ტოკიოს პოლიციამ ახმეტელი პარაოლიმპიური ჩემპიონი დააკავა

პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური იაპონიაში ცემის ბრალდებით არის დაპატიმრებული

რიოს 2016 წლის პარაოლიმპიური თამაშების ჩემპიონი, ახმეტელი პარაძიუდოისტი ზვიად გოგოჭური, ტოკიოს პარაოლიმპოიადის გახსნამდე, 8 დღით ადრე, იაპონიაში, სასტუმროს დაცვის თანამშრომლის ცემის ბრალდებით დააპატიმრეს.

იაპონური მედიის ცნობით, 34 წლის ქართველმა სპორტსმენმა, რომელიც ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა, 63 წლის დაცვის თანამშრომელს სცემა და ნეკნი გაუტეხა. ჩხუბი სასტუმროში მას შემდეგ მოხდა, რაც სასტუმროს დაცვამ გოგოჭურს და სხვა ქართველ პარაოლიმპიელებს არაერთხელ მოუწოდა არ ეხმაურათ.

ტოკიოს პოლიციამ საქმე სხეულის დაზიანების მუხლით აღძრა. გოგოჭური, რომელიც ტოკიოს თამაშებზე ოქროს მედლის მთავარი კანდიდატი იყო, პარაოლიმპიადაზე ვეღარ გამოვა. მას იაპონიაში სასამართლო პროცესი ელის.

დიდი იმედგაცრუებით ავღნიშნავთ, რომ გოგოჭური ძალიან ცუდად და უსამართლოდ მოიქცა, ეს ქცევა საერთოდ არ შეესაბამება იმ თბილ მიღებას, რომელიც ჩვენს გუნდს იაპონელმა მასპინძლებმა მოუწყვეს
საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტი

„ჩვენ ვთანამშრომლობთ, ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებთან და სამწუხაროდ, ვადასტურებთ, რომ ზვიად გოგოჭურის აკრედიტაცია გაუქმებულია.

გამოძიების დასრულების შემდეგ, გოგოჭური სამშობლოში გაფრინდება და დისციპლინარული სანქციები საქართველოში დამატებით იქნება განხილული.

დიდი იმედგაცრუებით ავღნიშნავთ, რომ გოგოჭური ძალიან ცუდად და უსამართლოდ მოიქცა. ეს ქცევა საერთოდ არ შეესაბამება იმ თბილ მიღებას, რომელიც ჩვენს გუნდს იაპონელმა მასპინძლებმა მოუწყვეს“ - ნათქვამია საქართველოს პარაოლიმპიური კომიტეტის განცხადებაში.

ზვიად გოგოჭური რიოს პარაოლიმპიადის ფინალში

ტოკიოს პოლიციის მეორე განყოფილების განცხადებით, რომელიც ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ მუშაობს, გოგოჭური, 12 აგვისტოს, დილით, 8 საათსა და 20 წუთზე, ტოკიოს, ოტას რაიონში, ერთ-ერთი სასტუმროს კორიდორში დააკავეს. გოგოჭური და საქართველოს პარაოლიმპიური დელეგაციის სხვა წევრები ამ სასტუმროში კარანტინში იმყოფებოდნენ.

საქართველოს პარაოლიმპიური ნაკრები იაპონიაში 11 აგვისტოს ჩაფრინდა, თუმცა აეროპორტში ერთ-ერთ ქართველ სპორტსმენს კორონავირუსი დაუდასტურდა, რის გამოც კარანტინში მთელი გუნდი გადავიდა.

„პოლიცია აგრძელებს გამოძიებას და მინდა დაველოდო შედეგებს, ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი საქციელით ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს“
ტოშირო მუტო, ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელი მდივანი

„პოლიცია აგრძელებს გამოძიებას და მინდა დაველოდო შედეგებს, ახლა მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ასეთი საქციელით ძალიან დიდ იმედგაცრუებას იწვევს“ - აღნიშნა ტოკიოს პარაოლიმპიური თამაშების საორგანიზაციო კომიტეტის აღმასრულებელმა მდივანმა ტოშირო მუტომ.

საქართველოს პარაოლიმპიელთა ნაკრები გუნდი ტოკიოს თამაშებზე, სპორტის ექვს სახეობაში, 14 პარაოლიმპიელით უნდა გამოსულიყო, თუმცა ზვიად გოგოჭურის დისკვალიფიკაციის შემდეგ, ცამეტი სპორტსმენი დაგვრჩა.

ქართველი პარაოლიმპიელები პარაოლიმპიიურ თამაშებზე 2008 წლიდან, პეკინის თამაშებიდან ასპარეზობენ. ამ ხნის მანძილზე, პარაოლიმპიელების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ოქროს მედალი იყო, რომელიც სწორედ ზვიად გოგოჭურმა მოიპოვა.

ზვიად გოგოჭური რიოს პარაოლიმპიადის ოქროს მედლით