ლეონარდო დიკაპრიო ქართული რესტორნით გადაღებებზე დაინტერესდა

ხაჭაპურის მასტერ-კლასი ხაჭაპურის და ქართული სამზარეულოს მოყვარული ამერიკელებისთვის მანჰეტენზე, ხუთი თვის წინ გახსნილ "რედ კომპასის" რესტორანში ჩატარდა. სხვა ქართული რესტორნებისგან განსხვავებით "რედ კომპასს" ქართული ღვინის პოპულარიზაციის მიზნით სომელიეც ჰყავს, რომელიც სტუმრებს ქართული ღვინით უმასპინძლდება და ტრადიციებს აცნობს. ცოტა ხნის წინ, რესტორნის მენიუთი ჰოლივუდის ვარსკვლავი ლეონარდო დიკაპრიოც დაინტერესდა, რომელიც "ორქედის" ქუჩაზე, სადაც რესტორანი მდებარეობს გადაღებებზე იმყოფებოდა.

იზოლდა ხასიტაშვილი: ორმოცდაორი წელი გახდება მალე, რაც ჩვენ აქ ვართ.

ამერიკის ხმა: ხაჭაპურის კეთება იცით ალბათ?

იზოლდა ხასიტაშვილი: რათქმაუნდა. რამდენჯერ დავაპირე ჩემი გოგონებისთვის მესწავლებინა, მაგრამ თითქოს სახლში დიდად არ მოინდომეს გამზადებული უფრო მოსწონთ, აქ უფრო აინტერესებთ სწავლის პროცესი ვიდრე სახლში, თვითონ უნდათ შეეხონ ყველაფერს.

იზოლდა ხასიტაშვილი და მარინა ქეი, თბილისში, ზემელზე გაზრდილი ბიძაშვილები, მშობლებმა ამერიკაში 42 წლის წინ ჩამოიყვანეს, თუმცა არც ქართული დავიწყებიათ და არც ხაჭაპურის ცხობაც. ქართული სამზარეულოს სიამაყის- "ხაჭაპურის" სიყვარული შთამომავლობას გადაეცა და წითელი კომპასის" ქართულ რესტორანში ხაჭაპურის მასტერ-კლასისთვის თავიანთი ოჯახებით მივიდნენ, გოგონებით და მათი ამერიკელი მეუღლეებით.

ჯენიფერ ხასიტაშვილი ამბობს, რომ ის ქართველია, უყვარს ქართული კულტურა, ხაჭაპური მისი საყვარელი კერძია. "დედაჩემი და ბებიაჩემი ძალიან გემრიელ ხაჭაპურს აკეთებენ, ყველაზე ძალიან ის მიყვარს კონვერტის ფორმა რომ აქვს და იმერული ჰქვია".

იუჯინი ჯენიფერის მეუღლე ამბობს, რომ მისი საყვარელი ქართული რესტორანი ჯენიფერის ქართველი ბებიის სამზარეულოა, საყვარელი კერძი კი ყველაფერი და საცივი, განსაკუთრებით.

თითქოს რეცეპტი მარტივია - ფქვილი და ყველი, თუმცა კარგი ხაჭაპურისთვის ყველი საუკეთესო უნდა იყოს. რესტორან "რედ კომპასის" მზარეულებმა უარი თქვეს ამერიკული მოცარელას და ფეტა ყველის გავრცელებულ რეცეპტზე და ქართული გემოს მისაღებად სულგუნს თავად ამზადებენ. ამ ხაჭაპურის სუნმა ცოტა ხნის წინ რესტორანთან ოსკარის მფლობელი ლეონარდო დიკაპრიოც შეაჩერა, რომელიც ისტორიულ "ორქედის" ქუჩაზე დოკუმენტური ფილმის გადაღებებზე იმყოფებოდა. მზარეული კახი კოპალიანი, რომელმაც ხაჭაპურის მასტერ-კლასი ჩაატარა, ამის შესახებ გვესაუბრება:

