ჩრდილოატლანტიკური ალიანსის განცხადებით დღეს ავღანეთის სამხრეთში თალიბებმა ამ ორგანიზაციის ორი ჯარისკაცი მოკლეს. დაღუპულები რუმინელი ჯარისკაცები არიან. სულ ავღანეთში 17 რუმინელი ჯარისკაცი დაიღუპა.
დღესვე ნატომ აღიარა წინა დღით ხუთი ჯარისკაცის დაღუპვის ფაქტი იმავე რაიონში. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებით ჰელმანდის პროვინციაში საბრძოლო ოპერაციის შესრულებისას ოთხი ქართველი მეომარი ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.
პოლკოვნიკი რამაზ გოგიაშვილი, სერჟანტი დავით ცეცხლაძე, კაპრალი გიორგი კოლხიტაშვილი და კაპრალი ნუგზარ კალანდაძე გუშინ საღამოს ნაღმზე აფეთქდნენ. ავღანეთში ცოტა ხნის წინ კიდევ ერთი ქართველი სამხედრო მუხრან შუკვანი დაიღუპა. ამერიკის მეთაურობით დასავლეთის სამხედრო კოალიციის შემადგენლობაში ამჟამად 1000-ზე მეტი ქართველი სამხედრო იბრძვის.
თბილისში მყოფმა ნატოს გენერალურმა მდივანმა ანდერს ფოგ რასმუსენმა მწუხარება გამოთქვა ავღანეთში ქართველი სამხედროების დაღუპვის გამო.
წლევანდელი წელი ყველაზე დიდი მსხვერპლით აღინიშნა კოალიციური ძალებისთვის, მას შემდეგ რაც 2001 წელს ავღანეთში ამერიკელები შეიჭრნენ.