ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის წარმომადგენელთა პალატის 30 კონგრესმენის წერილით, რომელიც მათ საქართველოს მხარდასაჭერად, პრეზიდენტ დონალდ ტრამპს გაუგზავნეს, აშშ-თან „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების“ (FTA) გაფორმების მივიწყებული თემა ისევ „გაცოცხლდა“.
კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარეების, რესპუბლიკელი თედ პოსა და დემოკრატი ჯერალდ კონოლის ინიციატივით, გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ „აშშ-სა და საქართველოს შორის ვაჭრობისა და ინვესტიციების სფეროში მიმდინარე მაღალი დონის დიალოგმა უნდა ნათლად განსაზღვროს ის ვალდებულებები, რომელიც საჭიროა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. ამგვარი სახის შეთანხმება სასარგებლო იქნება ამერიკის, საქართველოს, მთლიანად კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონისთვის“.
პირველად ეს იდეა სენატორებმა ჯონ კერიმ და დევიდ დრაიერმა გააჟღერეს, როცა 2009 წლის მაისში, „ვაშინგტონ პოსტში“ რუსეთთან ომგადახდილი მოკავშირის მხარდამჭერი წერილი გამოაქვეყნეს, თუმცა მომდევნო წლებში, რეალური ნაბიჯები ამ მიმართულებით არ გადადგმულა.
ოპოზიციაში მყოფი „ნაციონალური მოძრაობის“ კრიტიკას, რომ ეს უმნიშველოვანესი პროცესი „ქართულმა ოცნებამ“ დაამუხრუჭა, ხელისუფლება მუდმივად პასუხობდა, რომ ვაშინგტონსა და თბილისს შორის „თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე“ მოლაპარაკება არც დაწყებულა.
პარლამენტის ვიცე სკიპერმა თამარ ჩუგოშვილმა დღეს განმარტა, რომ მოლაპარაკების შეფერხებას „ობიექტური პირობები ჰქონდა, რომელიც ამერიკული მხრიდან მომდინარეობდა“ და ახალმა გზავნილმა მოლაპარაკებას ძლიერი იმპულსი უნდა მისცეს:
კონგრესმენების წერილში ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ანუ, ის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარებები უნდა დაიწყოს"თამარ ჩუგოშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი
„კონგრესმენების წერილში ძალიან მნიშვნელოვანია თავისუფალი ვაჭრობის საკითხი ანუ, ის, რომ აშშ-სა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შესახებ მოლაპარებები უნდა დაიწყოს. როგორც წერილის შინაარსი, ისე ის ფაქტი, რომ ამერიკის საკანონმდებლო ორგანოში საქართველოს მხარდამჭერი კონგრესმენების რიცხვი სულ უფრო იზრდება, ჩვენთვის ასევე ძალიან მნიშვნელოვანია.“
თავისუფალი ვაჭრობის შესახებ შეთანხმება (FTA) ქვეყნებს შორის ბაზრების გახსნას, ბარიერების მოხსნას, ინვესტიციებისა და ინტელექტუალური საკუთრების დაცვის მნიშვნელოვან ღონისძიებებს მოიცავს.
საქართველოს ამჟამად, ასეთი რეჟიმი ევროკავშირთან (DCFTA, EFTA), თურქეთთან, სომხეთთან, აზერბაიჯანთან, უკრაინასთან, ბელარუსთან, მოლდოვასთან, ყაზახეთთან, უზბეკეთთან და თურქმენეთთან აქვს დაწესებული.
2017 წელს, თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი ასევე უნდა ამოქმედდეს ჩინეთთან და ჰონგ-კონგთან. აპრილის დასაწყისში, დელისა და თბილისს შორის მოხდა შეთანხმება წინასწარი კვლევის დაწყების თაობაზე, რომელმაც უნდა დაადგინოს, რამდენად მიზანშეწონილია ინდოეთთან ასეთი რეჟიმის დაწესება.
აშშ-ს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება ამ დროისთვის 20 ქვეყანასთან აქვს გაფორმებული, მათ შორის, ევროპული სახელმწიფო არ არის. ვაშინგტონსა და ბრიუსელს შორის - ტრანსატლანტიკური სავაჭრო და საინვესტიციო პარტნიორობის (T-TIP) ამბიციურ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკება ჯერ კიდევ პრობლემატურად მიდის.
