თანამედროვე ქართველი მამლუქები: ნიკო შერა, იაგო და ზურა

ნიკოლოზ შერაზადიშვილი იგივე ნიკო შერა მსოფლიო ჩემპიონი მეორედ გახდა

ბუდაპეშტში ძიუდოს მსოფლიო ჩემპიონატი, მხოლოდ კარალეთელი ლაშა შავდათუაშვილის ტრიუმფით არ იყო გამორჩეული (დამატებით ეროვნულმა გუნდმა ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაოც მოიპოვა), მსოფლიო ჩემპიონი კიდევ ორი ქართველი გახდა, თუმცა არა საქართველოს, არამედ ესპანეთისა და რუსეთის სახელით.

90 კგ წონით კატეგორიაში შეუდარებელი იყო ნიკოლოზ შერაზადიშვილი. მან 25 წლის ასაკში, მსოფლიო ჩემპიონის ტიტული მეორედ მოიპოვა. ეს ფენომენალური შედეგია, როგორც ესპანეთისთვის, რომელსაც მანამდე ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი არასოდეს ჰყოლია, ისე პირადად შერაზადიშვილისთვის. ნიკოლოზმა ტრიუმფამდე რამდენიმე კვირით ადრე კორონავირუსი გადაიტანა.

ჭიდაობის გამორჩეული სტილით და მომზადების დონით შერაზადიშვილი ტოკიოს ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებზე, ოქროს მედლის მთავარი პრეტენდენტია.

ნიკო შერა

„უბედნიერესი ვარ, მსოფლიო ჩემპინატის მეორედ მოგება თან, ოლიმპიადამდე ერთი თვით ადრე დამატებით სტიმულს და ძალებს მმატებს. ჩვენ არავის გვეშინია, თუ კარგად გამოვალ, ვერავინ მომერევა.

ოლიმპიური ოქრო არ არის მხოლოდ ოცნება, ეს მიზანია. უდიდეს მოტივაციას მაძალევს ის, რომ ოლიმპიადა ძიუდოს სამშობლოში, იაპონიაში ტარდება და იქ მოგებულ ჩემპიონობას სულ სხვა ფასი აქვს
ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ქართული წარმოშობის ესპანელი ძიუდოისტი, ორგზის მსოფლიო ჩემპიონი

ოლიმპიური ოქრო არ არის მხოლოდ ოცნება, ეს მიზანია. უდიდეს მოტივაციას მაძლევს, ის რომ ოლიმპიადა ძიუდოს სამშობლოში, იაპონიაში ტარდება და იქ მოგებულ ჩემპიონობას სულ სხვა ფასი აქვს“ - ამბობს შერაზადიშვილი, რომლისთვისაც ტოკიოს მომამავალი თამაშები კარიერაში პირველი ოლიმპიადა იქნება.

„ნიკო შერა“, როგორც მას ესპანეთში მოიხსენიებენ, 13 წლამდე თბილისში იზრდებოდა, ქალაქში სადაც დაიბადა და ძიუდოს პირველად ეზიარა.

2009 წელს შერაზადიშვილების ოჯახი საქართველოდან საცხოვრებლად ესპანეთში გადავიდა. ნიკოლოზმაც ძიუდოს ილეთები უკვე მადრიდში დახვეწა, ესპანეთის სახელით გამოსვლა 2014 წელს დაიწყო და 7 წელიწადში უდიდეს შედეგებს მიაღწია.

მსოფლიო ჩემპიონი იაგო აბულაძე და მისი მწვრთნელი ჯუმბერ აბულაძე

რუსეთს 10 წელი არ ჰყავდა ძიუდოში მსოფლიო ჩემპიონი და ეს სანუკვარი ტიტული ბუდაპეშტში, 23 წლის ეთნიკურმა ქართველმა იაგო აბულაძემ მოიგო. 60 კგ წონით კატეგორიაში აბულაძეს კონკურენტი უბრალოდ არ ჰყოლია და ყველა ბრძოლა დროზე ადრე დაასრულა.

22 წლის უკან აბულაძეების ოჯახიც საქართველოდან რუსეთში ეკონომიკურ გაჭირვებას გაექცა. ახალი ჩემპიონი მამამ ჯუმბერ აბულაძემ აღზარდა, იგი ქალაქ შელკოვოს ძიუდოს კლუბს წარმოადგენს და ზედიზედ მეორე წელია, წლის საუკეთესო მწვრთნელად ასახელებენ.

ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემს შრომა დავუფასე და მისი გახარება შევძელი
იაგო აბულაძე, მსოფლიო ჩემპიონი ძიუდოში


"მამაჩემის გაზრდილი ვარ, ახლაც ჩემი მწვრთნელია. ისე მოხდა, რომ კორონავირუსის პანდემიის დაწყების მერე შეჯიბრებებზე ვერ დამყვებოდა.

