რომ აშშ-სთან ერთად გერმანია საქართველოს განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უმსხვილესი დონორია, მაგრამ ახლა პროცესი გადახედვის ეტაპზეა.
"ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ამჟამად საქართველოსთან მიმართებით ახალი ვალდებულებები არ ავიღოთ, ამიტომ გერმანიიდან საქართველოსთვის ახალი ფინანსური ვალდებულებები ამჟამად არ არის. მიმდინარე პორტფოლიოსაც მიმოვიხილავთ. საჭიროა გამეორება, რომ დახმარება მიმართულია საქართველოს სახელმწიფოსკენ, ზუსტი მონაცემები არ მაქვს, მაგრამ დაახლოებით 10-15%-ია, რაც არ მიემართება სახელმწიფოს. ასევე, გერმანელმა სამხედროებმა „ღირსეული პარტნიორის“ წვრთნებში მონაწილეობა გააუქმეს, ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ გვაქვს სამართლებრივ სფეროში თანამშრომლობის ხანგრძლივი ისტორია. გავაუქმეთ დიდი სამართლებრივი ფორუმი, რომელიც გასულ წელს თბილისში გაიმართა და ამ ზაფხულს ბერლინში უნდა ჩატარებულიყო“, - თქვა ფიშერმა.
ვოლსკის პასუხი
საქართველოში გერმანიის ელჩის, ანდერს პეტერ ფიშერის განცხადებას გამოეხმაურა პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი. ის საქართველოს ხელისუფლების მიმართ განცხადებებს, სულ მცირე, უსამართლობად აფასებს.
„არ არის სწორი ბატონი ფიშერი ამ შემთხვევაში და აბსოლუტურად საზოგადოებას უნდა ესმოდეს, რომ რიტორიკის შედეგი შეიძლება იყოს იმ რიტორიკაზე რეაგირების გაკეთება, რომელიც თუნდაც დღევანდელ ევროკომისარს, ყოფილ ესტონეთის პრემიერ-მინისტრს, ჰქონდა საქართველოს მიმართ", - თქვა გია ვოლსკიმ და დაამატა: "ასეთი განცხადების გაკეთება, ყველაზე მცირე, უსამართლობაა და გარკვეულ კითხვებს წარმოშობს. მართლაც ხომ არ არის ამ ნაბიჯების უკან რაღაც იდეა, რომ ლომჯარიამაგვარი ადამიანებით დაკომპლექტდეს ხელისუფლება, მაშინ, როდესაც არჩევნები არის სულ ახლო მომავალში“.
რაც შეეხება გამჭვირვალობის თაობაზე საქართველოს მიერ მიღებულ კანონს და არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსებას, ამასთან დაკავშირებით, ვოლსკი ამბობს:
“ჩვენი მხრიდან საუბარია იმაზე, რომ გამჭვირვალობა არის აუცილებელი, რადგან არასამთავრობო ორგანიზაციები რადიკალური ოპოზიციის წინა რიგებში მყარად დაფუძნდნენ და ხელისუფლებას ინტენსიურად უტევენ, მათ შორის გადადგომისა და გადატრიალების მოთხოვნით. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ თანხები, რასაც არასამთავრობო ორგანიზაციები იღებენ, საზოგადოებისთვის გამჭვირვალე იყოს, მათ საქმიანობას არავინ ზღუდავს. საზოგადოებამ უნდა იცოდეს არჩევნების დროს ვის მისცეს ხმა - ადამიანებს, რომლებიც ქვეყანაში გადატრიალებასა და დესტაბილიზაციას გეგმავენ თუ იმ ხელისუფლებას, რომელიც სტაბილურობის და ეკონომიკური განვითარების მყარ ტენდენციას უჩვენებს“.
პრეისტორია
9 ივლისს ევროკავშირის ელჩმა საქართველოში პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა, რომ ევროკავშირმა საქართველოს შეუჩერა თავდაცვის გასაძლიერებლად გამოყოფილი 30 მილიონი ევროს ოდენობის დახმარება. მანამდე, 27 ივნისს ევროპულმა საბჭომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით წუხილი გამოთქვა, კერძოდ, „აგენტების კანონის“ დამტკიცება კომისიის მიერ შეფასდა უკუსვლად კანდიდატის სტატუსთან დაკავშირებულ რეკომენდაციებთან მიმართებით. ამის შესახებ ნათქვამია ევროპული საბჭოს სამიტის შემდეგ, 27 ივნისს გავრცელებულ განცხადებაში.
მაისში მმართველმა პარტიამ - „ქართულმა ოცნებამ“ - 84 ხმით მიიღო „აგენტების კანონი“. ამ კანონპროექტის მიღებას ქუჩაში ათასობით ადამიანი აპროტესტებდა, საქართველოს ხელისუფლებას კი პარტნიორი ქვეყნები მოუწოდებდნენ, უარი ეთქვა კანონის მიღებაზე, რადგან ის ქვეყნის ევროინტეგრაციას შეუშლიდა ხელს.
იმის მიუხედავად, რომ პარტნიორებისგან საქართველოს ხელისუფლებამ მკაფიო გაფრთხილებები მოისმინა, აშშ-მა კი „საქართველოში დემოკრატიისთვის ძირის გამოთხრაში“ პასუხისმგებელ პირებს სანქციები დაუწესა, მმართველ პარტიაში ამბობენ, რომ „აგენტების კანონი“ ქვეყანას ევროკავშირთან აახლოებს.
დამატებით, 5 ივლისს ცნობილი გახდა, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან ერთად დაგეგმილი სამხედრო წვრთნები, „ღირსეული პარტნიორი“ (Noble Partner), რომელსაც საქართველო 2016 წლიდან მასპინძლობდა, საქართველოსთან ურთიერთობის პოლიტიკის გადახედვის ფარგლებში, განუსაზღვრელი დროით გადადო.
შეერთებული შტატების თავდაცვის დეპარტამენტის ოფიციალური განცხადების თანახმად, გადაწყვეტილება განპირობებულია საქართველოს „მთავრობის ცრუ ბრალდებებით შეერთებული შტატებისა და სხვა დასავლური სუბიექტების მიმართ“.