კვირიკაშვილი ცდილობს ამერიკელები საქართველოს პროგრესში დაარწმუნოს

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შეერთებულ შტატებში ვიზიტს აგრძელებს. დღეს მან პირველი საჯარო შეხვედრა გამართა. “ამერიკის მშვიდობის ინსტიტუტში” კვირიკაშვილმა საქართველოს უსაფრთხოებაზე, ეკონომიკაზე და საპარლამენტო არჩევნებზე ისაუბრა.

პრემიერი აუდიტორიას დემოკრატმა სენატორმა ქრის მერფიმ წარუდგინა:

“პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ, მან ბევრ ჩვენგანზე, სენატში საქართველოს მეგობრებზე, თავისი ლიდერობით და ხედვებით დიდი შთაბეჭდილება მოახდინა... უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ ასევე ვნახეთ მის მიერ პოლიტიკური ოპოზიციის კონსტრუქციული ჩართულობის მაგალითი. ოპოზიციის ჩართულობა ჯანსაღი დემოკრატიის ერთ-ერთი ნიშანია,” განაცხადა სენატორმა, რომლის თქმითაც ვაშინგტონში კვირიკაშვილის ვიზიტი “ორ ქვეყანას შორის მტკიცე კავშირებს ადასტურებს.”

“სტრატეგიული მდებარეობა, საქართველოს, როგორც ევროპასა და აზიას შორის ხიდს, უდიდეს ეკონომიკურ და სტრატეგიულ შესაძლებლობებს აძლევს. შეერთებული შტატები აგრძელებს საქართველოს მხარაჭერას, განსაკუთრებით კი მხარს უწერს მის ნატოში გაწევრიანებას... ბევრ ჩვენგანს მტკიცედ სჯერა, რომ რუსეთს მისი მეზობლების უსაფრთხოების ალიანსებზე ვეტოს უფლება არ უნდა ჰქონდეს.”

სენატორმა იმედი გამოთქვა, რომ ქვეყნის ლიდერები მხარს დაუჭერენ თავისუფალ და ღია პოლიტიკურ სივრცეს, სადაც "განსხვავებული მოსაზრებები გამოითქმება, რადგან პოლიტიკური დიკურსის თავისუფლება მხოლოდ გააძლიერებს ქართულ დემოკრატიას.”

“წელს საქართველო დამოუკიდებლობის აღდგენიდან 25 წელს აღნიშნავს, ჩვენ ბევრი რამე გვაქვს საამაყო, იმის მიუხედავად რომ ჯერ კიდევ ბევრი რამაა გასაკეთებელი. ათწლიანი გარდამავალი ეტაპის შემდეგ საქართველო დამოუკიდებელ, თანამედროვე და დინამიურ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა,” ამ სიტყვებით დაიწყო საჯარო გამოსვლა პრემიერ-მინისტრმა და ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.

საგარეო კურსი

“საქართველო შეერთებული შტატების ერთგული მეგობარია. ჩვენ ბევრ რთულ ვითარებაში დავამტკიცეთ ჩვენი სანდო მეგობრობა. საქართველო ინარჩუნებს საგარეო პოლიტიკის დასავლურ კურსს, მისი ინსტიტუციური სტანდარტებით უახლოვდება ევროპის კავშირის სტანდარტებს და აგრძელებს სწრაფვას ნატოსკენ. ჩვენ ვართ ქვეყანა, რომელიც საშინაო და საგარეო სირთულეების მიუხედადვად თანმიმდევრულად აგრძელებს სვლას ევროპის კავშირისკენ და ნატოსკენ.”

ეკონომიკური განვითარება

“საქართველომ ხელი მოაწერა ევროპის კავშირთან ასოცირების ხელშეკრულებას, ამის ნაწილია ღრმა და ყოვლისმომცველი ვაჭრობის შეთანხმება. რაც კარგ საფუძველს ქმნის ინვესტიციებისთვის. საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს ბიზნესის კეთების მხრივ, ერთ-ერთი მოწინავე ქვეყანაა კორუფციის დაბალი მაჩვენებლით და ეს არის საქართველოს მთავრობის დასკვნები, ეს პატივსაცემი საერთაშორისო ორგანიზაციების შეფასებებია. საქართველო რჩება ინვესტიციებისთვის მიმზიდველ ადგილად.”