ახლა როგორღაც მოახერხა და ბუდაპეშტში ჩამოვიდა. მისი დარბაზში ყოფნა ჩემთვის ძლიერი მოტივაცია იყო. ფინალამდე მითხრა, რომ თუ რაღაცა ისე არ წავიდოდა, იმპროვიზაციისთვის მიმემართა, ბედნიერი ვარ, რომ მამაჩემს შრომა დავუფასე და მისი გახარება შევძელი" - აღნიშნა იაგო აბულაძემ.

მიუხედავად იმისა, რომ ანტისადოპინგო კანონმდებლობის არაერთგზის დარღვევის გამო, სპორტული არბიტრაჟის სასამართლოს გადაწყვეტილებით (CAS) რუსეთს სპორტის ყველა სახეობაში აკრძალული აქვს საკუთარი დროშით ასპარეზობა და ბუდაპეშტის ლასლო პაპას სახელობის სპორტულ არენაზე, რუსეთის ჰიმნის ნაცვლადაც, ჩაიკოვსკის პირველი საფორტეპიანო კონცერტის ფრაგმენტი დაუკრეს, რუსეთის პრეზიდენტმა, რომელიც ძიუდოს ცნობილი ფანია, აბულაძის გამარჯვებას „ნამდვილი ტრიუმფი“ უწოდა.

ზურაბ დათუნაშვილმა მესამედ ევროპის ჩემპიონობა სერბეთის სახელით მოიგო

ბუდაპეშტამდე, ვარშავაში, ჭიდაობაში ევროპის ჩემპიონი სერბეთის სახელით, ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ზურაბ დათუნაშვილი გახდა. მას 2016-17 წლებში ევროპის ჩემპიონატი საქართველოს დროშით ჰქონდა მოგებული, თუმცა 2019 წელს ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტ გეგეშიძესთან სისხლიანი დაპირისპირების გამო სამშობლოდან წასვლა მოუხდა.

ევროპის ორგზის ჩემპიონს, მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ აქტივისტმა გეგეშიძემ, რომელსაც დათუნაშვილი კორუფციაში ადანაშაულებდა, 2019 წლის 11 იანვარს, ეროვნული ჩემპიონატის მიმდინარეობის დროს, ორჯერ კასტეტი ჩაარტყა და თავი გაუხეთქა.

გეგეშიძე ძალადობის ბრალდებით მხოლოდ 22 იანვარს დააკავეს, თუმცა სასამართლომ მას გირაო შეუფარდა, გაათავისუფლა და ფედერაციის პრეზიდენტის პოსტიც შეუნარჩუნა. სასამართლო პროცესები ამ სკანდალურ საქმეზე ამ დრომდე გრძელდება.

ამ პერიდოში, გეგეშიძემ ჭიდაობის ფედერაციის პრეზიდენტის პოსტზე ყოფნის ვადა 2024 წლამდე გაიხანგრძლივა, დათუნაშვილმა კი მოქალაქობა შეიცვალა და გამარჯვებები უკვე სერბეთისთვის მოაქვს.

საქართველოს თანამედროვე მამლუქები სპორტში არც აქამდე აკლდა, დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ, მეოცე საუკუნის 90-იანი წლების დასაწყისში, ომს, ეკონომიკურ გაჭირვებას თუ რუსულ ოკუპაციას აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ბევრი სპორტსმენი გაექცა.

კახი კახიაშვილმა საბერძნეთს ორი ოლიმპიური ოქრო მოუპოვა

ამათგან გამორჩეულია ცხინვალელი ძალოსანის კახი კახიაშვილისა და ახმეტელი ძიუდოისტის ჯარჯი ზვიადაურის მონაგარი, ამ ორმა მამლუქმა საქართველოდან, საბერძნეთის სახელით ჯამში, 3 ოლიმპიური ოქრო, 6 მსოფლიო და 4 ევროპის ჩემპიონობა მოიგეს.

აღსანიშნავია, ბატუტზე მხტომელი მცხეთელი ანა დოღონაძის დიდი წარმატებაც, რომელმაც გერმანიას ოლიმპიური ოქრო, სამ-სამჯერ კი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონობა მოუტანა. უნიკალურია მესტიელი მოკრივე რამაზ ფალაინის მიღწევაც, იგი მსოფლიო და ევროპის ჩემპიონი, ორი ქვეყნის თურქეთის და რუსეთის სახელით გახდა.

