"ფრიდომ ჰაუსი" საქართველოს მთავრობის კრიტიკას პასუხობს

საერთაშორისო ორგანიზაცია „ფრიდომ ჰაუსი“ საქართველოს მთავრობის კრიტიკას პასუხობს. საქართველოს მთავრობა ორგანიზაციას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში სდებს ბრალს. „ფრიდომ ჰაუსისადმი“ კრიტიკის ახალი ტალღა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულმა უკანასკნელმა ანგარიშმა გამოიწვია.

2019 წლის კვლევაში, სახელით “დემოკრატიის უკუსვლა" მსოფლიოში დემოკრატიისა და ადამიანის თავისუფლებების მდგომარეობაა შეფასებული. ანგარიშის თანახმად, უკუსვლა განიცადა საქართველომაც. ის "ნახევრად თავისუფალი" ქვეყნების სიაში რჩება და წელს, მისი ქულა ერთი ნიშნულით შემცირდა. ამის მიზეზად, ორგანიზაცია, დიდწილად, გასულ საპრეზიდენტო არჩევნებს ასახელებს.

საქართველოს მთავრობის წარმომადგენლები, ტელეკომპანია „იმედის“ რამდენიმე სიუჟეტში, „ფრიდომ ჰაუსის“ წინა წლის ანგარიშს იხსენებენ, სადაც ორგანიზაციამ რამდენიმე ფაქტობრივი შეცდომა გაასწორა და მას უზუსტობების გავრცელებაში ადანაშაულებენ. მმართველი გუნდის რამდენიმე დეპუტატმა ორგანიზაციის ანგარიში, ნაციონალურ მოძრაობაზე მითითებით, „კონკრეტული ჯგუფის დაკვეთად“ შეაფასა.

“ამერიკის ხმასთან” საუბარში „ფრიდომ ჰაუსის“ ევროპისა და ევრაზიის პროგრამების დირექტორი, მარკ ბერენტი ამბობს, რომ გასულ წელს ორგანიზაციას საქართველოში დემოკრატიის მდგომარეობის შეფასებითი ნაწილი არ შეუცვლია, და მხოლოდ ფაქტობრივი შესწორებები შეიტანა ანგარიშში. ბერენტის თქმით ორგანიზაციის მეთოდოლოგია გამჭირვალე და ყველასთვის ხელმისაწვდომია. "ჩვენ ძალიან ცხადად ვამბობთ, რა განაპირობებს რეიტინგში ქულების ცვლილებას. ამას შეგიძილათ დაეთანხმოთ ან არ დაეთანხმოთ. თუკი ფაქტები შეგვეშლება, ცხადია, ისინი უნდა შევასწოროთ. მაგრამ, ჩვენ ფაქტების შემოწმების საქმეს ძალიან კარგად ვაკეთებთ მთელ მსოფლიოში და საქართველოშიც“, - ამბობს ბერენტი.

ის ასევე აცხადებს, რომ საქართველო, როგორც რეგიონში წარმატებული ქვეყანა, უფრო უკეთ უნდა უმკლავდებოდეს კრიტიკას. „იქნება კრიტიკა, მაგრამ ძლიერი დემოკრატია მხოლოდ და მხოლოდ ძლიერდება ასეთი კრიტიკით და ჩვენს ანგარიშზე თავდასხმა უსამართლოა. თუმცა ყოველთვის, როცა ასეთ ანგარიშს აკეთებ, მუდმივად არის მსგავსი გამოწვევები მეორე მხარისგან და ესეც ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა“, - ამბობს ბერენტი.

კრიტიკის პირველი ტალღა, ორგანიზაციის ერთ-ერთი წარმომადგენლის ნეით შენკანის შეფასებას მოჰყვა, რომ "დემოკრატია საქართველოში საფრთხის წინაშეა". შენკანის პასუხად, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა დავით ზალკალიანმა ორგანიზაციის ფაქტობრივი შეცდომები გაიხსენა და თქვა, რომ ორგანიზაციამ ბოდიში მოიხადა.

