“დამფუძნებელი დედები” - ქალები პირველი რესპუბლიკიდან

დემოკრატიის 1028 დღე - ქალთა საარჩევნო უფლებები

არასრული სამწლიანი არსებობის მანძილზე, საქართველოს პირველმა დემოკრატიულმა რესპუბლიკამ “ევროპის გაოცება” ნამდვილად შეძლო.

ქართული დემოკრატიის 1028 დღე, ცივილური სამყაროს პოლიტიკურ ისტორიაში, მნიშვნელოვან ადგილს იკავებს. კონკრეტული პარამეტრით, საქართველო რიგით მერვე ქვეყანა იყო, სადაც ქალთა საარჩევნო უფლებები სრულად იყო გარანტირებული. ეს იმხანად არსებული საგარეო და საშინაო პოლიტიკური თუ ეკონომიკური კრიზისების გათვალისწინებით, პირველი რესპუბლიკის მიერ გადადგმული მნიშვნელოვანი პოლტიკური ნაბიჯი იყო.

1918 წლის 22 ნოემბერს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ, დაამტკიცა კანონი – „დებულება დამფუძნებელი კრების არჩევნებისა“, რომელიც 10 თავისა და 119 მუხლისგან შედგებოდა.

თავი I, საერთო დებულება

„დამფუძნებელ კრებას შეადგენენ წევრები, არჩეული მცხოვრებთა მიერ საყოველთაო – განურჩევლათ სქესისა, – თანასწორის, პირდაპირის და ფარულის ხმის მიცემით პროპორციული წარმომადგენლობის წესისამებრ.”

თავი II, მუხლი 3

„დამფუძნებელი კრების არჩევნებში მონაწილეობის უფლება აქვს რესპუბლიკის ორივე სქესის მოქალაქეთ, თუ არჩევნების დღისთვის ოცი წელი შესრულებიათ.”

საბოლოო ჯამში არჩევნებში 26 ქალი კანდიდატი მონაწილეობდა, მათგან ხუთი, უმაღლესი საკანონმდებლო ორგანოს წევრი გახდა, - ქრისტინე შარაშიძე, ელეონარა ტერ-ფარსეგოვა მახვილაძე, ანა სოლოღაშვილი, ელისაბედ ნაკაშიძე-ბოლქვაძე და მინადორა ორჯონიკიძე-ტოროშელიძე.

ხმა ქართველი ქალისა!”

ქალთა უფლებებისთვის ბრძოლა, საქართველოში, დამოუკიდებლობის გამოცხადებამდე იწყება. იქმნება ქალთა გაერთიანებები, გამოიცემა გაზეთები და მასში განთავსებული პუბლიკაციებით, ქალები აქტიურად ერთვებიან საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში. მკაცრად და მტკიცედ ითხოვენ თანასწორობას.

თანასწორობა სქესთა წინაშე კანონისა- ამ მოწოდებით, “ყოველკვირეული საპოლიტიკო, სამეცნიერო და სალიტერატულო” გაზეთი “ხმა ქართველი ქალისა”, 1917-18 წლებში, ქუთაისში გამოიცემოდა. გაზეთის მთავარი რედაქტორი - კატო მიქელაძე.

დომინიკა ერისთავი (განდეგილი) - “ქართველ ქალთა ორგანიზაციის “ დამაარსებელი და თავმჯდომარე - “ქართველი ჟორჟ სანდი”.

მინადორა ორჯონიკიძე - ტოროშელიძე - ერთ-ერთი, პირველი ქალ კანონმდებელთა შორის. მინადორა დამფუძნებელთა კრების პრეზიდიუმის მდივანი და პარლამენტის წევრი იყო. რუსული ოკუპაციის შემდეგ, ანტისაბჭოური საქმიანობის პარალერულად, გარკვეული პერიოდი, ამერიკულ ორგანიზაცია “American Reilef Administration”- ში მუშაობდა.

19 წლის მოწყალების და მარო მაყაშვილი - საბჭოთა რუსულ ჯარებთან ბრძოლაში, თბილისის მისადგომებთან დაიღუპა. მისი დღიურები განსაკუთრებით საინტერესოა და იმ პერიოდის ქართული საზოგადოებრივ-პოლიტიკური ცხოვრების შესახებ, მნიშვნელოვან ინფორმაციას იტევს.

რა თქმა უნდა, ეს მცირედი ჩამონათვალია იმ ქალებისა, რომლებმაც, საუკუნის წინ, საქართველოს დამოუკიდებელი რესპუბლიკის მშენებლობაში, სამოქალაქო აქტივობით, მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს. მათი მოღვაწეობის შესაფასებლად, გადაჭარბების გარეშე შეიძლება ითქვას, რომ ისინი რესპუბლიკის “დამფუძნებელი დედები” არიან. რესპუბლიკის, რომელმაც მხოლოდ 1082 დღე იარსება.