კახეთში სპეცოპერაცია „რთველი 2010“ დაიწყო

კახეთში, რთველს წინ, პოლიციის გასაიდუმლოებული სპეცოპერაცია უძღვის, რომლის მიზანია, რაც შეიძლება მეტმა ღვინის ქარხანამ ჩაიბაროს ყურძენი, თუნდაც ბიზნესს ინტერესების საზიანოდ. სახელმწიფოს ინტერესი მარტივია, ყურძნის ჩაბარებისას, მინიმუმამდე დავიდეს კახელი გლეხობის უკმაყოფილება, რომ ეს ყველაფერი, სოციალურ ბუნტში არ გადაიზარდოს.

მეორე კვირაა, პოლიციელები, კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის (კუდ) და სპეციალური ოპერატიული დეპარტამენტის (სოდ) თანამშრომლები კახეთში არსებულ ღვინის ქარხნების მეპატრონეებზე სერიოზულ ზეწოლას ახდნენ.

ერთ-ერთი ასეთი დაპირისპირების დროს, წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორი სანდრო მეგუთნიშვილი და მისი ბიძაშვილი ალექსი მეგუთნიშვილი დააკავეს. თვითმხილველი, რომელმაც არ ისურვა ვინაობის გამჟღავნება ამბობს, რომ კუდ-ის თანამშრომლები, ღვინის კომპანია „მილდიანის“ თანამშრომლებთან ჯგუფურ ჩხუბში ჩაებნენ.

"კონსტიტუციური უსაფრთხოების კახეთის სამმართველოს თანამშრომელი ზურაბ გრძელიშვილი წინანდლის ღვინის ქარხანაში მოვიდა და დირექტორს სანდრო მეგუთნიშვილს მოსთხოვა, გჭირდება თუ არ გჭირდება, ყურძენი უნდა ჩაიბაროო.

სანდრომ უთხრა, ბევრი ღვინო მაქვს დარჩენილი, ჭურჭელი არ მაქვს და თქვენი ხათრით 20 ტონამდე ყურძენს მივიღებო. 20 ტონა რა არის, 200 ტონა მაინც უნდა მიიღოო. ამის შემდეგ წაკამათდნენ.

უშიშროების თანამშრომელმა სანდროს შეაგინა, ერთმანეთს გაარტყეს. ჩხუბში სანდროს ბიძაშვილი ალექსი ჩაერია. თანამშრომლებმა გავაშველეთ. გრძელიშვილი წავიდა, მაგრამ ცოტა ხანში რამდენიმე მანქანით მოგვადგნენ. ქარხანაში შემოვიდნენ. ისევ ჩხუბი ატყდა. სანდროს 6-7 ადამიანი ურტყამდა. იატაკზე დააგდეს და წიხლებით სცემდნენ. მერე სანდროც დააკავეს და ალექსიც."

პროკურატურამ წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორს და მის ბიძაშვილს ჯგუფურ ხულიგნობასა და სხვისი ქონების განზრახ დაზაიანებაში დასდო ბრალი, რის საფუძველზეც თელავის სასამართლომ მეგუთნიშვილებს ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

არასამთავრობო ორგანიზაცია "ადამიანის უფლებათა ცენტრის" კახეთის რეგიონის კოორდინატორი გელა მთივლიშვილი ამერიკის ხმასთან ამბობს, რომ ქართულ ღვინოზე რუსული ემბარგოს შემოღების შემდეგ, ძალოვნების ტოტალური კონტროლი კახური რთველის განუყოფელ ატრიბუტად იქცა.

„სანამ ეს დაკავება მოხდებოდა, რამდენიმე სერიოზულმა ღვინის კომპანიამ წელს რთველზე, უარი განაცხადა ყურძნის მიღებაზე, რასაც წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, ლოგიკურად მოჰყვა, სამართალდამცავი უწყებების გააქტიურება. ვგულისხმობ, იგივე წინანდალის ინციდენტს.

ამას წინ უძღოდა, კიდევ ერთი საეჭვო ფაქტი, ღვინის კომპანია „შუმის“ ერთ-ერთმა მფლობელმა და ხელმძღვანელმა ოთარ ფირანიშვილმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.

ჩვენ გადავამოწმეთ ეს ინფორმაცია და აღმოჩნდა, რომ თვითმკვლელობამდე ფირანიშვილი დაიბარეს პროკურატურაში დაკითხვაზე, ცოტა უფრო ადრე კი შემოსავლების სამსახურის საგამოძიებო დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლები შევიდნენ კომპანია „შუმში“ შემოწმებისთვის. ვიცით, რომ ასევე არც კომპანია „შუმი“ აპირებდა რთველზე ყურძნის მიღებას.“

ძალოვნების გააქტიურებას კახეთში, რამდენიმე ღვინის ქარხნის გადაწყვეტილებას მოჰყვა არ ჩაებარებინათ წლევანდელი ყურძენი. მათ შორის იყვნენ ზეგაანის, ვაჩნაძიანის ღვინის ქარხნები და კომპანია "ყვარლის გვირაბი“.

2010 წლის რთველზე, საკუთარ ვენახებზე აკეთებდნენ აქცენტს დიდი კომპანიები „ქინძმარაულის მარანი“ და „თელავის ღვინის მარანი“. ასევე ცნობილი გახდა, რომ ოთხმა უმსხვილესმა ღვინის კომპანიამ - „თელიანი ველმა“, „თბილისის მარანმა“, „ჯი-ვი-ესმა“ და „მეღვინეობა ხარებამ“ არაოფიციალურად დააფიქსირეს, რომ გლეხობის მიერ, წელს მოყვანილი ყურძნის მოსავლის დიდი ნაწილი უხარისხოა და ევროპული სტანდარტების ღვინის დასამზადებლად არ გამოდგება.

