სასამართლომ ნარკოტიკებისა და იარაღის შენახვის გამო დაკავებული მაღალჩინოსანი გირაოს სანაცვლოდ გაუშვა
Your browser doesn’t support HTML5
„პროკურატურამ იშუამდგომლა, რათა თენგიზ გუნავას შეფარდებოდა პატიმრობა, მაგრამ სასამართლომ იმ მტკიცხებულებების გათვალისწინებით, რაც წარმომდგენილი იყო მათ მიერ, არ დააკმაყოფილა იგი. ნაწილობრივ გაითვალისწინა ჩვენი შუამდგომლობა: ვითხოვდით გირაოს 5000 ლარის ოდენობით, თუმცა სასამართლომ შეუფარდა 10 000 ლარი. თანხის გადახდისთანავე პროკურატურამ უნდა გაათავისუფლოს გუნავა. იმედს ვიტოვებთ, რომ გამოძიება ამჯერად მაინც იქნება სამართლიანი, გამოიძიებს და დასჯის ყველა იმ პირს, ვინც გუნავას ჩაუდო იარაღი და ნარკოტიკი“.
იურისტი თამარ გურჩიანი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ დაკავებებთან დაკავშირებით, უკეთესი იქნებოდა, თუ საზოგადოებას მეტი ინფორმაცია ექნებოდა.
„ცოტა გადაჭარბებულია, ამას პოლიტიკური დაკავებები ვუწოდოთ, მაგრამ როგორც ფილიპ გორდონმა განაცხადა, აშშ–ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ, მთავარი აქ მართლმსაჯულების გამჭვირვალედ განხორციალებაა, რათა პოლიტიკური ანგარიშსწორება კი არ მოხდეს, არამედ კონკრეტული დანაშაულისთვის აგონ ამ ადამიანებმა პასუხი. ის ინფორმაცია, რაც ჩვენ გვაქვს, ვერ გვაძლევს საფუძველს მთლიანად გამოვრიცხოთ პოლიტკური დაკავებები, ან ცალსახად ვუწოდოთ მათ პოლიტიკური დაკავება. სადღაც შუაში ვართ. არა გვაქვს სრულუყოფილი ინფორმაცია. ჩემთვის, როგორც მოქალაქისთვის გაცილებით დამაჯერებელი იქნებოდა, ნაკლები ეჭვი იქნებოდა სამართალდამცავებს დაეწყოთ გამოძიება იმ გახმაურებული საქმეებით, რასაც ადგილი ჰქონდა, ვთქვათ იგივე ქიმერიძის გარდაცვალების შემთხვევით. მე მესმის აბსოლუტურად, რომ სურმავას გაუჩინარების საქმეც ძალიან პრიორიტეტულია, მაგრამ ვფიქრობ, ჯობდა, არ დაწყებულიყო ეს პროცესი ამგვარი პოლიტიკური საქმეებით“.
უფლებადამცველი დაჩი ცაგურია, რომელიც წინა ხელისუფლების პირობებში რამდენჯერმე დააკავეს მიტინგების ორგანიზების გამო და სასტიკადაც გაუსწორდნენ, ამჟამად მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელია და ციხეებში დაუბრკოლებლად შესვლის უფლება აქვს სხვა 50 ადამიანთან ერთად. ჩვენთან საუბრისას ის ამბობს:
„უნდა ვიყოთ ფხიზლად, რომ არავინ არავის ისე არ მოექცეს, როგორც სააკაშვილი ექცეოდა. ვგულისხმობ წამების ფაქტებს, საშინელებებს, რაც იქ ხდებოდა. რა თქმა უნდა, საზოგადოება ფხიზელი უნდა იყოს, რომ ამგვარი რამ აღარ განმეორდეს. თუნდაც ის ფაქტი, რომ არსებობს, მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მუდმივად შედის და გამოაქვს ინფორმაცია ციხიდან, არის გამჭვირვალობის გარანტი. ციხე აღარ არის დაკეტილი. მეც ვარ ამ ჯგუფის წევრი. ზუსტად ვიცი, რომ წამებისა და არაადამიანური მოპყრობის შემთხვევებს ადგილი აღარ აქვს, ყოველ შემთხვევებში, იქ, სადაც მე ვიყავი, სრული პასუხისმგებლობით ვამბობ, რომ ამგვარი არაფერი ყოფილა და არც მოხდება, რადგან ამის სურვილი და ნება აღარვის არ აქვს. არავინ მოქცევია ისე ციხეში მყოფ ადამიანებს, როგორც თვითონ ექცეოდნენ. ყოველთვის ვამბობდი, რომ დავიცავდი მათ უფლებებსაც, როდესაც ციხეში აღმოჩნდებოდნენ იმ უკანონობების ჩადენისთვის, რასაც აკეთებდნენ. ციხეში მე არ ვანსხვავებ ადამიანებს. ყველა პატიმარი ჩემთვის თანაბარი უფლების მქონეა.“
უჩა ნანუაშვილი, ადამიანის უფლებათა ცენტრის ხელმძღვანელი და ციხეების მონიტორინგის ჯგუფის წარმომადგენელი ახალი ხელისუფლების მიერ წარმოებულ დაკავებებს პოლიტიკურ კონტექსტში არ განიხილავს. იგი ამბობს, რომ პროცესი ღიაა, საზოგადოების წარმომადგენლებს დაკავებულებითან კონტაქტის უფლება აქვთ, ამდენად, პანიკის საფუძველი არ არსებობს.
„რამდენადაც ჩემთვის ცნობილია, ადგილი არ ჰქონია არც ერთ ფაქტს ზეწოლის, ძალადობის, წამების საპატიმროში. ფაქტობრივად, მათი უფლებები გარანტირებულია. მიმდინარეობს გამოძიება. პოლიტიკური განცხადებები, ვფიქრობ, ნაკლებად შეუწყობს ხელს ამ ადამიანების უფლებების დაცვას. უბრალოდ, როგორც ვხედავ, საპარლამენტო უმცირესობაა დაინტერესებული ამ საქმეებს გარკვეული პოლიტიკური სარჩული მოუძებნოს. რაღაცნაირად, წინასწარ შექმნან პანიკის ფონი, ვიდრე, რეალურად, გამოავლინონ სურვილი დადგინდეს საქმეზე ჭეშმარიტება და ის ადამიანები ან დაისაჯონ, ან განთავისუფლდნენ, თუ არ არსებობს მტკიცებულებები მათი მონაწილეობისა დანაშაულში“– ამბობს უჩა ნანუაშვილი.
პატიმრობაში მყოფი ყოფილი მაღალჩინოსნები თავს ნაწილობრივად დამნაშავედ მიიჩნევენ. საპარლამენტო უმცირესობა მათთან მიმართებაში კვლავ პოლიტიკურ დაკავებებზე საუბრობს.