უსაფრთხოება

“სამწუხაროდ, ჩვენი ორი ტერიტორია რუსეთის მეირ ოკუპირებულია, რუსული სამხედრო ბაზები საქართველოს მიწაზეა განლაგებული. ახლახან ცნობილი გახდა, რომ სამხრეთ ოსეთში შესაძლოა რეფერენდუმი ჩატარდეს და ის რუსეთის ნაწილი გახდეს. ეს არის ინსტრუმენტი საქართველოს წინააღმდეგ, იმ შემთხვევაში თუ ნატოს ვარშავის სამიტზე საქართველოს ატლანტიკური სწრაფვისთვის მნიშვნელოვანი პროგრესი იქნება განხილული.”

ოკუპირებული ტერიტორიები

“ოლუპირებულ რეგიონებში ჰუმინიტარული მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება, 2 დღის წინ სამხრეთ ოსეთის ოლიციამ 17 წლის მწყემსი ეგრეთწოდებული საზღვრის გადაკვეთის გამო დააკავა. მსგავსი რამ თითქმის ყოველდღიურად ხდება. ჩვენ ვხედავთ ქართული ენის სწავლის აკრძალვას აფხაზეთში, გალის რაიონში, რაც ადმინისტრაციულ საზღვარს მიღმა მცხოვრები ქართველების უფლებების დარღვევაა... ამ ყველაფრის მიუხედავად ჩვენ ვრჩებით მოწოდებულნი აფხაზ და ოს მეგობრებთან და მოქალაქეებთან მშვიდობიანი და მეგობრული ურთიერთობები ახლო მომავალში აღვადგინოთ... საამისოდ ჩვენ რამდენიმე სოციალურ პროექტს ვატარებთ, როგორიცაა უფასო ჯანდაცვა და განათლება ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისთვის. ჩვენ ვხედავთ, რომ ყინული ლღვება და გვჭირდება ჩვენი პარტნიორების, განსაკუთრებით კი ჩვენი ყველაზე ძლიერი პარტნიორის - შეერთებული შტატების მხარდაჭერა.”

დემოკრატიული რეფორმები

“ამ მხრივ ვფქირობ რამდენიმე რამე გვაქვს საამაყო, როგორიცაა რეფორმები სამართალდამცავ ორგანოებში, რეფორმა პროკურატურასა და შინაგან საქმეთა სამინისტროში... ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ მიღწეულით კმაყოფილები ვართ. რა თქმა უნდა, ჩვენ სრულყოფილები არ ვართ. ჩვენ გვესმის, რომ დემოკრატიის მაღალი სტანდარტების მიღწევამდე დიდი გზაა გასასვლელი, თუმცა ცალსახაა რომ ტენდენცია დადებითია... საქართველო რჩება დემოკრატიულ, დინამიკურ ქვეყანად.”

საპარლამენტო არჩევნები

“ეს იქნება თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების ციკლის გაგრძელება იქნება. საქართველოში ზედიზედ რამდენიმე არჩევნები მაღალი სტანდარტით ჩატარდა. ჩვენ დავდეთ პირობა ჩავატაროთ საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე თავისუფალი არჩევნები.”

ნატოს ვარშავის სამიტი

“ჩვენი მიზანია საქართველოს პროგრესი იქნეს აღიარებული. ასევე გვსურს ნატოსთან ურთიერთობების გაღრმავება. ჩვენ გვაქვს მნიშვნელოვანი მიღწევები, როგორიცაა თბილისთან ახლოს ტრენინგების ცენტრი გახსნა... ბოლოს მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველო რჩება ამერიკის სანდო პარტნიორად. საქართველო ილტვის ევრო-ატლანტიკური საზოგადოებისკენ და ეს გზა შეუქცევადია.”