ილიას ილიადისი იგივე ჯარჯი ზვიადაური ოლიმპიური ოქროს მედლით

მამლუქები საქართველოდან, ოლიმპიური, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონები

ოლიმპიური ჩემპიონები

  • კახი კახიაშვილი, საბერძნეთი, ძალოსნობა, 1996, 2000
  • ანა დოღონაძე, გერმანია, ბატუტზე ხტომა 2004
  • ჯარჯი ზვიადაური, საბერძნეთი, ძიუდო 2004
  • დავით ჩაკვეტაძე, რუსეთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 2016
  • ალექსანდრე დოხტურიშვილი, უზბეკეთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა, 2004

ანა დოღონაძემ ათენის ოლიმპიადა გერმანიის სახელით მოიგო

მსოფლიო ჩემპიონები

  • ნიკოლოზ შერაზადიშვილი, ესპანეთი, ძიუდო, 2018, 2021
  • კახი კახიაშვილი, საბერძნეთი, ძალოსნობა, 1995, 1998, 1999
  • ჯარჯი ზვიადაური, საბერძნეთი, ძიუდო 2010, 2011, 2014
  • ანა დოღონაძე, გერმანია, ბატუტზე ხტომა 1998, 2001, 2011
  • გიორგი ზანთარია, უკრაინა, ძიუდო, 2009
  • იაგო აბულაძე, რუსეთი, ძიუდო 2021
  • გოგი კოღუაშვილი, რუსეთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 1993, 1994, 1997, 1998, 1999
  • რამაზ ფალიანი, თურქეთი, კრივი 2001

რამაზ ფალიანი (მარჯვნივ) მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონი, თურქეთის და რუსეთის სახელით გახდა

  • გიორგი გოგშელიძე, რუსეთი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა 2001
  • გოჩა ციციაშვილი, ისრაელი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 2003
  • ამბაკო ვაჩაძე, რუსეთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 2010
  • ლერი ხაბელოვი, რუსეთი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 1993
  • გიორგი კეტოევი, რუსეთი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 2007
  • დენის ცარგუში, რუსეთი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა 2009, 2010, 2014
  • ბესიკ კუდუხოვი, რუსეთი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა 2009, 2010, 2011

ქუთაისელმა გოგი კოღუაშვილმა რუსეთს ხუთჯერ მსოფლიო და სამჯერ ევროპის ჩემპიონობა მოუპოვა

ევროპის ჩემპიონები

  • ზურაბ დათუნაშვილი, სერბეთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 2021
  • ანა დოღონაძე, გერმანია, ბატუტზე ხტომა 1998, 2000, 2010
  • კახი კახიაშვილი, საბერძნეთი, ძალოსნობა, 1995, 1996
  • რამაზ ფალიანი, თურქეთი, კრივი 1998, 2000
  • რამაზ ფალიანი, რუსეთი, კრივი 1997
  • ირაკლი უზნაძე, თურქეთი, ძიუდო, 2002
  • ჯარჯი ზვიადაური, საბერძნეთი, ძიუდო, 2004, 2011
  • გიორგი ზანთარია, უკრაინა, ძიუდო, 2011, 2017, 2019
  • თეა დონღუზაშვილი, რუსეთი, ძიუდო, 2012
  • რობერტ მშვიდობაძე, რუსეთი, ძიუდო, 2017, 2020
  • ნატო ნასარიძე, თურქეთი, მშვილდოსნობა 1996, 2000

მშვილდოსნობაში ორგზის ევროპის ჩემპიონი ნატო ნასარიძე თურქეთის სახელით გამოდიოდა

  • გოგი კოღუაშვილი, რუსეთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 1995, 1996, 2002
  • გიორგი ედიშერაშვილი, აზერბაიჯანი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა 2017, 2018
  • ამბაკო ვაჩაძე, რუსეთი, ბერძნულ-რომაული ჭიდაობა 2009, 2010, 2011
  • არსენ კასაბიევი, პოლონეთი, ძალოსნობა, 2010
  • ზაზა ზოზიროვი, უკრაინა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 1993, 1999
  • გიორგი კეტოევი, რუსეთი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 2008
  • დენის ცარგუში, რუსეთი, თავისუფალაი სტილით ჭიდაობა 2010, 2011, 2012
  • ჯამბოლათ თედეევი, უკრაინა, თავისუფალი სტილით ჭიდაობა, 1993
  • ბესიკ კუდუხოვი, რუსეთი, თავისუფალი სტილით ჭიდაობა 2007

მსოფლიოს სამგზის ჩემიონი ახალგორელი მოჭიდავე ბესიკ კუდუხოვი, იგი 2013 წელს ავტოკატასტროფაში დაიღუპა