საკანონმდებლო დავა ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ

Your browser doesn’t support HTML5

საქართველო


პარლამენტში დღევანდელ სხდომას უმრავლესობასა და უმცირესობას შორის ისევ დავა მოჰყვა. კანონპროექტი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კვლავ მწვავე დებატების საგანს წარმოადგენს.

საპარლამენტო უმცირესობა მიიჩნევს, რომ კანონპროექტის იმ სახით მიღება, როგორც უმრავლესობას სურს, დაამკვიდრებს არაერთგვაროვან მიდგომას საქართველოს სახელმწიფო საზღვრებთან მიმართებით. საპარლამანტო უმრავლესობა კი თვლის, რომ უნდა შემსუბუქდეს მდგომარეობა სამართლებრივი თვალსაზრისით იმ ადამიანების მიმართ, ვინც საქართველოს საზღვარს ოკუპირებული ტერიტორიებიდან შემთხვევითობის გამო გადმოკვეთეს.

ყოველდღიურად, როგორც ქართული, ისე ოსური მხრიდან ადმინისტრაციული საზღვრის გადაკვეთის ბრალდებით ადამიანები ციხეში ხვდებიან. აღნიშნული კანონპროექტი ითვალისწინებს ფულადი სანქციის დაწესებას და ამ გზით გათავისუფლებას ადამიანებისა, ვინც საზღვარს უნებლიედ გადაკვეთს. რა თქმა უნდა, ვითარება ასეთ შემთხვევაში მხოლოდ ოსური, აფხაზური ან რუსული პასპორტის მფლობელებისთვის შემსუბუქდება. ვთქვათ, თუ დე-ფაქტო ადმინისტრაციის ტერიტორიაზე დარეგისტრირებული პირი შემთხვევით და პირველად აღმოჩნდება ადგილას, სადაც საქართველოს იურისდიქცია ვრცელდება, მას აღარ დააკავებენ და პატიმრობას აღარ დააკისრებენ, არამედ გადაახდევინებენ მხოლოდ ფულად ჯარიმას და გაათავისუფლებენ. აღნიშნული წესი, რა თქმა უნდა არ გავრცელდება საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც ყოველდღიურად ამავე მიზეზით ხვდებიან ცხინვალის ციხეში.

ნათია კაციტაძე, ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმოამდგენელი ჩვენთან საუბრისას აცხადებს:

„ეს კანონპროექტი საზღვრის დამრღვევებისთვის ითვალისწინებს ჯარიმას. უკვე შემდგომ ჯერზე იქნება თავისუფლების აღკვეთა. არსებული კანონის მიხედვით, საზღვრის გადმოკვეთის შემთხვევაში ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდანაც, გათვალიწინებულია თავისუფლების აღკვეთა ხუთ წლამდე. დავა, როგორც მახსოვს, იყო იმაზე, რომ საპარლამენტო უმცირესობის მოსაზრებით, თითქოს დგინდება განსხვავებული რეჟიმი, რადგან სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა გამოდის სხვა და ოკუპირებული ტერიტორიის მხრიდან საქართველოს იურისდიქციის არეში შემოსვლა, სხვა. მაგრამ ეს სწორი მოსაზრება არაა. თვითონ ყოფილმა ხელისუფლებამ შემოიღო ასეთი მიდგომა. ადრე კოდექსში იყო მუხლი, რომელიც ეხებოდა საზღვრის უკანონო გადაკვეთას. ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებმა კი თავად შემოიტანეს ახალი ნორმა, რომელშიც იყო ასეთი ფორმულირება: „ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესის დარღვევა“. ეს ისაა, რაზეც ახლა ვლაპარაკობთ, რომ სანქცია შემცირდება. ხოლო თვითონ ეს მუხლი, ჩვეულებრივ იქნება სისხლის სამართლის წესით დასჯადი. რაც შეეხება სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას, ასეთ შემთხვევაში კანონი რასაც ადრე ითვალისწინებდა, იგივე რჩება ახლაც, იგივეა სანქციაც.“

