კობახიძის თქმით, საქართველოში რუსეთის გავლენის ქვეშ მყოფი პარტიები არ არსებობს

ირაკლი კობახიძე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ არჩევნების წინ "ევრონიუსისთვის" (Euronews) მიცემულ ინტერვიუში ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებაზე ისაუბრა და თქვა, რომ რუსეთს არ შეუძლია საქართველოს არჩევნებზე გავლენის მოხდენა.

„შემიძლია ვთქვა, რომ რუსეთს არ აქვს გავლენა საქართველოში. აქ არ არიან პარტიები, რომლებიც შეიძლება რუსეთის გავლენის ქვეშ იყვნენ, არ არის მედიაარხების მხრიდან გავლენა, ამიტომ არსებითად რუსეთის მხარეს არ შეუძლია გავლენა ჰქონდეს საქართველოს არჩევნებზე“, - თქვა კობახიძემ.

მისი თქმით, „ევროკავშირის ოჯახის წევრობა, ეს საქართველოს და ქართველების ისტორიული არჩევანია“.

„იცით, რომ ჩვენ ქრისტიანული ერი ვართ და ევროპა ყოველთვის ასოცირდებოდა ქრისტიანობასთან. ეს იცავდა მას, იცავდა ქრისტიანობას საქართველოსთვის. ამიტომაც ევროპა ყოველთვის იყო საქართველოსთვის და ქართველებისთვის ბუნებრივი არჩევანი. და ეს ერთ-ერთი ან ყველაზე წონიანი მიზეზია იმისა, თუ რატომ გვსურს ევროკავშირის ოჯახის სრულფასოვანი წევრობა - ეს ნიშნავს განვითარებას საქართველოსთვის, ამიტომ ვართ ერთგული საქართველოს ამ საგარეო-პოლიტიკური პრიორიტეტისადმი“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

"ევრონიუსი" წერს, რომ 26 ოქტომბრის არჩევნებს ისტორიულს უწოდებენ, ვინაიდან მისმა შედეგებმა შესაძლოა განსაზღვროს ქვეყნის ევროინტეგრაცია ან მოსკოვთან დაახლოება.

საქართველოში რუსულ გავლენას წლებია იკვლევს გამომძიებელ ჟურნალისტთა გაერთიანება "აი, ფაქტი". მათი დაკვირვებით, რუსული პროპაგანდა მრავალშრიანი, კომპლექსურ სისტემაა, რომელიც თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ფსიქოლოგიურ მანიპულაციებს და ინფორმაციული ომის ტაქტიკას იყენებს საზოგადოებრივი აზრის ფორმირებისა და პოლიტიკური მიზნების მისაღწევად.

"რუსული პროპაგანდა საქართველოში აქტიურად ატარებს ნარატივს, რომლის მიხედვითაც, დასავლეთი ებრძვის მართლმადიდებლობას, ოჯახის ცნებას, ტრადიციებს და ახალგაზრდობას თავს ახვევს “გარყვნილ” ცხოვრების წესს", - წერს "აი, ფაქტი" ანგარიშში და დაასკვნის, რომ პროპაგანდის მიზანი არის საზოგადოებაში დათესვა ზიზღისა, რომელიც მიმართულია დასავლეთის, როგორც ფუნდამენტურად მიუღებელი ცხოვრების წესისა და ღირებულებების სისტემის წარმოჩენისკენ.