ამერიკული რკალი რუსეთის გასწვრივ

ამერიკული "აბრამსი" ქართულ მიწაზე პირველად გამოჩნდა

ყველაზე მასშტაბურ ქართულ-ამერიკულ სამხედრო წვრთნების დაწყებამდე 48 საათზე ნაკლები დარჩა. პენტაგონმა ბულგარეთიდან საქართველოში სამ დღეში გადმოისროლა: რვა ერთეული „აბრამსის“ ტიპის ტანკი, შვიდი ერთეული ქვეითთა საბრძოლო მანქანა „ბრედლი“, საველე ჰაუბიცები M119, ჰამერის სამხედრო ჯიპები, სამეთაურო-საშტაბო და სამედიცინო ჯავშანმანქანები. ეს ტექნიკა უკვე თბილისთან ახლოს იმყოფება.

„ღირსეული პარტნიორი 2016“-ის სწავლებაში, რომელიც 11 მაისს, ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე აიღებს სტარტს, ჯამში, მონაწილეობას 500 ქართველი, 650 ამერიკელი და 150 ბრიტანელი ჯარისკაცი მიიღებს. ამერიკელების და ბრიტანელების დიდი ნაწილი, თბილისში, გამთენიისას, ამერიკული და ბრიტანული არმიის თვითმფრინავებით ჩამოფრინდნენ.

პირველად, ერთობლივი ქართულ-ამერიკული სამხედრო წვრთნების ისტორიაში, სწავლებაში გამოყენებული იქნება, Lockheed C-130 Hercules-ის ტიპის ამერიკული სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავები, საიდანაც როგორც ცოცხალი ძალის, ისე მძიმე ტექნიკის დესანტირება მოხდება. ანა დოლიძე, თავდაცვის მინისტრის მოადგილე ამბობს:

„ამ წვრთნას ჰქვია ღირსეული პარტნიორი, თავად დასახელება მიგვანიშნებს მის შინაარსს. ეს წვრთნა ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ უფრო დაგვაახლოებს NATO-ს წევრ ქვეყნებთან, განსაკუთრებით აშშ-სთან და დიდ ბრიტანეთთან. ეს წვრთნა აძლიერებს ჩვენს თავდაცვისუნარიანობას და ხელს უწყობს უსაფრთოებას რეგიონში.

Noble Partner 2016-ის სწავლება საქართველოში, არის მხოლოდ ერთი რგოლი მასშტაბური სამხედრო წვრთნებისა, რომელსაც პენტაგონი და NATO ამჟამად რუსეთის სახელმწიფო საზღვრის სიახლოვეს ატარებენ.

2 მაისს, ესტონეთში დაიწყო მრავალეროვნული სამხედრო სწავლება Spring Storm-ი, რომელშიც NATO-ს წევრი ათი ქვეყნის 6000 სამხედროა ჩართული. წვრთნა მძიმე ტექნიკისა და სამხედრო ავიაციის გამოყენებით უშუალოდ, რუსეთის მოსაზღვრე: ტარტუს, ვირუმასაა და პილვამაას რაიონებში მიმდინარეობს. ანალოგიური მრავალეროვნული წვრთნა Summer Shield XIII, გასულ კვირას დასრულდა ლატვიაში, ადაჟის პოლიგონზე.

2 მაისს, ფინეთის ქალაქ ნიინისალოსთან ახლოს, პირველად 1947 წლის შემდეგ, 185 ამერიკელი მედესანტე შეუერთდა, 2300 ფინელ ჯარისკაცს Cross Border Training-ში მონაწილეობის მისაღებად. ამერიკელები Stryker-ის ტიპის ჯავშანმანქანებით არიან შეიარაღებულნი.

3 მაისს, სოფელ ნეგრეშტში, 198 ამერიკელი ჯარისკაცი ჩაება ერთობლივ ამერიკულ-მოლდოვურ სწავლებაში - Dragon Pioneer-2016. 20 მაისს, წვრთნის დასრულების შემდეგ, 58 ერთეული სხვადასხვა ამერიკული სამხედრო ტექნიკა მოლდოვის არმიას გადაეცემა.

დღეს, 9 მაისს, კი ერთდროულად სამი წვრთნა დაიწყო რუსეთთან ახლოს. ფინეთის რისალას ავიაბაზაზე, რვა ერთეული F-15 ტიპის ამერიკული ავიამოიერიშე ერთობლივ ამერიკულ-ფინურ-შვედურ სამხედრო საჰაერო წვრთნაში მონაწილეობს.

ნოვო სელოს ბაზაზე, ასევე რვა ერთეულმა F-15 ტიპის ამერიკულმა ავიაგამანადგურებელმა დაიწყო წვრთნა ბულგარეთის სამხედრო ავიაციასთან ერთად. პარალელურად ამავა ბაზაზე მიმდინარეობს სატანკო სწავლება - Blowback Hit 16.

სმარდანის პოლიგონზე კი Black Sea Rotational Force 16-ის მრავალეროვნული სწავლებაში, რუმინეთის არმიის ნაწილებთან ერთად, ამერიკელი, ბრიტანელი, მოლდოველი და სერბი ჯარისკაცები უზიარებენ ერთმანეთს გამოცდილებას.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადების საპასუხოდ, რომელმაც ქართულ-ამერიკული წვრთნები პროვოკაციად შეაფასა, საქართველოში დიდი ბრიტანეთის ელჩმა ალექსანდრა-მერი ჰოლ ჰოლმა ბრძანა:

„ჩვენ არ ვთლით, რომ ეს წვრთნები პროვოკაციას წარმოადგენს. ვფიქრობ, რომ ბოლოდროინდელი შეთანხება სამხრეთ ოსეთსა და რუსეთს შორის უფრო შეიძლება იქნეს აღქმული როგორც პროვოკაცია.“

მოსკოვის უკიდურეს გაზიღიანებას იწვევს პენტაგონის გეგმები უკრაინაშიც. 2016 წელს, იქ, სამი ამერიკულ-უკრაინული სამხედრო წვრთნაა დაგეგმილი. ივნისში, ოდესაში, სტარტს აიღებს - Sea Breeze 2016.

უკრაინის, ამერიკისა და NATO-ს სამხედრო გემები ამჯერად შავ ზღვასთან ერთად, მდინარე დუნაიშიც შევლენ. უკრაინის დასავლეთში, ლვოვის ოლქში კი დაგეგმილია Rapid Trident-ისა და Maple Arch-ის ორი მრავალეროვნული სწავლება.