Your browser doesn’t support HTML5
ქართველი მართლმადიდებელი ქართველ მუსლიმს:
„თქვენ ჩამოხვედით, დასახლდით, პატივი გეცით ბაბუ და ახლა მეჩეთს რატო გვიშენებთ?! მისი სარწმუნოება ჰქონდეს ყველას მის სახლში!“
ორ კვირაზე მეტია, გურიაში, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ნიგვზიანში, რელიგიური დაპირისპირება გრძელდება. იქ მცხოვრებ მართლმადიდებლებსა და მუსლიმებს შორის, რომლებიც გურიაში 22 წლის უკან, აჭარიდან ჩასახლდნენ.
დაპირისპირების მიზეზია საქართველოს სამუფთო სამმართველოს, კუთვნილ კერძო სახლში გახსნილი საჯარო სამლოცველო, სადაც ქართველი მუსლიმები ყოველ პარასკევს სალოცავად მიდიან.
სოფლის მართლმადიდებელი აღმსარებლობის მოსახლეობა, სამლოცველოს გაუქმებას მოითხოვს იმის შიშით, რომ იქ შეიძლება მალე მეჩეთი ან ჯამე გაიხსნას. ნიგვზიანში 1300-მდე კომლი ცხოვრობს და აქედან მესამედზე მეტი აჭარიდან წამოსული ეკომიგრანტების შთამომავალი, აღმსარებლობით მუსლიმია.
ნიგვზიანელი ჯემალ ნონიძე, აღმსარებლობით მართლმადიდებელი ამბობს, რომ სოფელმა ნიგვზიანელი მუსლიმების საერთო ლოცვა არ უნდა დაუშვას და მას მომავალშიც ჩაშლიან;
მისი მეზობელი ქართველი მუსლიმი იგრის იაკობიძე კი მიიჩნევს, რომ ასეთ შემთხვევაში ან გურიიდან წასვლა მოუწევთ ანდა სიტუაცია უკიდურესად დაიძაბება.
იგრის იაკობიძე: „თუ ვიქნებით ვილოცებთ, ანდა უნდა წავიდეთ. მეტი გზა არ არის. ჩვენ ახლაც გვითხრეს აგერ, რომ საიდანაც მოეთრიეთ იქ წაეთრიეთ და ილოცეთო. მაშინ რა მოხდება მე არ ვიცი. აქ 800 კომლი ვართ უკვე, სად წავიდეთ მითხარი, ჩვენ აჭარაში წავალთ და რა მოხდება მერე?!“
ჯემალ ნონიძე: „ჩვენ ძალიან დიდი მეგობრობა გავუწიეთ ამათ, როცა აქ ჩამოსახლდნენ, თითო მოსახლემ ნახევარი მეტრი მიწა დავუთმეთ, გავუწიეთ ძმობა და ბოლოს ისე გამოვიდა, რომ ჩვენი შევიწროვება დაიწყეს და საბოლოო მეჩეთის აგება მოითხოვეს.“
საქართველოს კონსტიტუციით, „ყოველ ადამიანს აქვს სიტყვის, აზრის, სინდისის, აღმსარებლობისა და რწმენის თავისუფლება. დაუშვებელია ადამიანის დევნა სიტყვის, აზრის, აღმსარებლობის ან რწმენის გამო.“
ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის მიხედვით, რელიგიის თავისუფლების უფლება მოიცავს „თავისუფლებას თავისი რელიგიის თუ რწმენის აღმსარებლობისა როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად, მოძღვრებაში ღვთისმსახურებაში და რელიგიურ და რიტუალურ წესჩვეულებათა შესრულებაში საჯარო თუ კერძო წესით.“
კანონის ამ მოთხოვნას დღემდე ვერ იცავს საქართველოს პოლიცია, რომელმაც ქართველი მუსლიმების საერთო ლოცვის დაცვა, ვერც ამჯერად შეძლო. პოლიცია კონფლიქტში შესვლას მოერიდა.