„'ფრიდომ ჰაუსთან' დაკავშირებით, თქვენ გახსოვთ, რომ წინა ანგარიშში იყო ძალიან ბევრი გადაუმოწმებელი ინფორმაცია. ამაზე ჩვენს მიერ მყისიერად მოხდა რეაგირება. ჩვენ გვქონდა კომუნიკაცია ფრიდომ ჰაუსის წარმომადგენელებთან და მათ რამდენიმე ასეთი მიმართულებით დაშვებული უზუსტობა აღიარეს და გარკვეულწილად, მათი მხრიდან ბოდიშიც იყო მოხდილი და ეს უზუსტობები იყო გასწორებული“, - განაცხადა დავით ზალკალიანმა.

ორგანიზაციის შეფასება არასამართლიანი მიაჩნია, მმართველი პარტიის გენერალურ მდივანს, კახა კალაძეს, რომლის თქმითაც საქართველოში თავისუფლებისა და გამოხატვის პრობლემა არ არსებობს და შენიშვნის მიცემა ამ მიმართულებით არასწორია.

ორგანიზაცია გააკრიტიკა ტელეკომპანია „იმედმაც“. ერთ-ერთ სიუჟეტში ნათქვამია, რომ „ბერენტი ოფიციალური თბილისის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულებით გამოირჩევა. ერთ-ერთი ვერსიით ჯერ კიდევ შარშან სწორედ მისი დავალებით, რამდენიმე შეცდომა მიზანმიმართულად მოხვდა ანგარიშში”. ტელეკომპანია არ განმარტავს, თუ ვის ეკუთვნის ეს ვარაუდი.

აქ საუბარია 2018 წლის „გარდამავალი ქვეყნების შესახებ“ ანგარიშზე, სადაც ორგანიზაციამ სამი ფაქტობრივი შეცდომა დაუშვა, რომელიც მოგვიანებით ჩაასწორა. ორგანიზაციის 2018 წლის ეს ანგარიში „ჩრდილოვან მმართველობაზე“ და ძალაუფლების კონცენტრაციაზე ამახვილებდა ყურადღებას. "ფრიდომ ჰაუსის" მხრიდან, ფაქტობრივი შეცდომების გასწორების მიუხედავად, მის მიერ პოლიტიკური და მედია გარემოს შეფასება არ შეცვლილა.

„მე არანაირი შეხება არ მქონია „გარდამავალი ქვეყნების ანგარიშთან“, რომელიც შესწორებული იქნა. არანაირი შეხება არ მქონია ტექსტში შესწორებების შეტანასთან. ეს ჩვენი მეთოდოლოგიის სტანდარტული ნაწილია, თუ ჩვენს რომელიმე ანგარიშში ფაქტობრივი შეცდომა ფიქსირდება, კვლევითი ჯგუფი შეისწავლის საკითხს და როცა საჭიროა, შეასწორებს მას. ამ შემთხვევაში, შეცდომას არ ჰქონია გავლენა ქულაზე. ამასთან, მე უარვყოფ განცხადებას, რომ ოფიციალური თბილისისადმი ნეგატიური დამოკიდებულება მაქვს. მე მათთან მრავალი პოზიტიური და კონსტრუქციული შეხვედრები მქონდა გასულ წელს და უკანასკნელი 19 წლის მანძილზე, რაც საქართველოზე მუშაობა დავიწყე“, - ამბობს ბერენტი.

"ფრიდომ ჰაუსმა" 2018 წლის ანგარიშში ფაქტობრივი შეცდომები გაასწორა და ამასთან დაკავშირებით ანგარიშში შესაბამისი განმარტებაც შეიტანა. „ამ ანგარიშის ადრეული ვერსია არასწორად აცხადებდა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხი დაიხურა. არხი ისევ მაუწყებლობს, თუმცა მისი შინაარსი შეზღუდულია“, - ნათქვამია ორგანიზაციის მიერ 2018 წლის 13 აპრილს გამოქვეყნებულ შესწორებაში.

