ქართული ჭიდაობის კლუბი ბრუკლინში

ქართული ჭიდაობის კლუბი

ნიუ იორკში ბრუკლინში მოქმედი "ქართული ჭიდაობის კლუბი" ამერიკის მასშტაბით სამ საუკეთესო კლუბში შედის.

ნიუ იორკში ბრუკლინში მოქმედი "ქართული ჭიდაობის კლუბი" ამერიკის მასშტაბით სამ საუკეთესო კლუბში შედის. ამ კლუბის აღსაზრდელები ამერიკის ჩემპიონები არიან და ასევე მსოფლიო ჩემპიონატზეც ამერიკის სახელით ასპარეზობენ. კლუბი ქართველმა ძიუდოისტებმა დავით ფრანგიშვილმა და ზეზვა ებელაშვილმა დაარსეს.

ბრუკლინში ნეკ როუდის დასახლებაში, "ქართული ჭიდაობის კლუბის" ისტორია ექვსი წლის წინ დაიწყო. ერთმანეთს შემთხვევით შეხვდენენ დავით ფრანგიშვილი, საქართველოს შვიდგზის ჩემპიონი, ამიერ-კავკასიის ჩემპიონი და პრიზიორი, სპორტის ოსტატი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში და ზეზვა ებელაშვილი, რომელიც 98 წლამდე ძიუდოში საქართველოს ნაკრებში იყო და სამი ოქროს, ორი ვერცხლის და 3 ბრინჯაოს მედლის მფლობელია. 99 წელს დანიაში გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე მან ჩემპიონის ტიტული მიიღო.

ამერიკაში სამეულში საუკეთესო ჩვენ ვართ. ჭაბუკებში, 14 წლამდე ასაკის ბავშვებში კლუბიდან ამერიკის ნაკრებში გვყავს ოთხი ბავშვი.
დავით ფრანგიშვილი

ზეზვა ებელაშვილი 2006 წელს საქართველოდან ამერიკაში შეჯიბრზე იყო ჩამოსული, როდესაც სამ თანაგუნდელთან ერთად შეერთებულ შტატებში დარჩენა გადაწყვიტა. საქართველოში მაშინ ამ ამბავზე დიდი სკანდალი ატყდა. თუმცა წარმატება ზეზვა ებელაშვილმა ამერიკის სახელითაც მოიპოვა - ამერიკის შეჯიბრზე ოქროს მედალი ამერიკის სახელით სამჯერ აიღო, ხოლო მსოფლიოზე ერთხელ მოიგო და მესამე ადგილი დაიკავა. ამერიკიდან მსოფლიოს სამბოს ჩემპიონატი სულ ორ სპორტსმენს აქვს მოგებული და ორივე ქართველია - გივი შუბითიძე და ზეზვა ებელაშვილი.

ბრუკლინში კლუბის გახსნის იდეა დავით ფრანგიშვილს ჰქონდა, რადგან თავად ბიჭებს ზრდის და სურდა ოჯახის ტრადიცია გაგრძელებულიყო. ბოლო წლებია, ქართული ჭიდაობის კლუბი მიღწეული წარმატებების გამო ამერიკის მასშტაბით სამ საუკეთესო კლუბს შორისაა.

“ამერიკაში სამეულში საუკეთესო ჩვენ ვართ. ჭაბუკებში, 14 წლამდე ასაკის ბავშვებში კლუბიდან ამერიკის ნაკრებში გვყავს ოთხი ბავშვი,“ ამბობს ფრანგიშვილი.

„2013 წელს სამი ბავშვიდან სამი მედალი ავიღეთ პან-ამერიკის ჩემპიონატზე. ჯერ ნაკრებში ხვდები, ამერიკის ჩემპიონი ხდები, ამერიკის 4-5 შეჯიბრიდან პოინტ-ქულები გროვდება. ერთ შეჯიბრზე არის 10 ქულა, რომ აგროვებ 3-4 შეჯიბრიდან ქულებს ყველაზე მეტი ქულა ვისაც აქვს ის არის პირველი ნომერი ამერიკის ნაკრებში, შარშანწინ ნაკრებში ჩვენი კლუბიდან მოხვდა ოთხი ბავშვი,“ დასძენს ზეზვა ებელაშვილი.

დავით ფრანგიშვილის ვაჟი გიორგი ფრანგიშვილი წელს ნოემბერში, მაროკოში დაგეგმილ ჩემპიონატზე დიდების გუნდში პირველად იასპარეზებს. თუმცა მანამდე ის ამერიკის ჩემპიონი მოზარდებში უკვე გახდა. ამერიკის სახელით მან უკვე ოთხჯერ იასპარეზა საერთაშორისო ტურნირზე. ქართული ჭიდაობის კლუბში მოზარდების მომზადებას კვირაში სამჯერ ორ საათზე მეტ დროს უთმობენ.

„ვმუშაობთ დღის განმავლობაში ორივე დაკავებული ვართ, მაგრამ ეს არის ჩვენი სიყვარული, მითუმეტეს მე რომ სხვასთან დამყავდა ბავშვი სხვაგან ვხედავდი არ იყო ის რაც შეიძლება მისცე. 1 საათის ვარჯიში არაფერი არ არის 20 წუთ გახურება უნდა,“ ამბობს ფრანგიშვილი.

ზეზვა ებელაშვილი განსაკუთრებით ერთ მოსწავლეს - სანდრო ჩალაძეს გამოჰყოფს: „ 2009 წლის შემდეგ არ წაუგია შეჯიბრი. მესამე წელია პრეზიდენტის თასი ტარდება ტეხასის შტატში და წელსაც იქ მიდის, პან ამერიკაც მოიგო. გასულ წელს ყველაზე გამორჩეული სპორტსმენის ტიტული მიიღო და დიდი თასი გადასცეს.“

დავით ფრანგიშვილი ამბობს, რომ ამერიკაში არსებული კლუბური სისტემა საქართველოს სახელმწიფო მიდგომისგან ბევრად განსხვავებულია. აქ კლუბებს კერძო პირები ამუშავებენ, სახელმწიფო სპორტის დაფინანსებაში მონაწილეობას არ ღებულობს. კლუბის ხარჯია სპორტსმენების გამგზავრება შეჯიბრზე, სამგზავრო და სამოგზაურო ხარჯი. თუმცა სპორტი როგორც თავად ამბობენ, მათი ცხოვრებაა და ბედნიერები არიან იმით, რომ ამერიკაშიც თავიანთ საყვარელ საქმეს აკეთებენ.