პარლამენტში დღეს, კამათის დროს პრემიერ ივანიშვილის ინტერივუ გაიხსენა გოკა გაბაშვილმა, რომელიც გუშინ ევრონიუსმა გაავრცელა. მისი თქმით პრემიერის მიერ მოყვანილი ანალოგია კოსოვოსთან მიმართებით არაზუსტია. მისი თქმით:

„საქართველოს პრემიერმა შვიდას მილიონიან აუდიტორიას, ევროპის ტელემაყურებელს გუშინ განუცხადა, რომ სერბიის მოქმედება კოსოვოსთან მიმართებაში შეიძლება და არის საქართველოსთვის კარგი მაგალითი. აი, ამ მიმართულებით სიარული, პრემიერ მინისტრმა გუშინ გამოაცხადა, როგორც საქართველოსთვის მისაღები მაგალითი. იქნება თუ არა რუსული დიპლომატიისთვის სერიოზული არგუმენტი მესამე ქვეყნებთან ურთიერთობაში, რომ საქართველომ მოახდინა აკრძალული მხრიდან შესვლის დეკრიმინალიზაცია“.

პრემიერმა ევრონიუსთან მიცემულ ინტერვიუში კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ საქართველო აპირებს კარგი ურთიერთობის ჩამოყალიბებას როგორც ნატოსთან, ასევე რუსეთთან.

„მე დიდი იმედი მაქვს, რომ დიდ მეზობელთან მიმართებით სიტუაცია განვითარდება. ყველაფერს ვაკეთებ ვითარების გასაუმჯობესებლად. შექმნილი მდგომარეობა არავის ინტერესში არ შედის. საქართველოს ტერიტორიების ოცი პროცენტი აქვს დაკარგული და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ეს დავიბრუნოთ. ჩვენ დავიბრუნებთ ტერიტორიებს, მაგრამ მსურს ხაზგასმით აღვნიშნო, რომ ეს მშვიდობიანი გზითა და მოლაპარაკებებით გადაწყდება. ძალის გამოყენება მიუღებელია. ჩვენი მიზნის მიღწევაში საერთაშორისო საზოგადოების მზარდაჭერისა და დახმარების იმედი გვაქვს. ჩვენ გვაქვს საკმაოდ კარგი მაგალითები. ევროპის სახელმწიფოების ნაწილს რუსეთთან დაძაბულობა ჰქონდა, მაგრამ აირჩიეს დასავლური განვითარება და ურთიერთობები გაუმჯობესდა. საუკეთესო მაგალითია სლოვაკეთი. ამ ქვეყანამ რუსეთთან არ გააფუჭა ურთიერთობა და თან ნატოს წევრი გახდა. ვფიქრობ, სააკაშვილი აჭარბებს და შესაძლებელია კარგი ურთიერთობების ჩამოყალიბება რუსეთთანაც და ნატოსთანაც,“- განაცხადა პრემიერმა ივანიშვილმა ინტერვიუში.

საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელი თინა ხიდაშელი სხდომის დაწყებამდე დღეს აცხადებდა:

„საპროცედურო ომის დაწყებას მაშინ აქვს აზრი, მაგრამ ეს მათი ჩვევაა. ომს იწყებენ და აგებენ. ასე დამართათ პარასკევს და ასე დამართებათ დღესაც.“

გუშინ ცნობილი გახდა იმ კომისიის ჩამოყალიბების შესახებაც, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომს გამოიძიებს. დღეს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ აღნიშნულ საკითხზე განცხადება ოფიციალურად გაავრცელა.

"გვსურს, კიდევ ერთხელ მივმართოთ საქართველოს მთავრობას და გავაფრთხილოთ, რომ 2008 წლის ომის გამოძიებაზე მუდმივი აპელირება და საქართველოს მთავრობის დადანაშაულების მცდელობა განუზომლად ზრდის ოკუპირებული რეგიონების სხვადასხვა ქვეყნების მიერ აღიარების რისკს. ახალი ხელისუფლების ამგვარ დამოკიდებულებას შეიძლება მოჰყვეს კატასტროფული შედეგი ჩვენი ქვეყნისთვის, რაზეც პასუხისმგებლობა მთლიანად ამ გამოძიების ინიციატორებს დაეკისრებათ“- ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ცვლილებებს კანონში ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ პარლამენტი ამ დრომდე განიხილავს.