მას შემდეგ, რაც ამერიკის შეერთებულმა შტატებმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ 2021 წლის 11 სექტემბრამდე ამერიკული ჯარი ავღანეთიდან პარტნიორ სახელმიწფოებთან ერთად გამოვიდეს, პროცესი ქართულ ჯარშიც დაიწყო. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ცნობით, ავღანეთის დატოვება ქართულმა ჯარმა უკვე დაიწყო. ამ დროისთვის, მისიიდან საქართველოში უკვე დაბრუნდა დასავლეთის სარდლობის მესამე ქვეითი ბრიგადის ნაკრები ასეულის პირველი ქვედანაყოფი.
ქართული კონტინგენტი ნატო-ს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიას გერმანული სარდლობის დაქვემდებარებაში, მაზარ-ი-შარიფში, ბაზა „მარმალზე“ ასრულებდა და მის მთავარ დავალებას სწრაფი რეაგირების ამოცანების შესრულება წარმოადგენდა.
Your browser doesn’t support HTML5
ქართველი მშვიდობისმყოფელების საერთაშორისო მისიიდან დაბრუნება ვაზიანში, მეოთხე მექანიზებული ბრიგადის ტერიტორიაზე საზეიმოდ აღინიშნა. პირად შემადგენლობას, მისიის ღირსეულად და წარმატებით შესრულება საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა მიულოცეს. მათ მშვიდობისმყოფელებს გამორჩეული სამსახურისა და მნიშვნელოვანი კონტრიბუციისთვის მადლობა გადაუხადეს და მისიაში დაღუპული სამხედროების ხსოვნას პატივი კიდევ ერთხელ მიაგეს.
ღონისძიება მშვიდობისმყოფელების დაჯილდოებით გაგრძელდა. ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში სამშვიდობო მისიაში ღირსეულად მონაწილეობისათვის, 11 სამხედრო მოსამსახურე მედლით „სამშვიდობო ოპერაციებში" მონაწილეობისათვის დააჯილდოვეს.
2004 წლიდან დღემდე, სხვადასხვა როტაციის ფარგლებში (ISAF, RSM), ავღანეთში განხორციელებულ საერთაშორისო მისიებში მონაწილეობა 20 ათასზე მეტმა ქართველმა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.