მეორე შესწორება, რომელიც 2018 წლის 14 მაისის გამოქვეყნდა ამბობს, რომ „ამ ანგარიშის ადრეული ვერსია არასწორად აცხადებდა, რომ "ქართული ოცნების" მთავრობამ ტელეკომპანია "იმედი" საკუთრებაში დაუბრუნა გარდაცვლილი ბიზნესმენის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს. მაუწყებელზე კონტროლი "ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ" ოჯახს მას შემდეგ დაუბრუნა, რაც "ქართულმა ოცნებამ" 2012 წლის ოქტომბერში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" არჩევნებში დაამარცხა... [და] არასწორად აღწერდა ტელეკომპანიების "იმედის", "მაესტროს" და "ჯი-დი-ესის" გაერთიანებას, როგორც მათ „შერწყმას“ მაშინ, როდესაც, "გაერთიანება" ორი არხის გაერთიანებას წარმოადგენდა”.

„დემოკრატიის უკუსვლა“

2019 წლის ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებების, თავისუფლებების და დემოკრატიულობის თვალსაზრისით 200 ქვეყანასა და ტერიტორიას სწავლობს. შეფასების კრიტერიუმების თანახმად, საქართველოს მდგომარეობა 2018 წელს მცირედით გაუარესდა. ორგანიზაცია თითოეული ქვეყნის ცალკეულ, უფრო სრულ, პოლიტიკურ შეფასებას მოგვიანებით გამოაქვეყნებს. საქართველოს ნაწილი, სავარაუდოდ, იმ საკითხებზე გაამახვილებს ყურადღებას, რომელსაც ბერენტი გამოჰყოფს. ის ამბობს, რომ მიუხედავად მცირე ცვლილებისა, საქართველო რეგიონში მოწინავე ქვეყანაა, თუმცა არსებობს პრობლემებიც. ის ამბობს, რომ საქართველოს ქულა სამი მიმართულებით შეიცვალა.

„პირველი იყო არჩევნების მიმართულება. არჩევნები, მის მეზობელ ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში წინა წლებში კარგად ტარდებოდა, საპრეზიდენტო არჩევნების პირველი ტურის ჩათვლით. თუმცა, მეორე ტურში ვითარება გაუარესდა... მოსახლეობისთვის სესხების ჩამოწერის დაპირება, იმის მიუხედავად, ეს ამომრჩევლის მოსყიდვას წარმოადგენდა, თუ პოპულისტურ გათვლას, ნესბისმიერ შემთხვევაში ცუდად გამოიყურება. ეს არ არის არჩევნებისთვის შესაფერისი მიდგომა, განსაკუთრებით, ახლა, ამ ეტაპზე საქართველოში. მეორე ნეგატიური ცვლილება, შავი ზღვის უნივერსიტეტისთვის ლიცენზიის ჩამორთმევა იყო... [მესამე] პოზიტიური კი ის არის, რომ საქართველოს ქულა გაიზარდა გადაადგილების თავისუფლების კუთხით“, - განაცხადა ბერენტმა.

ის ამბობს, რომ საქართველოში პოლიტიკური პარტიები ჯერ ისევ სუსტია. ბერენტს მიაჩნია, რომ ქართული პოლიტიკა დღეს ანგარიშვალდებულების არმქონე ორ ლიდერს, ბიძინა ივანიშვილს და მიხეილ სააკაშვილს შორის ბრძოლაა.

„სამწუხაროა, რომ [ქართული პოლიტიკა] ჯერ კიდევ, ისეთ ორ პირს, ივანიშვილსა და სააკაშვილს შორის ბრძოლაა, რომლებიც ხალხის მიერ არჩეული არ არიან, რომლებსაც არჩევითი თანამდებობა არ უკავიათ, - ამბობს ის. (ვრცელი ინტერვიუ ბერენტთან შეგიძლიათ იხილოთ აქ.)

