საქართველოში, სააღდგომო ლიტურგია 18 აპრილის ღამეს ჩატარდება. ამის შესახებ, სამების საკათედრო ტაძარში, არქიდიაკონმა დემეტრე დავითაშვილმა განაცხადა.
"საღამოს, შაბათს , 22 საათზე წაკითხული იქნება ღამისჟამი. 23 საათზე მობრძანდება მისი უწმინდესობა და უნეტარესობა, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი. ხოლო 12-ზე დაიწყება ლიტანიობა და მას მოებმის წმინდა იოანე ოქროპირის საზეიმო, სააღდგომო საღმრთო ლიტურგია", - განაცხადა არქიდიაკონმა დემეტრემ.
დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ ბზობა აღნიშნა. სამების საკათედრო ტაძარში იმყოფებოდა საქართველოს პატრიარქი. დღესასწაულის აღსანიშნად, პატრიარქთან და სასულიერო პირებდთან ერთად, ტაძარში იმყოფებოდა მრევლი და გაიმართა ზიარება.
პანდემიის გამო, 21:00 საათიდან 06:00 საათამდე, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე კომენდანტის საათი მოქმედებს, რაც იმას ნიშნავს, რომ იკრძალება გადაადგილება, როგორც კერძო ტრანსპორტით, ასევე ქვეითებისთვის.
სააღდგომო ლიტურგიის ჩატარების დროსთან დაკავშირებით ჯერ კომენტარი არ გაუკეთებიათ ხელისუფლების წარმომადგენლებს.