6590 გარდაცვლილის ფონზე, მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები ექიმების და აცრის წინააღმდეგ

საქართველოში ბოლო 24 საათში, კორონავირუსით გარდაცვალების ანტირეკორდი დაფიქსირდა - 58 ადამიანი დაიღუპა. პანდემიის დაწყებიდან, ეს ქვეყანაში გარდაცვალების ყველაზე მაღალი, დღიური მაჩვენებელია.

პანდემიის დაწყების დღიდან, 6590 ჩვენი თანამოქალაქე გარდაიცვალა, რაც პატარა საქართველოსთვის წარმოუდგენლად დიდი დანაკარგია

გასულ 24 საათში, კორონავირუსის 4921 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, ინფიცირებულთა რიცხვმა კი ნახევარ მილიონიან ნიშნულს გადააჭარბა და 501297 შეადგინა. აქედან - 436977 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 6590 ჩვენი თანამოქალაქე კი გარდაიცვალა, რაც პატარა საქართველოსთვის წარმოუდგენლად დიდი დანაკარგია.

საქართველო 100 000 სულ მოსახლეზე გათვლით, ლიდერია მსოფლიოში, როგორც კორონავირუსის გავრცელების მასშტაბით, ისე გარდაცვლილთა რაოდენობით.

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის კოლაფსის ასეთ კატასტროფულ ფონზე, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდლები, მოსახლეობის ვაქცინაციის წინააღმდეგ აქტიურად ილაშქრებენ და ექიმებს, რომლებიც მოქალაქეებს აცრისკენ მოუწოდებენ, „ნაცისტ ექიმებს“ ადარებენ.

ანტივაქსერმა მღვდლებმა პირველი მიზანში ექიმი ბიძინა კულუმბეგოვი ამოიღეს, რომელიც ვაქცინაციის კამპანიაში აქტიურად არის ჩართული

ეკლესიის მხრიდან ასეთი მიზანმიმართული შეტევის ერთ-ერთი პირველი მსხვერპლი, ქვეყნის წამყვანი ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი გახდა, ექიმი, რომელიც სხვა კოლეგებთან ერთად, აქტიურად ჩადის სხვადასხვა რეგიონებში და მოქალაქეების აცრის აუცილობლობაში პირადად არწმუნებს.

ბიძინა კულუმბეგოვმა ღიად მოუწოდა საპატრიარქოს აღკვეთოს ექიმების წინააღმდეგ მიმართული ბინძური კამპანია:

"საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში“
ბიძინა კულუმბეგოვი, ალერგოლოგ-იმუნოლოგი

„სასულიერო პირების ერთმა ჯგუფმა სოციალურ ქსელში გაავრცელა ვიდეო, სადაც ჩემი და ჩემი კოლეგების საქმიანობა შეადარა ნაცისტი ექიმის იოზეფ მენგელის ჩადენილ ქმედებებს.

როგორც ბევრჯერ მოგვისმენია ეკლესიის წარმომადგენლები არ ერევით ექიმების საქმეში, ამიტომ საპატრიარქოს ვთხოვ აღკვეთოს ჩვენს წინააღმდეგ მიმართული კამპანია, რომელიც უხეში ჩარევაა ჩვენს საექიმო და საგანმანათლებლო საქმიანობაში და ამ პროცესში ხელის შეშლა პირდაპირ ითარგმნება ადამიანების სიკვდილში“ - წერს სოციალურ ქსელში იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვი.

მართლმადიდებელმა ეკლესიამ არად ჩააგდო პრეზიდენტის მოწოდება, ასაცრელად მრევლისთვის კურთხევა მიეცა

ექიმ კულუმბეგოვის მიმართვის მიუხედავად, საპატრიარქოს მის დაქვემდებარებაში მყოფი მღვდლების ბინძური კამპანია ექიმების წინააღმდეგ არც კი დაუგმია.

უფრო მეტიც, საქართველოს საპატრიარქოს მღვდლების ნაწილი ვაქცინაციის მომხრე ექიმებს თავს ღიად მას შემდეგ დაესხა, რაც პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა მართლმადიდებელ ეკლესიას საჯაროდ მოუწოდა მრევლისთვის კურთხევა მიეცა, რომ აცრილიყვნენ.

„დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება! ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი
სალომე ზურაბიშვილი, პრეზიდენტი

„დღეს კურთხევის გარეშე ძნელი წარმოსადგენია მინიჭებული თავისუფლების რეალური განხორციელება! ასეთია დღეს ეკლესიის გამოწვევა და საპასუხისმგებლო არჩევანი.

რამეთუ, ეს ბრძოლა ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებმა, სახელმწიფო უწყებებმა და მეთაურებმა, საზოგადოებამ და ეკლესიამ. ყველანი ვიქნებით ხვალინდელ შედეგზე პასუხისმგებელნი!" - აღნიშნა პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა.

არაერთი მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მრევლისთვის კურთხევის მიცემას არ გეგმავს და აცრას არც თავად აპირებს.

„ვაქცინაციასთან მიმართებაში ამა თუ იმ სასულიერო პირის დადებითი თუ უარყოფითი დამოკიდებულება, მაგალითის მიმცემი ვერ იქნება, რადგან ეს სამედიცინო სფეროს ნაწილია, ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებს და ჩვენი კომპეტენციის ფარგლებს სცილდება“ - აღნიშნულია წერილში, რომელიც პატრიარქ ილია მეორეს სახელით გასულ კვირას გავრცელდა.