ანგარიშს აფასებს ტომას მელიაც, სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი, რომელიც საქარველოს საკითხებზე დიდი ხნის განმავლობაში მუშაობდა. ის ამბობს, რომ საქართველოს ქულის მცირედი გაუარესება საგანგაშო არაა, თუმცა საჭიროა მუშაობა კორუფციის აღმოფხვრის და გამჭვირვალობის კუთხით.

„საქართველო, რეგიონში მოწინავეა... მნიშვნელოვანია, რომ ის პოსტ-საბჭოთა რეგიონის კონტექსტში განვიხილოთ. საქართველოს ქულა ძალიან მცირედით იცვლება ბოლო წლებში. წელს მისი რეიტინგი ერთი ქულით დაეცა. მე ვიტყოდი, რომ ეს შენელებას გულისხმობს და არა მნიშვნელოვან ვარდნას. ერთქულიანი ცვლილება ზედმეტად საყურადღებო არაა, თუმცა რა თქმა უნდა, ნებისმიერი გაუარესებული ქულა შემაშფოთებელია. არჩევნები პრობლემატური იყო ბევრი მიზეზით, რომელიც თქვენც გააშუქეთ და ჩვენ ყველამ ვიცით... უფრო დიდი პრობლემა, რის გამოც საქართველოს ქულა დაეცა, კორუფციის და გამჭვირვალობის საკითხს შეეხება და საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების მხრიდან რეაგირების ნაკლებობას მოქალაქეების საჭიროებების მიმართ“, - ამბობს ის.

"ფრიდომ ჰაუსის" თანახმად, პოლიტიკური თავისუფლება და დემოკრატია მსოფლიოში უკანასკნელი ცამეტი წლის მანძილზე მცირდება. ყოველწლიურად, დემოკრატიის კუთხით უფრო მეტი ქვეყანა იხევს უკან, ვიდრე წინ მიდის.

ის ქვეყნები, რომლებიც დემოკრატიული გზიდან უხვევენ, სხვადასხვა ავტორიტარული რეჟიმების მიბაძვით, მათგან სწავლით და მათი პრაქტიკის გამეორებით, ცდილობენ საკუთარ ქვეყნებში კონტროლის დამყარებას და ძალაუფლების კონცენტრაციას. შედეგად, ავტორიტარული ქვეყნების გავლენა მსოფლიოში უფრო და უფრო იზრდება და ისეთი ქვეყნები, როგორიცაა რუსეთი, საკუთარ საზღვრებში თავისუფლების შეზღუდვასთან ერთად, ცდილობენ სხვა ქვეყნებში დემოკრატიას ძირი გამოუთხარონ.

„ჩვენ ძალიან გვაშფოთებს მსოფლიოში რუსეთის გავლენა. ჩვენ გვჯერა, რომ რუსეთი არაა თავისუფლებისა და დემოკრატისადმი კეთილგანწყობილი. ჩვენ ვიხილეთ რუსეთის ხელისუფლების წარმომადგენლების მცდელობა ადამიანის უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების შეზღუდვის მხრივ არა მარტო რუსეთის შიგნით, არამედ ვნახეთ მათი მცდელობა დემოკრატიას ძირის რუსეთის საზღვრებს მიღმაც გამოუთხარონ, მაგალითად, ისეთ ქვეყნებში, როგორიცაა უკრაინა და ასევე ამერიკის შეერთებული შტატები“, - განაცხადა „ფრიდომ ჰაუსის“ პრეზიდენტმა მაიკლ აბრამოვიჩმა „ამერიკის ხმასთან“ საუბარში.

„ფრიდომ ჰაუზი“ მსოფლიოში დემოკრატიის შეფასების კუთხით, ერთ-ერთი წამყვანი და სანდო ორგანიზაციაა. ის კვლევებს 1970-იანი წლებიდან ატარებს.