2001 წლიდან, მას შემდეგ, რაც აშშ-მ საქართველოსთან მიმართებით „ჯექსონ-ვენიკის 1974 წლის შესწორებით“ დაწესებული სავაჭრო შეზღუდვები მოხსნა, 3700 დასახელების ქართული საექსპორტო პროდუქცია, ამერიკის ბაზარზე, პრეფერენციების განზოგადებული სისტემით - GSP (Generalized System of Preferences) გათვალისწინებული შეღავათიანი რეჟიმით სარგებლობს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მიხეილ ჯანელიძემ ამერიკელი კონგრესმენების მხარდამჭერი წერილის კომენტარისას კერძოდ ბრძანა:
საქართველოს აქვს ორპარტიული, მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს და პრეზიდენტს ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მოუწოდებს“მიხეილ ჯანელიძე, საგარეო საქმეთა მინისტრი
„საქართველოს აქვს ორპარტიული, მტკიცე მხარდაჭერა ამერიკის კონგრესში. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა, როცა ამდენი კონგრესმენი საქართველოსთან დაკავშირებით პოზიციას აფიქსირებს და პრეზიდენტს ჩვენთან ურთიერთობის კიდევ უფრო გაღრმავებისკენ მოუწოდებს.“
ეკონომიკის ექსპერტების აზრით, აშშ-თან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმება ხანგრძლივი პროცესია. მაღალ გადახდისუნარიან და სტაბილურ საექსპორტო ბაზართან თავისუფლად დაკავშირება კი საქართველოს ეკონომიკურ ზრდას ერთმნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს. განსაკუთრებით, ამერიკულ ინვესტიციებს იმ სექტორებში გაზრდის, საიდანაც ამერიკაში ექსპორტი ხორციელდება.
2016 წლის მონაცემებით, საქართველოდან აშშ-ში 68 მილიონ დოლარზე მეტი საექსპორტო პროდუქცია გავიდა, აშშ-დან კი 213 მილიონი (აშშ-ს ცნობით - 324 მილიონი) დოლარის იმპორტი განხორციელდა.
2017 წლის იანვარ-მარტის მაჩვენებლით, საქართველო-აშშ-ს შორის, ექსპორტი - 30 მილიონს, ხოლო იმპორტი - 55 მილიონ დოლარს აღემატება.
საქართველო - აშშ (1995-2017)
ექსპორტ-იმპორტის მაჩვენებელი, აშშ დოლარებში
1995 – 628 000(ე) - 43 300 000(ი)
1996 – 1 137 000 - 59 159 000
1997 – 4 247 000 - 102 510 000
1998 – 10 978 000 - 80 832 000
1999 – 10 148 000 -79 487 000
2000 – 7 138 000 -69 567 000
2001 - 8 752 000 - 64 073 000
2002 – 13 453 000 - 68 788 888
2003 – 15 357 000 - 90 728 000
2004 – 21 230 00 - 110 877 000
2005 – 26 748 000 - 146 854 000
2006 – 58 509 000 - 129 608 000
2007 – 149 036 000 - 203 891 000
2008 – 102 197 000 - 358 084 000
2009 – 36 933 000 - 231 622 000
2010 – 187 225 000 - 180 959 000
2011 – 143 466 000 - 245 871 000
2012 – 226 194 000 - 213 468 000
2013 – 137 551 000 - 254 266 000
2014 – 207 365 000 - 287 172 000
2015 – 104 190 000 - 252 974 000
2016 – 68 250 000 - 213 763 000
2017 – 30 222 000 - 55 034 000 (სამი თვე)
პირდაპირი უცხოური ინვესტიციები აშშ-დან (1997-2017)
1997 – 96 651 000
1998 – 104 427 000
1999 – 59 151 000
2000 – 38 717 000
2001 – 23 281 000
2002 – 82 183 000
2003 – 72 064 000
2004 – 81 164 000
2005 – 15 025 000
2006 – 182 651 000
2007 – 84 412 000
2008 – 167 920 000
2009 – 59 000 000
2010 – 135 818 000
2011 – 28 106 000
2012 – 20 254 000
2013 – 44 813 000
2014 – 181 866 000
2015 – 18 449 000
2016 – 45 017 000