კახი კოპალიანი: ლეონარდო დიკაპირო ჩვენს გვერდზე ქუჩაზე გადაღებებზე იყო რამდენიმე კვირის წინ და ჩვენს ბილბორდთან გაჩერდა. დაინტერესდა ხაჭაპურით და გარედან უყურებდა. სამწუხაროდ, სურათის გადაღება ვერ მოვასწარით, თუმცა შემდეგ რესტორნის ფლაიერები დავუტოვეთ გადამღებ ჯგუფს. ინტერესი ჰქონდა ხაჭაპურის და უყურებდა.

დავით გიორგობიანი "რედ კომპასის" ერთ-ერთი მეპატრონეა, რომელსაც ამ სფეროში დიდხნიანი გამოცდილება აქვს. საქართველოში "დისქავერის" კაფეების ქსელს ფლობს. "აღმოაჩინე საქართველოს" თემატიკა ნიუ-იორკში "რედ კომპასით" გაგრძელდა.

დათო გიორგობიანი: არც ველოდით ისე ჩქარა გახდა პოპულარული და მოდური. იყო სიახლე, გვაქვს ძალიან კარგი და დიდი მენიუ, "ოდასგან" და "ოლდ თბილისი გარდენისგან" განსხვავებით გვაქვს ორი სხვადასხვა სტილის დარბაზი, ერთი ეროვნულ სტილშია, ღვინის დარბაზი და ბანკეტები ტარდება. ვუყვარვართ ხალხს, გახდა მოდური, არის შუაგულ მანჰეტენზე.

ხაჭაპურის მასტერ-კლასმა წარმატებით ჩაიარა. თვის ბოლოს აქ ღვინის დეგუსტაცია იგეგმება.

გურამ ხარშილაძე, სომელიე: რომ ვუყვები, რომ საქართველო არის ღვინის ქვეყანა, სადაც პირველი ღვინო აწარმოეს და რომ ვუყვები ისტორიას, შოკში არიან. რომ ვეუბნები, რომ 500 ჯიში გვაქვს საქართველოში და ვამზადებთ ტრადიციულ ქვევრის ღვინოებს, რომელიც დაპატენტებულია ქართულად და სხვა ქვეყანა ვერ აწარმოებს, რადგან არის ჩვენი-ამაზე სულ გიჟდებიან. თან ქართული არის ძალიან განსხვავებული ღვინო. არ ჰგავს არც ამერიკულს, არც ევროპულს, არც ავსტრალიურს და არც სამხრეთ აფრიკულს. მთლიანად განსხვავებული სტრუქტურა აქვს.

ნიუ-იორკის ამ უბანში, აღმოსავლეთ მანჰეტენის ქვედა ნაწილში, ერთმანეთისგან ხუთი წუთის დაშორებით სამი ქართული რესტორანი "ოდა", "ოლდ თბილისი გარდენი" და "რედ კომპასი" მდებარეობს, რომელიც ბოლო სამი წლის განმავლობაში გაიხსნა. "რედ კომპასი" ისტორიულ "ორქედის" ქუჩაზეა, რომლის შესახებ ამავე სახელწოდების ფილმიც შეიქმნა, ხოლო აქ მდებარე "ემიგრანტთა მუზეუმის" და სხვა შენობების კადრები ბევრ სხვა ფილმშიც, მათ შორის "ეშმაკი ატარებს პრადაშიც" არის გადაღებული. მეოცე საუკუნის დასაწყისში ეს ქუჩა ახალჩამოსული, უქონელი და ღარიბი ემიგრანტების თავშეყრის ადგილი იყო, დღეს კი ვარსკვლავების და არტისტების საყვარელი უბანი, სადაც ეგზოტიკური და საინტერესო, აქამდე უცნობი ქვეყნის სამზარეულოს და ღვინოს აღმოაჩენთ.