საქართველოში თავისუფლების ხარისხმა იმატა

ფრიდომ ჰაუსი ყოველწლიურ ანგარიშში ქართველთა პოლიტიკური უფლებების და მედიის თავისუფლების ზრდას აფიქსირებს
ორგანიზაცია ფრიდომ ჰაუსი ახალ ანგარიშს აქვეყნებს, რომელშიც მსოფლიოს ქვეყნებში თავისუფლების ხარისხს აფასებს. გასულ წელთან შედარებით, თავისუფალი ქვეყნების კატეგორიაში მოხვედრილ სახელმწიფოთა რაოდენობამ 3-ით მოიმატა და 90-ს მიაღწია. თუმცა, საერთო მაჩვენებლით მსოფლიოს 27-მა ქვეყანამ უკუსვლა აჩვენა, რაც საბოლოო ჯამში ოპტიმიზმის საფუძველს არ იძლევა. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ფრიდომ ჰაუსის მონაცემებით, რეგრესი მსოფლიო მასშტაბით ზედიზედ უკვე ბოლო 7 წლის მანძილზე ფიქსირდება.

იმ ქვეყნების სიაში, სადაც პოლიტიკური და სამოქალაქო თავისუფლების ხარისხი გაიზარდა, საქართველოც არის. ევრაზიის კონტინენტზე „საქართველო განსაკუთრებით თვალსაჩინოა, რომელმაც კონკურენტულ საპარლამენტო არჩევნებზე ოპოზიციური პარტიის -ქართული ოცნების- გამარჯვების შემდეგ პოლიტიკური უფლებების ხარისხის გაუმჯობესება აჩვენა. ხმის მიცემის პროცესმა ძალაუფლების თანმიმდევრული და დემოკრატიული გადაცემა გამოიწვია, რაც ქვეყნის ისტორიაში პირველად მოხდა. კამპანია მედიაში უფრო პლურალისტულად აისახა. თუმცა, არჩევნების შემდეგ ახალმა მთავრობამ წინა ხელისუფლების 30 ოფიციალური წარმომადგენელი დააპატიმრა, რამაც პოლიტიკური დევნის ბრალდება გამოიწვია“ - ნათქვამია დოკუმენტში, სახელწოდებით „თავისუფლება მსოფლიოში 2013“.

იმ ქვეყნებს შორის, სადაც დემოკრატიის ხარისხმა იკლო, რეგიონის რამდენიმე ქვეყანა, მათ შორის რუსეთი, ყაზახეთი, უკრაინა და ტაჯიკეთი სახელდება.