"ნიუ-იორკის მარგალიტის" დებიუტი კაუფმანის ცენტრში

საერთაშორისო კონკურსი "ნიუ-იორკის მარგალიტი" წელს პირველად ჩატარდა. ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა მზადება ზუსტად ერთი წლის წინ დაიწყეს. კონკურსანტები საერთაშორისო კონკურსის ჟიურის წევრებმა ახალგაზრდა შემსრულებლების მიერ გაგზავნილი მუსიკალური ვიდეოების მიხედვით შეარჩიეს. თამრიკო ღოღობერიძე, რომელიც ბავშვთა საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალის "ბათუმის მარგალიტის" დამაარსებელია და ახლა უკვე "ნიუ-იორკის მარგალიტის" დამფუძნებელი და ორგანიზატორიცაა. ის კონკურსის შედეგით კმაყოფილია:

თამრიკო ღოღობერიძე: ძალიან კმაყოფილი ვარ. კონკურსი შედგა. მოხარული ვარ ამდენი ბავშვი რომ მონაწილეობდა სხვადასხვა ქვეყნებიდან. სულ 50 კონკურსანტი გვყავდა და მათგან ექვსი გრანპრი გადაეცათ. აქედან საქართველომ ორი გრანპრი მიიღო. ორგანიზება და მზადება 2017 წლის დეკემბრიდან დავიწყეთ და როგორც იქნა მოვედით ბოლომდე და ჩავატარეთ კონკურსი. საიტზე იყო გამოცხადებული. ყველამ გადმოგვიგზვანა სიმღერები და საერთაშორისო ჟიურიმ [ისინი] შეაფასა და ამის საფუძველზე მოიწვია."

ჩოხატაურელი ლილიანა ლომინეიშვილისთვის, რომელმაც გრანპრი მიიღო, ეს პირველი კონკურსი არ ყოფილა. გოგონა "იქს-ფაქტორის" გასული წლის ეპიზოდებიდან გახდა პოპულარული.

ლილიანა ლომინეიშვილი: ძალიან ბედნიერი ვარ. დიდი ბედნიერებაა, რომ საქართველოდან ჩამოხვალ ამხელა ქვეყანაში და ასე დიდი წარმატებით დაბრუნდები უკან. დიდი მადლობა ყველას.

მეორე გრანპრიც ასევე ჩოხატაურელმა ქეთი მოდებაძემ მიიღო.

ქეთი მოდებაძე: ამერიკაში რომ ჩამოხვალ კონკურსზე თავისთავად დიდი წარმატებაა და გრანპრის რომ მიიღებ საერთოდ ძალიან დიდი ბედნიერებაა.

გოგონებს ჯერ არ გადაუწყვეტიათ, სურთ თუ არა მუსიკალური კარიერა შეერთებულ შტატებში შექმნან. ჟიურის თავმჯდომარე, კომპოზიტორი და დირიჟორი ვიაჩესლავ მუტიანოვი, რომელსაც საკუთარი ბენდი ჰყავს ამბობს, რომ კონკურსის ზოგიერთი მონაწილე უკვე ჩამოყალიბებული შემსრულებელი იყო.

ვიაჩესლავ მუტიანოვი: ბავშვები არაჩვეულებრივები არიან. ზოგს კიდევ სჭირდება მუშაობა, მაგრამ ზოგიერთი უკვე მზადაა დიდ სცენაზე გამოვიდეს.

კაუფმანის ცენტრში მისულ ადამიანებს ფოიეში ახალგაზრდა ქართველი შემოქმედის სალომე ჯიბლაძის გამოფენის ნახვა შეეძლოთ. სალომეს და ლოლა ჯიბლაძე საკმაოდ აქტიური და ცნობილი არტისტია ნიუ-იორკში, თუმცა მათი ხედვა და სტილი განსხვავებულია. ჰყავთ მესამე და, თათა, ისიც ხელოვანია, სამკაულებს ქმნის. დები ჯიბლაძეები საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო პროგრამის "მოამბის" ყოფილი რედაქტორის, ლია ბურჭულაძის შვილიშვილები არიან.

სალომე ჯიბლაძე: ეს ჩემი პირველი პერსონალური გამოფენაა. ჩემთვის იყო მიუღწეველი, რაღაცა ოცნება, რომელიც წამებში ამიხდა. დასვენების პერიოდში შემომთავაზეს გამოფენის მოწყობა, რომ ფესტივალის დროს გამელამაზებინა ეს სივრცე და ახდა ჩემი ოცნებაც. ჩემი კონცეფცია უფრო ემოციაზეა და არა ფორმებზე. ვაძლევ მნახველს საშუალებას, რომ თვითონ აღიქვას ნახატი და დაინახოს საკუთარი თავი.