წინანდლის ღვინის ქარხნის დირექტორის დაპატიმრების შემდეგ, სხვა ქარხნების მეპატრონეები პრესასთან ურთიერთობას ერიდებიან. „ამერიკის ხმამ“ მხოლოდ ზეგაანის ღვინის ქარხნის დირექტორთან ბითარ ბიწკინაშვილთან დაკავშირება მოახერხა

„ფული არა მაქვს, ვერ ვიბარებ ყურძენს, ძველი ღვინოები მაქვს დარჩენილი და ვერ ვყიდი. ხელისუფლება იბარებს ყურძენს, იმათ მომცეს თანხა და ვემზადები, მაგრამ ზუსტად ყურძნის რა რაოდენობას მიიღებენ არ ვიცი.

ყოველწლიურად ვიღებდი 200-300 ტონას საკუთრებაში, წელს ვერა. ღვინო ვერ გავყიდე თანხა არ მაქვს, ჩემს ქარხანაში ხელისუფლება მიიღებს ყურძენს, გასულ წელსაც მიიღო, 300 ტონა ღვინო გასული წლის მოსავალიდან ერთი კვირის წინ გაიტანა ხელისუფლებამ, ფული მომცეს და ამ ფულით ვემზადები რთველისთვის და ალბათ, ორშაბათს, სამშაბათს დაიწყება.

კითხვა: ანუ მთლიან თანხას, სუბსიდირებასთან ერთად ხელისუფლება იხდის?

ჰო, ეგრე გამოდის,რა.“

ბაკურ კვეზერელი "რთველი 2010"-ის შტაბში გურჯაანში

წინანდლის ინციდენტის შესახებ ინფორმაცია არ მოხვდა, არცერთი ნაციონალური სატელევიზიო არხის ახალ ამბებში. სამაგიეროდ, საუკეთესო დრო დაეთმო სოფლის მეურნეობის მინისტრს ბაკურ კვეზერელს, რომელმაც პრეზიდენტს უპატაკა, რომ რთველი შარშანდელზე გაცილებით უკეთ ჩაივლის.

“წელსაც ვაპირებთ, რომ ერთის მხრივ, სახელმწიფო დახმარებით, რომელიც გამოყოფილია ბიუჯეტიდან, ხოლო, მეორეს მხრივ, იმ ორგანიზებულობით ადგილზე, როგორიც იყო 2009 წელს, ჩვენ, ალბათ, შარშანდელ შედეგს გავაუმჯობესებთ, ჩვენ გავხსნით 34 ქარხანას, 34 ყურძნის მიმღები პუნქტი იქნება შესაბამისად, მთელი კახეთის მაშტაბით“

რამდენად გამართლებულია მევენახეობის ასეთი ფორმით სუბსიდირება, როცა სახელწიფო იძულებულია, სოციალური პრობლემების თავიდან ასაცილებლად, გლეხისგან შეიძინოს იმ რაოდენობის ყურძენი, რომელიც არაფერში სჭირდება. ღვინის კლუბის პრეზიდენტი მალხაზ ხარბედია „ამერიკის ხმასთან“ ამბობს

„რთველზე ზრუნვა არ იწყება სექტემბერში და არ მთავრდება ოქტომბერში. 2006 ან 2007 წლებში,როცა აშკარად გამოჩნდა კრიზისი რთველთან დაკავშირებით, რუსულ ემბარგოს მოჰყვა ეს პრობლემები, რომელიც ყოველწლიურად არის რთველთან დაკავშირებით. ეს სამი-ოთხი წელი ჩვენ ცოტა ჭკვიანურად რომ გამოგვეყენებინა და უფრო რაციონალურად, ახლა არ ვიქნებოდით ასეთ სიტუაციაში.

შეიძლებოდა, სახელმწიფოს ისევ გამოეყო ეს სუბსიდია, მაგრამ ეს თანხები წასულიყო სულ სხვა მიმართულებით, სულ სხვა შედეგები მოეტანა, გლეხში გაზრდილიყო პასუხისმგებლობის მომენტი, დავხმარებოდით მეტი თანამედროვე განათლება მიეღო გლეხობას მარკეტინგის, მცირე საწარმოების და მარნების შექმნის თვალსაზრისით, რომ აწარმოონ ისეთი ღვინო, რომელიც პირველ რიგში კონკურენტუნარიანი იქნება რა თქმა უნდა ქართულ ბაზარზე და შემდეგ, არა მსოფლიო ბაზარზეც.“

2010 წელს კახეთში, 85 ათას ტონა ყურძენს ელოდებიან, ეს არის ყურძნის მოსავლის ყველაზე დაბალი მაჩვენებელი საქართველოში, ბოლო ოთხი წლის მანძილზე. შედარებისთვის 2007 წელს, ყურძნის მოსავალმა 227 ათას ტონას გადააჭარბა.

წლეულს ერთი კილოგრამი საფერავის ჯიშის ყურძნის ჩასაბარებელი ფასი 60 თეთრია, რქაწითელისა კი - 40 თეთრი. აქედან, რქაწითელში წესით, 25 თეთრი ღვინის ქარხანამ უნდა გადაიხადოს, 15 თეთრი - სახელმწიფო სუბსიდირების ფარგლებში ანაზღაურდება. საფერავში კი სუბსიდიიდან 20 თეთრი ანაზღაურდება, 40 თეთრს ქარხანა გადაიხდის.

ღვინის ქარხნების უმრავლესობას კი მათივე თქმით, არც ფული აქვთ და არც სურვილი წლევანდელი მოსავალი ჩაიბარონ, თუმცა, რა განწყობაზე იქნებიან, სპეცოპერაციის შემდეგ, ჯერჯერობით, არავინ იცის.