პრეზიდენტი: "ჩვენ ვიყავით რუსული სპეცოპერაციის მსხვერპლი" - 28 ოქტომბერს საპროტესტო აქცია გაიმართება

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რამდენიმე წუთის წინ ოპოზიციური პარტიის წევრებთან ერთად პრესკონფერენცია ჩაატარა, სადაც თქვა, რომ არჩევნები არალეგტიმურია და ის არ აღიარებს ამ არჩევნების შედეგებს.

"ამ სახელმწიფოში ერთადერთი დარჩენილი დამოუკიდებელი ისნტიტუტი ვამბობ, რომ არ ვაღიარებ ამ არჩევნებს, ამის აღიარება არ შეიძლება, ესაა აღიარება რუსეთის აქ შემოსვლის", - თქვა ზურაბიშვილმა.

პრეზიდენტმა მოხდარს "რუსული სპეცოპერაცია" უწოდა: "ეს იყო ტოტალური გაყალბება, ტოტალური წართმევა თქვენი ხმების, გამოყენება ყველა იმ ხერხის, რაც გვინახავს სხვადასხვა ქვეყნებში, თუ ამ ქვეყანაში, რაც შეიძლება გამოიყენო, რომ გააყალბო არჩევნები. პლუს დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რომ ტექნოლოგია გამოყენებული იქნა იმისთვის, რომ გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთ რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რუსული სპეცოპერაციის".

ასევე ნახეთ: უნგრეთი, აზერბაიჯანი, სომხეთი - ვინ ულოცავს "ქართულ ოცნებას"?

პრეზიდენტთან ერთად ბრიფინგზე იმყოფებოდნენ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის", "კოალიცია ცვლილებისთვის" და "ძლიერი საქართველოს" ლიდერები. სალომე ზურაბიშვილის გვერდით არ გამოჩენილან გიორგი გახარიას გუნდის წევრები.

პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ამომრჩეველს, ვინც მისი თქმით, ხმა მისცა საქართველოს ევროპულ არჩევანს:

"თქვენ იყავით ძალიან ბევრნი, თქვენ გაიმარჯვეთ ამ არჩევნებში. არავის აქვს უფლება წაგვართვას ევროპული მომავალი. მინდა მადლობა ვუთხრა მათ, ვინც ძალიან თანასწორ პირობებში იბრძოდნენ კომისიებში, ჟურნალისტებს ვინც იბრძოდა, რომ ყველა დარღვევა ყოფილიყო დაფიქსირებული. ჩვენ შევესწარით ძალიან უჩვეულო რამეს, ეს იყო ტოტალური გაყალბება, თქვენი ხმების ტოტალური წართმევა, ყველა იმ ხერხების გამოყენება, რაც გვინახავს, დამატებით დღევანდელი ტექნოლოგიების გამოყენება იმ დონეზე, რათა გაეთეთრებინა გაყალბება. ასეთი რამ ჯერ არ ყოფილა. ჩვენ ვიყავით მოწმე და მსხვერპლი რეალურად რუსული სპეცოპერაციის, ჰიბრიდული ომის ერთ ერთი ახალი ფორმის, რომელიც განხორციელდა ჩვენს ხალხზე, ჩვენს ქვეყანაზე.

რამდენიმე თვის წინ ამ ხელისუფლებამ, რომელსაც დავარქმევ ძალაუფლებას და არა ხელისუფლებას, მიიღო, რუსული კანონი და მთელი რიგი რუსული კანონები. ისინი ეწინააღმდეგება ევროპულ რეკომენდაციებს. ამ არჩევნების დროს წაგვართვეს არჩევნების უფლება. ჩატარდა რუსული არჩევნები, წაგვართვეს არჩევნების ისნტიტუტი. ძნელი წარმოსადგენია, თუ არაფერი შეიცვალა, როგორი უნდა იყოს ახალი არჩევნები ამ ქვეყანაში, წაგვართვეს კონსტიტუციური უფლება, მოქალაქეებს წაართვეს პირადობის მოწმობები და ამით არჩევნებში მონაწილეობის უფლება. ამასთან ემიგრანტებს წაართვეს არცევნებში მონაწილეობის უფლება, იქაც იყო დარღვევები სხვადასხვა ხერხებით და სხვადასხვა ფორმით...".

გარდა ამისა, პრეზიდენტმა 28 ოქტომბერს რუსთაველის გამზირზე საპროტესტო აქცია დაანონსა.

"გვინდა მოგიწვიოთ ხვალ საღამოს, 19:00 საათზე რუსთაველზე იმისთვის, რომ ჩვენ ერთად გამოვუცხადოთ მსოფლიოს, რომ არ ვაღიარებთ ამ არჩევნებს", თქვა პრეზიდენტმა ზურაბიშვლმა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, არჩევნების გაყალბებას არ შეეგუებიან.

"უფლებას, ჩატარდეს დემოკრატიული არჩევნები, არავის დავუთმობთ. ეს იქნება სიმბოლური გამოსვლა - ყველანი ერთად", - განაცხადა პრეზიდენტმა.

პრეზიდენტმა საერთაშორისო საზოგადოებას და დასავლურ სახელმწიფოებსაც მიმართა. მათ მადლობა გადაუხადა აქამდე გაწეული დახმარებისთვის და თქვა, რომ ისინიც ახლა ხალხის გვერდით უნდა დადგნენ და მათი ბრძოლის გულშემატკივრები უნდა იყვნენ.