მაია ფანჯიკიძე ჰილარი კლინტონმა მიიღო

აშშ-ს სახელმწიფო მდივანი, ჰილარი კლინტონი

დღეს ვაშინგტონში სახელმწიფო მდივანმა ჰილარი კლინტონმა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაია ფანჯიკიძე მიიღო.

„მოხარული ვარ, რომ ვაშინგტონში იმყოფება საქართველოს ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი. ჩვენი დიპლომატიური ურთიერთობა უკვე 20 წელს ითვლის და ველით თანამშრომლობის გაგრძელებას საქართველოს მთავრობასთან და ქართველ ხალხთან. ოქტომბერში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნები იყო წარმატებული და ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი საქართველოში დემოკრატიის შემდგომი განვითარებისთვის, ასევე საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების შესრულებისთვის,“ - განაცხადა ქალბატონმა კლინტონმა.

მისი თქმით, შეერთებული შტატები მხარს უჭერს საქართველოში ხელისუფლების მშვიდობიანი გადაცემის პროცესს, რომელიც წარმოადგენს ახალი არჩევნების შედეგს და ვაშინგტონს იმედი აქვს, რომ ის წარიმართება გამჭვირვალედ და კანონიერების დაცვით.

„ამდენად, ჩვენ მოხარული ვართ ამ შეხვედრის და ველით სხვა შეხვედრებსაც. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მხარდასაჭერად არა მხოლოდ ქვეყნის შიგნით, არამედ საქართველოსთან ერთად ვმუშაობთ ავღანეთში, ნატო-საქართველოს კომისიაში და კიდევ ბევრ სფეროში,“ - დასძინა ჰილარი კლინტონმა.

„ჩემთვის დიდი პატივია აქ ყოფნა და მადლობას მოგახსენებთ ჩემი მოწვევისთვის არჩევნების შემდეგ ასე მოკლე დროში (...) დარწმუნებული ვარ, შეგვიძლია განვიხილოთ ჩვენი თანამშრომლობის საკითხები შეერთებულ შტატებთან. ჩვენ ვამაყობთ შეერთებულ შტატებთან პარტნიორობით. (...) ჩვენ საუბარი გვექნება საქართველოს შიდა და საგარეო გამოწვევებზე (...) და მომავალში თქვენი დახმარების და მხარდაჭერის იმედი გვაქვს,“ - განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ.