მმართველი პარტია, "ქართული ოცნება" საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის პროცედურას იწყებს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა სპეციალურ ბრიფინგზე.
"პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომაზე მივიღეთ გადაწყვეტილება, საქართველოს პრეზიდენტის მიმართ აღიძრას იმპიჩმენტის პროცედურა. უპირველეს ყოვლისა, ეს არის ჩვენი პასუხისმგებლობა საქართველოს კონსტიტუციის წინაშე. ნებისმიერი თვალის დახუჭვა საქართველოს კონსტიტუციის უხეშ დარღვევაზე ძირს უთხრის სამართლებრივი სახელმწიფოს სამართლის უზენაესობას და დემოკრატიულ კონსტიტუციურ სისტემას, რასაც ჩვენ ვერ დავუშვებთ.
გარდა ამისა, იმპიჩმენტის პროცედურა კიდევ ერთხელ გააშიშვლებს რადიკალური ოპოზიციისა და სალომე ზურაბიშვილის საერთო დღის წესრიგს, რომელიც საქართველოს სახელმწიფო ინტერესების, მათ შორის საქართველოს მიერ კანდიდატის სტატუსის მიღების წინააღმდეგ არის მიმართული", - თქვა კობახიძემ და დასძინა, რომ საპარლამენტო უმრავლესობაში კონსტიტუციური წარდგინების მოსამზადებლად შეგროვდება ხელმოწერები.
საკონსტიტუციო სარჩელის შესატანად აუცილებელია მინიმუმ 50 დეპუტატის ხელმოწერა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამ ეტაპზე 84 დეპუტატია. ეს საკმარისია საკონსტიტუციო წარდგინების გასაკეთებლად, თუმცა - არა პრეზიდენტის იმპიჩმენტისთვის.
საკონსტიტუციო სასამართლოს დასკვნის მოსამზადებლად ერთთვიანი ვადა აქვს, გადაწყვეტილების შემდეგ კი პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმაა საჭირო, რაც მმართველ პარტიას არ აქვს.
მთავრობა განმარტავს, რომ ქვეყნის კონსტიტუციის მიხედვით, "საგარეო პოლიტიკის განხორციელება საქართველოს მთავრობის უფლებამოსილებაა" და "საქართველოს პრეზიდენტი მხოლოდ საქართველოს მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში".
ა.წ. 31 მარტს, პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში, რიგგარეშე პლენარულ სესიაზე სიტყვით გამოსვლისას, მმართველ პარტიას მიმართა და თქვა, რომ მის მიმართ იმპიჩმენტის მუქარის, სასამართლოში ჩივილის, თუ სხვა ბრალდებების მიუხედავად, ის არ შეიცვლება. სხდომას, სადაც პრეზიდენტი წლიურ ანგარიშს წარადგენდა, დეპუტატებთან ერთად, პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და მთავრობის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
- საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.
- საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს თავდაცვის ძალების უმაღლესი მთავარსარდალი.
- საქართველოს პრეზიდენტი წარმოადგენს საქართველოს საგარეო ურთიერთობებში.