გურიაში მართლმადიდებელი მრევლის ცხოვრებას საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის საეპისკოპოსო განაგებს. შემოქმედის ეპარქია ერთი შეხედვით ნიგვზიანში არსებულ დაპირისპირებაში არ ერევა, თუმცა, ადგილობრივი სასულიერო პირების საჯარო განცხადებებით ნათელია, რომ დაპირისპირების უკან ერთ-ერთი ვინც დგას, სწორედ მართლმადიდებელი ეკლესიაა. ნიგვზიანის ეკლესიის წინამძღვარი მამა საბა ამბობს:
„რამდენიც უნდათ იმდენი ილოცონ, ოღონდ ამას არ უნდა მიეცეს ის მასიური სახე რაც ამ წუთში აქვს. ჩვენ რამოდენიმე წელია ვერბრძვით ამას, 8-9 წელია უკვე რაც ეს აქ ხდება. აქამდე არ ჰქონდათ ამის საშუალება, ერთ პატარა მიწურში ცხოვრობდნენ.
ეხლა უზარმაზარი სახლი გამოუჩდათ, ანუ უყიდეს მათ ეს სახლი, დააფინანსეს. მე დარწმუნებული ვარ თუ ამდენი შეძლეს, მალე აქ უზარმაზარ ჯამეს მივიღებთ, მათ სამლოცველოს.“
ქართველი მუსლიმები კატეგორიულად უარყოფენ, რომ სოფელში მეჩეთის აგებას გეგმავენ. მრევლის გაზრდის გამო, მათ მხოლოდ საჯარო სამლოცველოს შენარჩუნება სურთ. ნიგვზიანელი არჩილ კახიძე კერძოდ ამბობს:
„ამ ნიშნით ჩვენი დისკრიმინაცია ხდება უკვე 22 წელია. შეურაცხყოფას ვისმენთ, უმცირესობაში ვცხოვრობთ აქ; ეს ნიშანი არის ჩვენი სარწმუნოება. მე ამ სოფლის შვილი ვარ, 22 წელია აქ ვცხოვრობ, ჩემი შვილი აქ დაიბადა და გაიზარდა, აქ სწავლობს. მე აქ უნდა მოვკვდე, აქ უნდა დავიმარხო. ნუთუ, უფლება არ მაქვს არ ვილოცო?!“
ნიგვზიანში რელიგიური დაპირისპირება აშკარად გამოხატულ პოლიტიკურ კონტექსტსაც ატარებს. ნიგვზიანელი მუსლიმების თქმით, კონფლიქტს აქაც და სხვაგან სინამდვილეში 22 წლიანი ისტორია აქვს;
საჯარო სამლოცველოს გაფართოება სოფელში მათ ჯერ კიდევ 2010 წელს სცადეს. დაპირისპირება მაშინაც გამწვავდა, თუმცა პოლიციამ მუსლიმები და სამუფთო სამმართველოს წარმომადგენლები დააშინა და კონფლიქტი მედიაში მაშინ საერთოდ არ გაშუქებულა. მას არც საჯარო პირები გამოხმაურებიან.
დღეს სიტუაცია სხვაგვარია. ოპოზიციაში მყოფმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა ახალ მთავრობას და პოლიციას სპეციალური განცხადებით მოუწოდა „არ დაუშვან ვითარების კონტროლიდან გასვლა.“
სააკაშვილმა ასევე გამოიყენა ფრაზა „ხელოვნურად პროვოცირებული“, თუმცა არ დაუკონკრეტებია - ვის გულისხმობდა ამ ფრაზის უკან - საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას თუ ვინმე სხვას. ცნობისათვის, საქართველოში მოსახლეობის ათ პროცენტზე მეტი მორწმუნე მუსლიმია, მათი დიდი ნაწილი შიიტია, ნაწილი - სუნიტი.