28 ნოემბერს საქართველოში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართება. ქართული დემოკრატიისთვის ეს დიდი გამოცდა იქნება. თუ არჩევნები თავისუფალ, სამართლიან და გამჭვირვალე გარემოში ჩატარდა, ქვეყანა დაადასტურებს, რომ რეფორმების კურსს შედეგი აქვს. ასევე დადასტურდება ისიც, რომ საქართველო პოსტ-საბჭოთა მენტალიტეტიდან გამოვიდა და დასავლურ, დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებულ საზოგადოებად ჩამოყალიბდა. ასე აფასებენ მომავალ საპრეზიდნეტო არჩევნებს საექსპერტო წრეები ვაშინგტონში.
იმედი მაქვს, მეორე რაუნდის შედეგებს, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ყველა მხარე აღიარებს. ხოლო, თუ ხმების ხელმეორედ დათვლა გახდა საჭირო, ეს სათანადო და მშვიდობიანი გზით მოხდება.დევიდ კრამერი
დაპირისპირებებისა და საარჩევნო ვნებათაღელვის მიუხედავად, არჩევნების მონიტორინგის ერთ-ერთი ყველაზე სანდო საერთაშორისო ორგანიზაცია ეუთო აცხადებს, რომ პირველი ტური თავისუფალი და სამართლიანი იყო.
ნამდვილი გამოცდა მეორე ტური იქნება. იმისთვის, რომ 28 ნოემბრის არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად შეფასდეს, ცხადი უნდა იყოს ის, რომ არ შეიზღუდა საქართველოს მოქალაქეების უფლება გააკეთონ თავისუფალი არჩევანი. საბოლოო ჯამში, დემოკრატიულობის უტყუარი ნიშანი კი ის ქნება, რომ არჩევნები ძალდობის და არეულობის გარეშე დამთავრდეს და ორივე მხარემ არჩევნების შედეგი აღიაროს.
„დემოკრატია სწორხაზოვნად არ ვითარდება. ქვეყნები ზოგჯერ გზიდან გადაუხვევენ ხოლმე,“ აცხადებს დევიდ კრამერი ფლორიდის საერთაშორისო უნივერსიტეტიდან. მისი თქმით, 2007 წლის ნოემბრის მოვლენები წინა მთავრობის პერიოდში მოხდა. მეორეს მხრივ კი, დღეს „ფრიდომ ჰაუსი“ საუბრობს კერძო ინტერესების გავლენაზე საქართველოს სახელმწიფოს ფუნქციონირების პროცესზე და მედიის თავისუფლების შეზღუდვაზე.
თუმცა, კრამერი ამბობს, რომ მას დემოკრატიული ხაზიდან პერიოდული, დროებითი გადახვევები იმდენად არ აშფოთებს, რამდენადაც არეულობის მოლოდინი.
არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ერთ-ერთმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველ რაუნდში გაიმარჯვებდა, ისინი ქუჩაში გავიდოდნენ. ეს, ცხადია, არ მოხდა. თუმცა, ამან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად დაძაბული და პოლარიზებულია გარემო.დევიდ კრამერი
“იმედი მაქვს, მეორე რაუნდის შედეგებს, ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ყველა მხარე აღიარებს. ხოლო, თუ ხმების ხელმეორედ დათვლა გახდა საჭირო, ეს სათანადო და მშვიდობიანი გზით მოხდება,” “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა კრამერმა.
“შემაწუხა იმან, რომ არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ერთ-ერთმა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელმა მითხრა, რომ თუ სალომე ზურაბიშვილი არჩევნების პირველ რაუნდში გაიმარჯვებდა, ისინი ქუჩაში გავიდოდნენ. ეს, ცხადია, არ მოხდა. თუმცა, ამან ხაზი გაუსვა იმას, თუ რამდენად დაძაბული და პოლარიზებულია გარემო. მაშინ საქართველოდან იმაზე მეტად აღელვებული წამოვედი, ვიდრე ოდესმე. სახელმწიფო დეპარტამენტში ზოგიერთ ჩემს კოლეგასაც ვესაუბრე ამ შეშფოთების გასაზიარებლად,” თქვა კრამერმა.
ახალგაზრდა დემოკრატიებისთვის ერთგვარი არაფორმალური სტანდარტი არსებობს, რომ ქვეყანა ჩამოყალიბებულ დემოკრატიად მაშინ ითვლება, თუ ძალაუფლების გადაცემა მშვიდობიანი გზით ზედიზედ მინიმუმ ორჯერ ხდება. 2012 წელის შემდეგ, საქართველო ამ გზაგასაყარზე დღეს დგას. ამიტომ ქვეყანამ მომავალ არჩევნებზე შეცდომა არ უნდა დაუშვას.
“საქართველომ თავს უფლება არ უნდა მისცეს [ამ არჩევნებში] აურიოს. შეცდომას ყველა ქვეყანა უშვებს. შეცდომები დემოკრატიის ბუნებრივი ნაწილია. არევაში იმას ვგულისხმობ, რომ არ შეიქმნას დიდი პრობლემა... ძალადობა, გაყალბებული არჩევნები, რაღაც ისეთი, რაც საქართველოს იმ გზიდან გადააგდებს, რომელსაც ის ამდენი ხანია დგას. საქართველო დემოკრატიის, იმედისა და წარმატების კუნძულია და ეს ასე უნდა დარჩეს,” თქვა კრამერმა.
