რამდენია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შენაერთების რეალური დანაკარგები ავღანეთში. ცნობილია, რომ 5 სექტემბერს, ჰელმანდის პროვინციაში დისლოცირებული 31-ე ბრიგადის მეთაური, ოფიცერი მუხრან შუკვანი დაიღუპა, ხოლოდ კაპრალმა ალექსანდრე გითოლენდიამ ორივე კიდური დაკარგა. ეს ინფორმაცია გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილემ, პოლკოვნიკმა ცუხიშვილმა გაავრცელა.
პარალელურად, ქართული ოპოზიცია, გაცილებით დიდ დანაკარგებზე საუბრობს - კერძოდ, 18 დაჭრილ ქართველ ჯარისკაცზე. პრორუსულმა ლეიბორისტული პარტიამ უკვე მოითხოვა ავღანეთიდან ქართული ნაწილების დაუყოვნებლივ გამოყვანა. ლეიბორისტმა ნესტან კირთაძემ აღნიშნა, რომ ავღანეთში მინიმუმ ერთმა ქართველმა ჯარისკაცმა მხედველობა დაკარგა და ამ ფაქტს თავდაცვის უწყება მალავს.
“ჩვენი ინფორმაციით, ავღანეთში მძიმედ დაიჭრა რამდენიმე ჯარისკაცი, მათ შორის, 26 წლის მამუკა ჯავახიშვილმა აბსოლუტურად დაკარგა მხედველობა. საქართველოს ხელისუფლებამ და თავდაცვის სამინისტრომ საგულდაგულოდ დამალა ეს ფაქტი. მივმართავთ პრეზიდენტ სააკაშვილს და თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურად დაადასტურონ ეს ფაქტი.“
უცნაურია, მაგრამ ფაქტია, სწორედ ლეიბორისტების განცხადების შემდეგ, თავდაცვის სამინისტრომ აღიარა, რომ ავღანეთის ოპერაციაში კიდევ ორი ქართველი სამხედრო დაიჭრა. ერთი მათგანი 5 სექტემბერს, კაპრალ გითოლენდიასთან ერთად, მეორე ჯარისკაცი კი, ამ ინციდენტამდე გაცილებით ადრე. გვარების დასახელებისგან სამინისტროში თავი შეიკავეს, მხოლოდ აღნიშნეს, რომ ორივე დაჭრილი უკვე საქართველოშია.
ამ აღიარებით ნათელი გახდა, რომ ავღანეთში ქართველი სამხედროს დაჭრის პირველი ფაქტი თავდაცვის სამინისტრომ ნამდვილად დამალა. სამხედრო ექსპერტი გიორგი თავდგირიძე მიიჩვევს, რომ ასეთი პოლიტიკით, თავდაცვის უწყება სერიოზულ შეცდომას უშვებს, თუმცა ამავე, დროს, ექსპერტის აზრით, 18 ქართველი ჯარისკაცის დაჭრაზე საუბარიც გადამეტებულია
„ინფორმაციის გასაზომად არსებობს პარალელური მეთოდები. მაგალითად, შეუძლებელია მხოლოდ ქართულ მხარეს ჰქონდეს ამხელა დანაკარგები, ისე, რომ ამერიკულ მხარეში არ გაზრდილიყო დანაკარგების რაოდენობა. რაკი, იგივე ამერიკული პრესა არ წერს რაიმე სერიოზულ წარუმატებელ ოპერაციაზე, სავარაუდოდ, არც ისე წვიმს, როგორც ქუხს. და დანაკარგების რაოდენობა, იმაზე მეტი არ არის, რაც გამოაცხადეს და ვიცით.
ახლა იმაზე თუ რატომ ხდება ეს აურზაური: სამწუხაროდ, თავდაცვის უწყება ვერ ახერხებს თანამედროვე მეთოდებით საზოგადოებასთან ურთიერთობას. ის, რატომღაც დუმილს ამჯობინებს და ასაიდუმლოებს ისეთ ფაქტებს, რომლებსაც არსად არ ასაიდუმლოებენ;
პირიქით, ნებისმიერი თანამედროვე ქვეყნის თავდაცვის უწყებას, თავის მოვალეობად მიაჩნია, რომ საზოგადოებას აუხსნას, ყოველი ეჭვი გაუფანტოს და ინფორმაცია მიაწოდოს ისე, რომ ამ ინფორმაციამ არ გამოიწვიოს ე.წ ჭორების ან სხვა და სხვა სპეკულაციური აზრების გაჩენა.“
რამდენიმე დაჭრილი და ერთი დაღუპული ახსენა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციაზე საუბრისას საქართველოს პრეზიდენტმა. მიხეილ სააკაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ოპოზიციის თავდასხმების მიუხედავად, საქართველოს მთავრობის პოლიტიკა ავღანეთის სამშვიდობო ოპერაციის მიმართ არ დაგაიხედება. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ქართული ჯარი ავღანეთში ფასდაუდებელ გამოცდილებას იღებს
„ახლა ამბობენ, რატომ ვართ ჩვენ ავღანეთში, სადაც რამდენიმე მებრძოლი დაგვეჭრა სამწუხაროდ, ერთი ოფიცერი კი დაგვეღუპა. ის, რომ ავღანეთში ამდენი პრობლემა არის, ეს საქართველოსთვის არის ძალიან ცუდი, იმიტომ, რომ მთავარი საკითხებიდან გადადის ყურადღება.
