შსს-მ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა

საპროტესტო აქციაზე დემონსტრაციის მონაწილეს აკავებენ. თბილისი, საქართველო. 1 დეკემბერი, 2024წ.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ (შსს) ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით კიდევ სამი პირი დააკავა. დანაშაულები 9 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

დაკავებულთა შორისაა 2004 წელს დაბადებული მოქალაქე ლ.ჯ. მას ჯგუფური ძალადობის ორგანიზება და ხელმძღვანელობა ედება ბრალად. 1971 წელს დაბადებულ გ.ტ.-ს და 1998 წელს დაბადებულ რ.კ.-ს კი ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა ედებათ ბრალად.

სამინისტროს განცხადებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად დადგინდა, რომ „რუსთაველის გამზირზე, მიმდინარე აქციების დროს ჯგუფურად ახორციელებდნენ ძალადობრივ ქმედებებს, წინააღმდეგობას უწევდნენ და არ ემორჩილებოდნენ ადგილზე მართლწესრიგის დაცვის მიზნით მყოფ სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისვროდნენ“.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის 1-ელი და მე-2 ნაწილებით მიმდინარეობს.

რუსთაველის გამზირზე, აქციების მიმდინარეობისას ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის ან მასში მონაწილეობის, ძალადობრივი ქმედებისაკენ საჯაროდ მოწოდების, ასევე, აფეთქების მომზადების, პოლიციაზე თავდასხმისა და ნივთის დაზიანების ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე, 239-ე პრიმა, 187-ე, 353-ე პრიმა და 18-229-ე პრიმა მუხლებით მიმდინარეობს.

ამ დროისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ დაკავებულია 26 პირი.

უკვე რვა ღამეა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობის წინ, დემონსტრაციები იმართება. მოქალაქეები ხელისუფლების გადადგომას ითხოვენ პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. ისინი ითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებასაც.

პირველი ექვსი ღამის განმავლობაში პოლიცია აქციის მონაწილეთა დასაშლელად იყენებდა წყლის ჭავლსა და დიდი რაოდენობით ცრემლმდენ აირს.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან მის წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.​

პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მას არ უთქვამს, რომ ქვეყნის საგარეო კურსი იცვლება. პირიქით, მართველი გუნდი ამტკიცებს, რომ განაგრძობს რეკომენდაციებისა და ვალდებულებების შესრულებას და ქვეყანა ევროკავშირის წევრი მაინც გახდება. ერთადერთი მიზეზი კი, რატომაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს, მათტი განმარტებით, ის არის, რომ სურდათ თავიდან აერიდებინათ მოლაპარაკებების გახსნა-არგახსნის საკითხით შანტაჟი.