მან ასევე განმარტა, რომ ამერიკაში საქართველოს მიმართ ორპარტიული მხარდაჭერა გრძლდება, თუმცა ევროპაში საქმე სხვაგვარადაა. ეს კიდევ ერთი მიზეზია იმისთვის, რომ არჩევნები საეთაშორისო სტანდარტების დაცვით ჩატარდეს.
ჩაატაროს არჩევნები ძალადობის გარეშე. ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნები და აირჩიოს პრეზიდენტი, რომელსაც ამომრჩევლის თანხმობა აქვს და მოქალაქეების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად გრძნობს.მაიკ გონზალესი
“ევროპაში არსებობს მთავრობები, რომლებიც სიამოვნებით გაუკეთებდნენ საქართველოს იგნორირებას, ქვეყანა არასწორი გზით რომ წავიდეს. საქართველომ შეიძლება ამერიკის ფოკუსი და ყურადღებაც დაკარგოს, თუ ქვეყანა დემოკრატიულ კურსზე არ დარჩა და ევროპულ თანამეგობრობასთან უფრო ახლო ინტეგრაცია არ გააგრძელა.”
მაიკ გონზალესი, “ჰერიტიჯის ფონდის” უფროსი მკვლევარი ამბობს, რომ წარმატებული მეორე რაუნდის ჩატარება იმის დასტური იქნება, რომ საქართველო დასავლეთის ნაწილია. “საქართველო ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ დასავლეთს დაანახოს, რომ საკუთარი ისტორიით, რელიგიით, ენით, ის დასავლეთის ნაწილია. ვფიქრობ, სწორედ ამის გამო, საქართველომ უნდა გააგრძელოს წინსვლა დასავლური ღირებულებებით და ისე იმოქმედოს, როგორც ეს დასავლურ დემოკრატიას შეეფერება.”
ცოტა ხნის წინ, შეერთებულ შტატებში კონგრესის არჩევნები ჩატარდა, რომელმაც ქვეყანაში არსებულ უკიდურეს პოლარიზებას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი. თუმცა, გონზალესის თქმით, ის, რომ კანდიდატები ოპონენტების გამარჯვებას სასამართლოში აპროტესტებდნენ და არა ქუჩაში, იმის დასტურია, რომ ამერიკა დემოკრატიული ქვეყანაა.
იგივეს დემონსტრირება საქართველოსაც შეუძლია იმით, რომ “ჩაატაროს არჩევნები ძალადობის გარეშე. ჩაატაროს თავისუფალი, სამართლიანი და სანდო არჩევნები და აირჩიოს პრეზიდენტი, რომელსაც ამომრჩევლის თანხმობა აქვს და მოქალაქეების წინაშე თავს ანგარიშვალდებულად გრძნობს.”
საქართველოს გულშემატკივრებს მიაჩნიათ, რომ არჩევნების შემდეგ ძალადობა, ან არჩევნების გაყალბების გამოვლენა, საქართველოს დიდ გრძელვადიან დარტყმას მიაყენებს.
“საქართველოს იმიჯს დიდი დარტყმა მიადგება თუ არჩევნებზე დიდი პრობლემები შეიქმნება. ამერიკაში ხედავენ იმას, თუ როგორი რთულია საქართველოს მდგომარეობა რუსეთის ქვეყანაში შეჭრის შემდეგ, როცა ქვეყნის ერთი მეხუთედის, 20 პროცენტის ოკუპაციას უცხო ქვეყნის ჯარი ახდენს და თბილისი საკუთარ ტერიტორიას ბოლომდე ვერ აკონტროლებს. 20 წლის წინ ყველას ეგონა, რომ საქართველო შეუმდგარი სახელმწიფო იქნებოდა და დღეს შეხედეთ - საქართველო შუმდგარი სახელმწიფო არ არის!” “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში თქვა გონზალესმა.
მიმომხილველები ამბობენ, რომ ახალგაზრდა დემოკრატიაში, როგორიც საქართველოა, მედიისა და სამოქალაქო საზოგადოების მიმართ დამოკიდებულება ძალიან მნიშვნელოვანია. საზოგადოების პოლარიზება დემოკრატიულ ქვეყნებში უკვე ხშირი შემთხვევაა. თუმცა, საქართველოსთვის გასათვალისწინებელია ის ფაქტორი, რომ „ყველა მხარეს ჰქონდეს საკუთარი აზრის გაჟღერების წყარო. დემოკრატია ყველგან არეული პროცესია, განსაკუთრებით თუ ეს ახალგაზრდა დემოკრატიაა. ქვეყნები სადაც დემოკრატია მშვიდად ვითარდება ჩრდილოეთ კორეა და კუბაა,“ თქვა გონზალესმა.
28 ნოემბერს საქართველოს პრეზიდენტს ქვეყნის მოქალაქეები საბოლოოდ აირჩევენ პირდაპირი წესით. პრეზიდენტის აპარატთან დაკავშირებული საკონსტიტუციო ცვლილებები, რომელიც პრეზიდენტის უფლებამოსილებას და ზოგიერთ ფუნქციას ამცირებს, ახალი პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ შევა ძალაში.