ის, რომ ავღანეთში ჩვენი ჯარისკაცები იბრძვიან, ეს, რა თქმა უნდა არის ჩვენი საერთო ბრძოლაა. ვიღაცამ შეიძლება თქვას, ამდენი პრობლემა გვაქვს, ჩვენი ტერიტორიები დაპყრობილია, რა დროს სადღაც წასვლა და სადღაც ბრძოლაა. მაგრამ, სწორედ იმის გამო, რომ ჩვენ გვაქვს ეს პრობლემები, ჩვენ გვჭირდება დიდი საბრძოლო გამოცდილება და ეს არის, უნიკალური საბძოლო და საომარი სკოლა, ნამდვილი ომით გამოცდა.
მე ვიცი, რომ არავის უხარია ქართველი ჯარისკაცების დაღუპვა, პირველ რიგში, მე მიკვდება გული. ჩვენ ძალიან მადლობლები ვართ იმ ოჯახების და თვითონ ამ ჯარისკაცებისა, რომლებსაც ერთხელ არ დაუჩივლიათ და სრული გააზრებით ამ მისიისა მონაწილეობენ მასში. საბოლოო ჯამში, ეს რაღაც კონტექსტიდან ამოგლეჯილი მისია კი არ არის, ეს არის საქართველოს სერიოზული მისია და ბრძოლა.“
მას შემდეგ, რაც ავღანეთში პირველი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობილი გახდა, პოლიტიკური ოპოზიციის ნაწილმა ფაქტის დეტალური შესწავლა, ნაწილმა კი ანტიტერორისტული ოპერაციიდან საქართველოს გამოსვლა მოითხოვა.
ოპოზიციის აქტიურობას ხელისფლებამ იმით უპასუხა, რომ ავღანეთში დისლოცირებული ქართული ნაწილების შესახებ ინფორმაციის გაცემა კიდევ უფრო შეზღუდა. თავდაცვის აკადემიის ყოფილი რექტორი გიორგი თავდგირიძე ამბობს, რომ ასეთი მოქმედებით ორივე მხარე აშავებს
„ოპოზიცია ამ თემას, რა თქმა უნდა იყენებს, პოლიტიკური სპეკულაციებისთვის, ხოლო ხელისუფლება ვერ ახერხებს ღიად ესაუბროს საზოგადოებას. ერთ შემთხვევაში არის უნამუსობა და უსინდისობა, მეორე შემთხვევაში კომპეტენციის და ცოდნის ნაკლებობა.
საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლის ფრონტი გადის ავღანეთშიც, ერაყშიც და რა თქმა უნდა საქართველოში.ნებისმიერი ჯარისკაცი, რომელიც მსახურობს ავღანეთში, ის ემსახურება არა ამერიკას და ზოგადად გლობალისტურ იდეებს, არამედ ემსახურება საქართველოს დაცვას.
ხელისუფლებამ კეთილი უნდა ინებოს და თავდაცვის სამინისტრო აიძულოს მიეჩვიოს საზოგადოებასთან ურთიერთობის იმ ფორმებს, რომელიც მიღებულია ევროპაში და შედეგზეა ორიენტირებული. ხოლო ოპოზიციამ, კეთილი უნდა ინებოს და თავი უნდა დაანებოს იმ თემებით სპეკულაციას, რომელიც ქვეყნის უსაფრთხოებას ეხება.“
2001 წლიდან, რაც ავღანეთში ნატოს ოპერაცია დაიწყო, საერთაშორისო ძალებმა უკვე 2097 ჯარისკაცი დაკარგეს, ყველაზე მეტი - 1298 ამერიკელი დაიღუპა, 336 ბრიტანელი და 152 კანადელი. ყველაზე დიდი დანაკარგი ჰელმანდის პროვინციაზე მოდის, სადაც 750 ქართველია დისლოცირებული.
საქართველოს, რომლის მთლიანი კონტიგენტი 925 ჯარისკაცს შეადგენს - ბელგიასთან, ფინეთთან, იორდანიასთან, ლიტვასთან, ახალ ზელანდიასა და სამხეთ კორეასთან ერთად თითო დაღუპული ჰყავს. ქართული კონტიგენტის როტაცია ოქტობრის პირველი რიცხვებისთვის არის დაგეგმილი.