მართლმადიდეებელი ეკლესია საქართველოში ანტივაქსერული მოძრაობის ავანგარდშია

მიუხედავად იმისა, რომ კორონავირუსმა საქართველოში არაერთი სასულიერო პირის სიცოცხლეც შეიწირა, ამ დრომდე, წმიდა სინოდის მხოლოდ ორი წევრი და ერთეული სასულიერო პირია აცრილი, მთლიანობაში კი საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყანაში ანტივაქსერული მოძრაობის ავანგარდში რჩება. მღვდლები ვაქცინაციის წინააღმდეგ ღიად ქადაგებენ და ამას ნათლად ხედავენ თავად ეკლესიის წიაღშიც.

„ჩვენ მოვწამლეთ ხალხი, რომ კორონა არ არსებობს, რომ არაფერი დაგვემართება, ეს უნდა შევინანოთ“ - ჯერ კიდევ პანდემიის მეორე ტალღის დროს იქადაგა, ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარმა დეკანოზმა თეოდორე გიგნაძემ.

ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

ჩვენ ხალხი მოვწამლეთ რომ კორონა არ არსებობს, პანდემია ცრუ პანდემიაა და ეს ყველაფერი კონსპირაციული თეორიებია.. არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ყველაზე მაგრები ვართ და ამიტომ არაფერი გვექმურება. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, როცა ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით
ჯვართამაღლების ეკლესიის წინამძღვარი დეკანოზი თეოდორე გიგნაძე

„ჩვენ ხალხი მოვწამლეთ კორონა არ არსებობს, პანდემია ცრუ პანდემიაა და ეს ყველაფერი კონსპირაციული თეორიებია. მღვდელი როგორ უნდა ინტერესდებოდეს კონსპირაციული თეორიებით, როცა ჩვენ ქრისტეს გარდა არაფერი არ უნდა გვაინტერესებდეს?

ჩვენ უნდა ვიცოდეთ, რომ ერთი ღერი თმა არ დავარდება ღვთის განგებით ჩვენი თავიდან და როგორ უნდა ვძრწოდეთ და ვშიშობდეთ, რომ აი, ახლა მასონებს რა გეგმა აქვთ და რას იზამენ, აცრებით დაგვღუპავენ სულ ყველას… ეს ეკადრება ქრისტიანს, ზოგადად, და, მით უმეტეს, სასულიერო პირს?

მაგრამ ჩვენ არა მარტო ამით ვაცდუნეთ ხალხი, არამედ ჩვენ ხალხს ვუთხარით, რომ ყველაზე მაგრები ვართ და ამიტომ არაფერი გვემუქრება. ამიტომ უნდა გამოვიდეთ და შევინანოთ და ხალხს ბოდიში მოვუხადოთ, როცა ასეთ რაღაცებს ვასწავლიდით” - აღნიშნა დეკანოზმა გიგნაძემ და ამ გაბედული ქადაგებისთვის საპატრიარქოსგან რისხვა დაიმსახურა.

ის, რომ ვაქცინაცია რეალურად იცავს სიკვდილისგან ჯანდაცვის სამინისტროს მიერ ჩატარებული ბოლო კვლევაც ადასტურებს, რომელიც 2021 წლის მარტი-აგვისტოს პერიოდს მოიცავს.

„მარტი-აგვისტოს პერიოდში ქვეყანაში ინფიცირებულთა 98%-ზე მეტი არ იყო ვაქცინირებული. ამ შემთხვევაში ჩვენ გვაქვს იმგვარი სურათი, რომ საავადმყოფოებში მოხვედრილი უდიდესი ნაწილი ვაქცინირებული არ ყოფილა" - განაცხადა კვლევის პრეზენტაციაზე ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ.

მისივე თქმით, "რეანიმაციაში ამ პერიოდში მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის, ერთხელ ვაქცინირებული იყო დაახლოებით 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3%. ანუ ერთეული შემთხვევები, რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს და იცავს ჰოსპიტალიზაციისგან და მძიმე შედეგების განვითარებისგან“ – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

რეანიმაციაში მკურნალობა გაიარა დაახლოებით 3 500-მა პირმა, მათ შორის, ერთხელ ვაქცინირებული იყო 1%-მდე და ორჯერ ვაქცინირებული იყო 0.3%. ანუ ერთეული შემთხვევები რაც ნიშნავს იმას, რომ ვაქცინა რეალურად მუშაობს
თამარ გაბუნია, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე

დღეის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის 7%-იც კი არ არის სრულად, ორივე დოზით, აცრილი.

ამ უმძიმეს ფონზე, მმართველი პარტია „ქართული ოცნება“ და სხვა პოლიტიკური პარტიებიც, საარჩევნო კამპანიის მიმდინარეობისას, თვალს ხუჭავენ მართლმადიდებელი ეკლესიის მიზანმიმართულ და მავნებლურ ანტივაქსერულ პოზიციაზე და პირიქით, ცდილობენ, ეკლესიასთან ფლირტით, მომავალ თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებას მიაღწიონ.

მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო პირები "ქართული ოცნების" წინასაარჩევნო შეხვედრაზე