საქართველოს დემოკრატია გამოწვევის წინაშე

კლეპტოკრატები ის ლიდერები არიან, რომლებიც საკუთარი ქვეყნის რესურსების მიტაცებით ცდილობენ საკუთარი ძალაუფლების გამყარებას. შემდეგ ამ ფულს უსაფრთხო ქვეყნებში აბანდებენ და დასავლეთში საკუთარი პოზიტიური იმიჯის შექმნას ცდილობენ. კლეპტოკრატია მსოფლიოში ბევრი ქვეყნის გამოწვევაა. ევრაზიის რეგიონისთვის კლეპტოკრატიული რეჟიმები უცხო არ არის. კლეპტოკრატია და ოლიგარქია დღემდე რჩება რეგიონის ქვეყნების მნიშვნელოვან გამოწვევად. ორგანიზაცია “ფრიდომ ჰაუსში” რეგიონში კლეპტოკრატიის და დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებულ საფრთხეებზე ისაუბრეს, რაც ძალაუფლების ცალკეული ლიდერის ხელში კონცენტრაციას მოჰყვება. რეგიონზე საუბრისას, დისკუსია საქართველოსაც შეეხო და აღნიშნეს, რომ ამ საფრთხის წინაშე თბილისიც დგას.

“კლეპტოკრატია გლობალური პრობლემაა. ეს არ არის მხოლოდ საქართველოსთვის დამახასიათებელი პრობლემა, ეს არის 21-ე საუკუნის ბიზნეს მოდელი, როდესაც სხვადასხვა გზებით ნაშოვნი ფულით მილიარდერები თუ ოლიგარქები ცდილობენ სახელმწიფოს მიტაცებას და ის, რაც ხდება დღეს ჩვენს ქვეყანაში, ძალიან ჰგავს ამ სახელმწიფოს მიტაცების კლასიკურ მაგალითს, რადგან მოგეხსენებათ ხდება იმ ძირითადი ღირებულებების და ინსტიტუტების დასუსტება, რომლებიც ვალდებულნი არიან, რომ ქვეყანაში დემოკრატიული რეფორმები განახორციელონ, ქვეყანა წინ წაიყვანონ”, - ამბობს ნინო ევგენიძე, ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრიდან.

შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს იმას, რომ პოლიტიკური, ეკონომიკური და ფინანსური პოლიტიკური გავლენის ერთ პოლუსზე ხელში მოქცევა პოლიტიკურ თამაშს არათანაბარს ხდის, ასუსტებს სახელმწიფო ინსტიტუტებს და ხელს უშლის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ეს საქართველოსაც შეეხება. “ფრიდომ ჰაუსის” კვლევების მიმართულების ხელმძღვანელი ნეით შენკანი, ქართული ოცნების გენერალურ მდივან ბიძინა ივანიშვილზე საუბრისას ამბობს, რომ მისი არაფორმალური პოლიტიკური გავლენა საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას გამოწვევის წინაშე აყენებს. ის საპრეზიდენტო არჩევნებს აფასებს და ამბობს, რომ მეორე ტურმა აჩვენა, რომ საქართველოში დემოკრატია საფრთხის წინაშეა.

“დღეს, საქართველოს დემოკრატია, ნამდვილად სერიოზული საფრთხის წინაშეა. საპრეზიდენტო არჩევნები ამის დასტური იყო. ჩატარებული [არჩევნების] სტანდარტი საქართველოსთვის იმაზე დაბალი იყო, ვიდრე ჩვენ ველოდით...განსაკუთრებით, მეორე ტურში, როდესაც ვალების ჩამოწერის პროგრამა გამოცხადდა, რომელიც არსებითად ამომრჩევლის პოლიტიკურ წაქეზებას წარმოადგენდა, რათა მათ მთავრობის დე ფაქტო კანდიდატისთვის დაეჭირათ მხარი. ეს ბევრ შეშფოთებას აჩენს პოლიტიკური გავლენის, და პოლიტიკურ პროცესებზე არაფორმალური გავლენის თაობაზე. ეს საქართველოში დიდი ხანია, ბოლო ექვსი წელია, რაც შეშფოთების საგანია... და როდესაც ამის ჩვენება ასე დაუფარავად ხდება, საქართველოსთვის რთულ დროს, ეს პრობლემაა… პრობლემა, რასაც ვაწყდებით, არის ერთი დომინანტი ფიგურა, რომელიც ძალიან ღიად საუბრობს პოლიტიკურ სისტემაზე მისი გავლენის და კონტროლის შესახებ”, - ამბობს შენკანი.

შენკანი აღნიშნავს, რომ მას იმედი აქვს, რომ საქართველო მოახერხებს არსებულ გამოწვევებთან გამკლავებას.

„რეალური გამოწვევაა, თუ როგორ მოახერხებენ საქართველოს ინსტიტუტები ისეთ ადამიანთან გამკლავებას, რომლის გავლენაც დომინანტ პოლიტიკურ პარტიასა და პოლიტიკურ სისტემაზე, ასე ფართოა. ეს არის ის, რასაც მომავალ წლებში ქართველი ხალხი საკუთარი პოლიტიკური მოძრაობების და პოლიტიკური ინსტიტუტების გამოყენებით უნდა გაუმკლავდეს“, - ამბობს ის.

კოლუმბიის უნივერსიტეტის ჰარიმანის ინსტიტუტის დირექტორი ალექსანდერ ქული კი საქართველოს გამოწვევებს რეგიონში არსებულ ტენდენციებს უკავშირებს და ამბობს, რომ მიუხედავად პრობლემებისა, საქართველო დემოკრატიაა და მოსახლეობას არჩევანის თავისუფლება აქვს.

“მე ვფიქრობ, რომ ჩვენი შეშფოთება საქართველოს შესახებ უფრო დიდ გლობალურ კონტექსტში უნდა განვიხილოთ. დემოკრატიული უკუსვლა, გამჭვირვალობის საკითხი, ოლიგარქების და ტრადიციული ღირებულბების გარშემო არსებული შეშფოთება, რომ ის დემოკრატიული და გამჭვირვალობის ღირებულბების წინააღმდეგ მიდის. ეს არ არის რეგიონული, ეს არის გლობალური პრობლემები", - ამბობს ის.

ის ხაზს უსვამს ხელისუფლების ანგარიშვალდებულობის და გამჭვირვალობის საჭიროებას.

"[საქართველოს შემთხვევაში] ვფიქრობ, არსებობს შეშფოთების გარკვეული საფუძველი. ეს არჩევნები განსაკუთრებით პრობლემატური იყო სხვადასხვა მიზეზების გამო...თუმცა, არ უნდა იყოს საქართველო შეშფოთების საგანი და მე ვთვლი, რომ ეს გლობალური გამოწვევაა. ვფიქრობ, რომ საქართველოს აქვს ფუნქციონირებადი, დემოკრატიული სისტემა, რომელიც არჩევანის საშუალებას იძლევა. თუმცა მისი პრობლემაა ის, რომ საჭიროა დაფინანსების და პოლიტიკაში ფულის წარმომავლობის გარშემო უფრო მეტი გამჭვირვალობა”, - თქვა ქულიმ "ამერიკის ხმასთან" საუბრისას. ​

ვაშინგტონში იმედოვნებენ, რომ საქართველოში მხარეები, დემოკრატიული მოძრაობები და სამოქალაქო საზოგადოება მოახერხებს დემოკრატიული განვითარების წინაშე არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას.